WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

კონრად ადენაუერის ფონდმა განაცხადა, რომ საქართველოში ოცწლიანი საქმიანობის შემდეგ, 30 სექტემბერს თბილისში არსებული წარმომადგენლობა დახურა. ფონდის განმარტებით, მან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, თავისი საქმიანობის გასაგრძელებლად კანონით გათვალისწინებული განაცხადი შეიტანა, თუმცა მთავრობის ადმინისტრაციამ უარი უთხრა ფონდს წარდგენილი განაცხადის დაკმაყოფილებაზე.

„თბილისში ჩვენი წარმომადგენლობის დახურვა საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი პოლიტიკური და სამართლებრივი გარემოს პირდაპირი შედეგია. შექმნილ პირობებში კონრად ადენაუერის ფონდი საქართველოში ვეღარ ახერხებს თავისი მისიის შესრულებას“, – განაცხადა ფონდმა 1 ოქტომბერს.

2025 წელს „გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილმა ცვლილებებმა უცხოელი დონორებისთვის ადგილობრივი გრანტების გაცემაზე მთავრობის სავალდებულო თანხმობის მიღების მოთხოვნა დააწესა, ხოლო 2026 წლის მარტის ცვლილებებმა ეს შეზღუდვები კიდევ უფრო გააფართოვა და ის უცხოური ორგანიზაციებიც მოიცვა, რომლებსაც საკუთარი ადგილობრივი ფილიალებისთვის დაფინანსების გამოყოფა სურდათ.

„ახალი სამართლებრივი გარემოს პირობებში საქმიანობის გასაგრძელებლად, გერმანიის ფედერალური მთავრობის მხრიდან, არაერთი მცდელობის მიუხედავად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა“, – აღნიშნა ფონდმა და დასძინა, რომ „მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან ფონდის მიერ პროექტების განხორციელების ნებართვის მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდებოდა შესაძლებელი, თუ ისინი აღარ იქნებოდა ფონდის მისიასთან თანხვედრაში“.

ფონდმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოში მხოლოდ ფორმალური ყოფნა, საკუთარი მისიის შესრულების შესაძლებლობის გარეშე, მისთვის მისაღები და მდგრადი ალტერნატივა ვერ იქნება. „შესაბამისად, ოფისის დახურვა საქართველოს მთავრობის მიერ ფონდის საქმიანობის შეზღუდვის გარდაუვალი შედეგია“.

„2003 წლიდან კონრად ადენაუერის ფონდი საქართველოში დემოკრატიის, სამართლის უზენაესობის, საპარლამენტო განვითარებისა და ევროინტეგრაციის ხელშეწყობის მიმართულებით საქმიანობდა. ფონდის საქმიანობა ფინანსდება გერმანიის ფედერალური ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ), გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს (AA) და ევროკავშირის მიერ გამოყოფილი სახსრებით“, – ნათქვამია ფონდის განცხადებაში.

თუმცა ფონდმა აღნიშნა, რომ ის კვლავაც შეინარჩუნებს კავშირს საქართველოსთან, ისევე როგორც თავის მრავალწლიან პარტნიორებთან. ამასთან, საქართველოში მისი იურიდიული რეგისტრაცია ძალაში რჩება, რათა „პოლიტიკური გარემოს შეცვლის შემთხვევაში ქვეყანაში დაბრუნების შესაძლებლობა მოგვეცეს“, – დასძინა ფონდმა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა ნონა ქურდოვანიძემ ფონდის გადაწყვეტულება მარტში მიღებულ ცვლილებებს დაუკავშირა, რომელთა ფარგლებშიც დაფინანსების მიღებაზე მთავრობის თანხმობის მიღების ვალდებულება უცხოური ორგანიზაციების ადგილობრივ ფილიალებზეც გავრცელდა.

„ასეთ შემთხვევაში მთავრობის უარი არ შეიძლება აღიქმებოდეს მხოლოდ გრანტის გამოყენებაზე/მიცემაზე უარის თქმად და ფაქტობრივად უთანაბრდება ორგანიზაციის ქვეყნიდან გაძევებას“, – წერს ქურდოვანიძე „ფეისბუქზე“.

This post is also available in: English