კობახიძე “უსამართლო” ქვეყნების სიას აანონსებს

1 week ago 3

ირაკლი კობახიძე აანონსებს, რომ აპირებენ შექმნან ქვეყნების სია, რომლებსაც “უსამართლო დამოკიდებულება აქვთ საქართველოს მიმართ”. “უსამართლო დამოკიდებულებაში” კობახიძე გულისხმობს კრიტიკას “ქართული ოცნების” ანტიდემოკრატიული ნაბიჯების მიმართ.

როგორც კობახიძემ აზერბაიჯანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, კონკრეტული ძალების სახელით მოქმედებენ კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები.

„ქვეყნების სიაც გვექნება, რომლებსაც აქვთ უსამართლო დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ, თუმცა დღეს არ მინდა, ეს ქვეყნები  დავაკონკრეტო, იმისათვის, რომ მათ დავუტოვოთ შანსი, შეიცვალონ საკუთარი ქცევა. მთლიანობაში ჩანს, რომ გავლენიანი ძალები მოქმედებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ესენი არიან ის ძალები, რომლებსაც საქართველოში უნდოდათ მეორე ფრონტის გახსნა, ამას ვერ მიაღწიეს და სწორედ ამის გამო უპირისპირდებიან ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხელისუფლებას“, – განაცხადა კობახიძემ.

“ქართული ოცნების” შეთქმულების თეორიაა, რომ თითქოს არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელშიც შედიან ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, ადგილობრივი და უცხოური მედიასაშუალებები, ოპოზიციონერები, ასევე საქართველოს დასავლელი მეგობრები, ევროპარლამენტარები, სენატორები და ა.შ. ამ ყველას კი ერთი მიზანი ამოძრავებთ – ცდილობენ, საქართველო ჩართონ რუსეთის წინააღმდეგ ომში მეორე ფრონტად.

“ოცნებას” ამ ბრალდების დამადასტურებელი არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, ვერც აკონკრეტებს ვინ არის “გლობალური ომის პარტიის” ხელმძღვანელი.

სინამდვილეში, ყველას ვისაც “ოცნება” “გლობალური ომის პარტიაში” მოიაზრებს, ერთი რამ აერთიანებთ – სხვადასხვა დროს სხვადასხვა საკითხის გამო საქართველოს ხელისუფლება გაუკრიტიკებიათ.

“მეგობრული” და “არამეგობრული” ქვეყნების სიები აქტუალურია რუსეთში, სადაც ის ქვეყნები, რომლებმაც უკრაინაში შეჭრის გამო მოსკოვს სანქციები დაუწესეს, “არამეგობრული” ქვეყნების სიაში შეიყვანეს, ხოლო ისინი, ვისთანაც მჭიდრო ურთიერთობები აქვთ – მეგობრულში.

სრულად წაკითხვა