კობახიძე პუტინთან ერთად თურქმენეთის სამიტს დაესწრო

2 hours ago 2

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და სხვა რეგიონულ ლიდერებთან ერთად საერთაშორისო ფორუმს დაესწრო.

„მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლის“ ფორუმი, რომელიც თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტის 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად იმართება, სახელმწიფოებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

ფორუმს თურქმენეთის, რუსეთის, თურქეთის, სომხეთის, ყირგიზეთის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთისა და ერაყის პრეზიდენტები, ასევე აზერბაიჯანის, საქართველოსა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრები დაესწრნენ.

ეს კობახიძის მესამე ოფიციალური ვიზიტია თურქმენეთში 2025 წელს. მას თან ახლავს „ქართული ოცნების“ დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.

ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თურქმენეთის ნეიტრალურ სტატუსზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ზუსტად სამი ათწლეულის წინ, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელიც ოფიციალურად ადასტურებს თქვენი ქვეყნის ნეიტრალურ სტატუსს“. მან ასევე ყურადღება გაამახვილა რუსეთსა და თურქმენეთს შორის ორმხრივ თანამშრომლობაზე, მათ შორის ეკონომიკურ და სოციალურ კავშირებზე.

მისი სიტყვით გამოსვლისას კობახიძე დარბაზში იმყოფებოდა.

კობახიძემ თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ სესიის თემა მკაფიოდ ასახავს საქართველოს ღირებულებებსა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს.

„დღეს უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, გლობალური საზოგადოება დგას რთული გამოწვევების წინაშე, გეოპოლიტიკური დაძაბულობით დაწყებული – შეიარაღებული კონფლიქტებით, კლიმატის ცვლილებითა და ეკონომიკური არასტაბილურობით დამთავრებული“, – განაცხადა კობახიძემ. „ამ კონტექსტში მშვიდობისა და ნდობის პრინციპები არ მხოლოდ იდეალები, არამედ გლობალური სტაბილურობის უზრუნველყოფის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტებია“.

საქართველოში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე საუბრისას, კობახიძემ განაცხადა: „ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის მიმდინარე ოკუპაციის რეალობასთან ერთად, საქართველო მშვიდობას არა მხოლოდ პოლიტიკურ არჩევანად, არამედ ეგზისტენციალურ პრიორიტეტად მიიჩნევს“.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა