WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე დადებითად შეაფასა საქართველოსა და ჩინეთს შორის მზარდი ეკონომიკური კავშირები და ხაზი გაუსვა მთავრობის ძალისხმევას ახალი ბაზრების ათვისების მიმართულებით, მათ შორის სამხრეთ კორეასთან, სერბეთსა და ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოსთან მიმდინარე სავაჭრო მოლაპარაკებების გზით.

ჩინეთზე საუბრისას კობახიძემ ხაზი გაუსვა ექსპორტისა და ინვესტიციების ზრდას, გაფართოებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასა და ორ ქვეყანას შორის გაზრდილ პირდაპირ ავიარეისებს.

„ჩინეთთან ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობის გაფართოება“, – განაცხადა კობახიძემ და აღნიშნა, რომ გაფართოებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას უკვე აქვს „კონკრეტული ხელშესახები შედეგი“.

„იანვარ-აგვისტოში, მიმდინარე წლის პირველ 8 თვეში, ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტი გაიზარდა 177%-ით“, – განაცხადა მან. „იმ შეთანხმებებს, რომლებსაც ჩვენ ვდებთ, ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით, აქვს კონკრეტული შედეგები და ეს მაჩვენებელი ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო გამოხატულებაა“.

მან ასევე აღნიშნა, რომ კვირაში 14 ავიარეისი სრულდება საქართველოსა და ჩინეთს შორის, რასაც „ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მათ შორის, ეკონომიკური თვალსაზრისით“.

კობახიძის თქმით, ჩინეთიდან ინვესტიციები იზრდება. „ჩინეთმა დაიკავა პირველი ადგილი, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით ჩინეთიდან შემოსულმა ინვესტიციებმა შეადგინა 236 მლნ დოლარი“, – აღნიშნა მან.

„საქსტატის“ 2026 წლის მეორე კვარტლის წინასწარი მონაცემებით, ჩინეთი ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციების კუთხით სიის სათავეშია და მან გაერთიანებული სამეფო ჩაანაცვლა.

კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ მთავრობა „ძალიან აქტიურად“ მუშაობს შუა აზიის მიმართულებით და რომ „სერიოზული ხელშესახები შედეგი გვაქვს“.

„ასევე აქტიურ ფაზაშია მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებზე კორეის რესპუბლიკასთან, ასევე, სერბეთთან და ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოსთან“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ ამ პროცესის დასრულების შედეგად, საქართველო 120-მილიონიან ბაზარზე მიიღებს წვდომას, რაც „სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია“.

This post is also available in: English