თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის თანამშრომლის, ქრისტინა ჩუბინიძის თქმით, სამსახურიდან გაათავისუფლეს. მისი თქმით, შრომითი ხელშეკრულება 31 დეკემბერს შეუწყვიტეს, თუმცა ამის შესახებ მხოლოდ გუშინ, 13 იანვარს გაიგო.
“სამსახურიდან გამათავისუფლეს. პოლიტიკური ნიშნით, უფრო სწორად, კონსტიტუციის და ქვეყნის ევროპული ღირებულებების ერთგულების გამოხატვის გამო. არ გვაპატიეს კონსტიტუციის ერთგულება, ქვეყნის ევროპული კურსის მხარდამჭერ განცხადებაზე ხელის მოწერა.
31 დეკემბერს შეწყვეტილი შრომითი ურთიერთობის ფაქტს ოფიციალურად ვიგებ გუშინ, 13 იანვარს, ისიც ჩემი მოთხოვნით მომეწოდა ინფორმაცია… შევეშვათ იურიდიულ შეფასებას. ადამიანურად ამ დამოკიდებულებამ ძალიან, ძალიან მატკინა გული”, – წერს ჩუბინიძე.
ის მის გათავისუფლების წინაპირობად მერის, კახა კალაძისა და “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებებს მიიჩნევს, რომლებიც “სათანადო რეაგირებით, დაემუქრნენ იმ საჯარო მოხელეებს, რომლებმაც საჯაროდ დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად.
ჩუბინიძე საუბრობს იმ წნეხზეც, რაც ბოლო კვირების განმავლობაში, უწყვეტი პროევროპული აქციების პარალელურად, თბილისის მერიაში არსებობს. მისივე თქმით, ამ წნეხის შემდეგ საჯარო მოხელეთა ნაწილმა, რომლებმაც თავდაპირველად ხელი მოაწერეს ქვეყნის ევროპული პერსპექტივის მხარდამჭერ განცხადებას, მოგვიანებით ეს ხელმოწერები გააუქმეს.
“თბილისის მერმა “პირნათლად” შეგვისრულა დანაპირები, კობახიძეც პირნათლად ასრულებს გაცხადებულ რეპრესიებსა და “თვითწმენდას”. რა აღარ დაგვაბრალეს, საჯაროდ რა განცხადებები არ გაკეთდა, უშუალოდ სამსახურშიც რა აღარ გამოვიარეთ, ინტენსიურად ითხოვდნენ გაგვეტანა ხელმოწერები, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, გარკვეულმა ნაწილმა მაინც შევძელით ბოლომდე და მტკიცედ დგომა. 240-მდე ხელმოწერებს ეტაპობრივად, სხვადასხვა პერიოდით აკლდებოდა სხვადასხვა რაოდენობის ხელმომწერი. ხელმოწერა ამჟამად ჩამოსულია 183-ზე. ამაზე თავად განსაჯეთ რა ხდებოდა და რა ხდება. ეს მოკლე აღწერა, აღარ მინდა დეტალებში შესვლა და განვრცობა. ისედაც დიდი სტრესი გამოვიარე და საჯაროდ ამაზე პოსტის დაწერაც კი ჩემთვის ძალიან რთულია.
რაც მამშვიდებს და მაძლიერებს, არის ის, რომ 2022 წლიდან ამ დრომდე პირნათლად და დაუღალავად ვიმსახურე ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიულ საქალაქო სამსახურში. არ დამიკლია არც შრომა, არც მონდომება და არც ენერგია. არც ჩემი ცოდნა და გამოცდილება მიმიკუთვნებია რომელიმე პარტიისთვის. ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო ის პასუხიმგებლობა და ვალდებულები, რაც ამ პოზიციამ დამაკისრა. ეს იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი. ასევე რაც მამშვიდებს არის ის, რომ კონკურსის წესით ამირჩიეს. ჩემი და საჯარო სამსახურის ურთიერთობა 2012 წლიდან დაიწყო. ყველა, აბსოლუტურად ყველა საჯარო უწყებაში, სადაც კი მიმუშავია, ჩემი შრომით მოვხვდი, ყველგან კონკურსის გზით. რა წვალება და გზა მაქვს გავლილი, ირგვლივ ყველა ახლობელმა ადამიანმა იცის”, – წერს ჩუბინიძე.
