გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე საქართველოს არა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, არამედ "ოცნების" პარლამენტის მიერ პრეზიდენტად არჩეული მიხეილ ყაველაშვილი წარადგენს - 1 სექტემბერს ჟურნალისტებთან საუბარში კობახიძემ თქვა, რომ ამ ასე "უმჯობესია". მისივე განმარტებით, ყაველაშვილი საერთაშორისო საზოგადოებას მშობლიურ ენაზე, ქართულად მიმართავს.
"ჩვენ შევთანხმდებით, გვექნება კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით. ვფიქრობ უმჯობესია, საქართველოს პრეზიდენტი ეწვიოს გაეროს, მათ შორის, ტექნიკური მიზეზიც აქვს ამ ყველაფერს, არის საარჩევნო რეჟიმი და მე, როგორც შტაბის ხელმძღვანელი, უშუალოდ ვარ ჩართული საარჩევნო პროცესებში, შესაბამისად, ფიზიკურადაც რთულია ჩემთვის გაეროში სტუმრობა. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა მიზეზის გამო, ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, წელს გაეროს ესტუმროს მიხეილ ყაველაშვილი. საქართველოს პრეზიდენტის ჩასვლა ნიუ-იორკში არის აბსოლუტურად სწორი“, – თქვა ირაკლი კობახიძემ. ის "ოცნების" სხვა წევრებთან და ლიდერებთან ერთად დღეს პარტიის ოფისში თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას ესწრებოდა და ჟურნალისტების კითხვებზე სწორედ ამ ღონისძიების დასრულების შემდეგ უპასუხა.
გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესია სამშაბათს, 9 სექტემბერს გაიხსნება, მსოფლიო ლიდერების მონაწილეობით გენერალური დებატები კი 23-29 სექტემბერს შედგება. ირაკლი კობახიძე ასამბლეაზე საქართველოს გასულ წელს წარმოადგენდა - ამ დროს პრეზიდენტი ჯერ კიდევ სალომე ზურაბიშვილი იყო, რომელთანაც "ქართულ ოცნებას" დაძაბული ურთიერთობა და კონფრონტაციული სამუშაო რეჟიმი ჰქონდა.