კომუნიკაციების კომისიის მესამე კვარტლის მონაცემები აჩვენებს, რომ სახელისუფლებო მაუწყებლების, კერძოდ, ტელეკომპანია „იმედისა“ და „რუსთავი 2“-ის კომერციული სარეკლამო შემოსავლები მკვეთრად შემცირდა. კლება შეინიშნება როგორც წინა კვარტლებთან, ისე წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
კომუნიკაციების კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ტელეკომპანია „იმედის“კომერციული შემოსავლები, რომელიც გაერთიანებული სამეფოს სანქციების ქვეშ თებერვალში მოექცა, მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, 63%-ით, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 79%-ით შემცირდა.
მესამე კვარტალში მაუწყებლის შემოსავალმა 2.95 მილიონი ლარი შეადგინა. შედარებისთვის, მეორე კვარტალში ეს მაჩვენებელი 8.05 მილიონი ლარი იყო, ხოლო პირველ კვარტალში – 10.81 მილიონი ლარი. ასევე, მკვეთრი კლება ფიქსირდება 2025 წლის მესამე კვარტალთან შედარებით, როდესაც შემოსავალი 14 366 310 ლარს შეადგენდა.
ამავდროულად, შემოსავლების მკვეთრი კლება დაფიქსირდა „რუსთავი 2“-ის შემთხვევაშიც, რომელიც გაერთიანებული სამეფოს სანქციების ქვეშ არ მოქცეულა. მესამე კვარტალში არხის შემოსავალი 1.96 მილიონ ლარამდე შემცირდა (მეორე კვარტალში ეს მაჩვენებელი 9.75 მილიონი ლარი იყო). კლება შეინიშნება 2025 წლის მესამე კვარტალთან შედარებითაც, როდესაც შემოსავალი 6.7 მილიონ ლარს შეადგენდა.
შემოსავლების კლება აღინიშნება POSTV-ის შემთხვევაშიც, რომელიც თებერვალში გაერთიანებული სამეფოს სანქციების ქვეშ მოექცა, თუმცა აქ კლება შედარებით ნაკლებად მკვეთრია. არხის შემოსავალი მეორე კვარტალში არსებული 1.18 მილიონი ლარიდან მესამე კვარტალში 967 909 ლარამდე შემცირდა. მაუწყებლის შემოსავლები წინა წელთან შედარებით ნახევარზე მეტით შემცირდა. 2025 წლის მესამე კვარტალში არხმა 1 927 863 ლარის შემოსავალი დააფიქსირა.
მცირედი კლება დაფიქსირდა ოპოზიციურად განწყობილი არხების კომერციულ შემოსავლებშიც: ტელეკომპანია „ფორმულას“ შემოსავალი მეორე კვარტალში არსებული 1.18 მილიონი ლარიდან მესამე კვარტალში 1.08 მილიონ ლარამდე შემცირდა. თუმცა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როდესაც არხმა 820 800 ლარის შემოსავალი მიიღო, „ფორმულას“ შემოსავლები, წინა წელთან შედარებით, გაიზარდა.
რაც შეეხება „ტვ პირველს“, მისი შემოსავალი მეორე კვარტალში არსებული 1.37 მილიონი ლარიდან 2026 წლის მესამე კვარტალში 1 004 197 ლარამდე შემცირდა. კლება დაფიქსირდა წინა წელთან შედარებითაც (2025 წლის მესამე კვარტალში შემოსავალი 1 260 617 ლარს შეადგენდა).
ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ქართული არხები ფინანსური ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდნენ. კერძოდ, 2025 წლის აპრილში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილმა ცვლილებებმა შეზღუდა მათი წვდომა უცხოურ დაფინანსებაზე და, ამავდროულად, კონტროლი დაუწესა შინაარსზე, რამაც არხები ფინანსური სანქციების რისკის ქვეშ დააყენა.
ტელეკომპანია „იმედი“ წლების განმავლობაში დომინირებდა საქართველოს სატელევიზიო სარეკლამო ბაზარზე და, სულ მცირე, 2021-დან 2025 წლის ჩათვლით, ყოველწლიურად ყველაზე მაღალ კომერციულ სარეკლამო შემოსავალს იღებდა ქართულ ტელეარხებს შორის. მან ლიდერობა 2026 წლის პირველ კვარტალშიც შეინარჩუნა, თუმცა მეორე კვარტალში პირველობა „რუსთავი 2“-მა გადაიბარა.
This post is also available in:
civil ახალი ამბები