ის მადლობას უხდის იმ თანამშრომლებსაც, რომლებიც წნეხის გამო ვერ ახერხებენ საკუთარი პოზიციის საჯაროდ დაფიქსირებას, თუმცა სოლიდარულები არინა მათ მიმართ, ვინც ეს გაბედა. ასევე, მადლობას უხდის უკვე გათავისუფლებულ საჯარო მოხელეებს ერთმანეთის მიმართ სოლიდარობისა და ერთმანეთის მხარდაჭერისთვის. ჩუბინიძე მადლობას უხდის იმ ორგანიზაციებსა და რიგით მოქალაქეებს, რომლებიც მხარს უჭერენ და ეხმარებიან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ საჯარო მოხელეებს
“12 იანვარს, თავის დაბადების დღეზე, უკრაინაში ქართველი მებრძოლი ჯარისკაცი – კახა თილიძე დაიღუპა. ჩემი ოჯახის ახლობელი… კაცი, რომელიც წარმოუდგენელი შემართებით და სულისკვეთებით ბოლომდე იცავდა საქართველოს თავისუფლებას. რუსებისგან! ანდერძიც დაგვიტოვა – გაუფრთხილდით ჩვენს საქართველოსო, ჩვენ ჩვენს წილს ვუფრთხილდებით, თქვენ თქვენსას გაუფრთხილდითო.
ნუთუ ვერ უნდა შევძლოთ ჩვენი წილის გაფრთხილება და დაცვა? ეს იყო ჯარისკაცი, რომელსაც შეეძლო ამერიკაში ძალიან, ძალიან კარგი ცხოვრებით ეცხოვრა. არც არავინ განსჯიდა ამისთვის, ომში ბრძოლის გარეშეც თავისებურად იბრძოლებდა. იბრძოლებდა ისე, როგორც ახლა ჩვენ ჩვენი მოკრძალებული ბრძოლა გვაქვს. მაგრამ არა! ფრონტის ხაზზე ყოფნა ამჯობინა. დროებით სამკაულებს არ გაეკიდა. ვერ შეძლო სხვანაირად. ასეთი გმირების ფონზე ზოგჯერ ჩემი არსებობისაც კი მრცხვენია… ამ ყველაფრის ფონზე ჩემი ამ ამბის გაზიარებაც არ მინდოდა. მაგრამ ჩვენ ყველას ჩვენ ჩვენი სათქმელი და საბრძოლველი გვაქვს. თურმე მართლაც ასე ყოფილა”, – წერს ჩუბინიძე სოციალურ ქსელში.
“ნეტგაზეთი” თბილისის მერიას დაუკავშირდა. უწყების პრესსამსახურმა მიგვითითა მერის, კახა კალაძის გუშინდელ კომენტარზე, სადაც ის ამტკიცებს, რომ თანამშრომლებს პოლიტიკური ნიშნით არ ყოფს. კალაძე ყურადღებას ამახვილებს ამ ადამიანების გათავისუფლების ფორმალურ საფუძველზე – ხელშეკრულების ვადის ამოწურვაზე.
“როდის გაგიგიათ, რომ საპროტესტო აქციაზე დგომის გამო, ვინმე გაგვეშვას? საზოგადოებას და მითუმეტეს თანამშრომლებს არანაირი პოლიტიკური ნიშნით არ ვყოფთ როცა დასაქმებულთან ხელშეკრულება სრულდება, ვიღებთ გადაწყვეტილებას – ან ვაგრძელებთ, ან – არა. შესაბამისად, გადაწყვეტილება მიიღეს სამსახურების ხელმძღვანელებმა”, – განაცხადა კალაძემ.
სამოქალაქო ორგანიზაციების კოალიცია “ჩემი ხმა” საჯარო სამსახურებიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებების ტენდენციას გუშინ, სპეციალური პრესკონფერენციით გამოეხმაურა. კოალიციის ერთ-ერთმა სპიკერმა, ყოფილა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ პოლიტიკური მოტივით გათავისუფლებების ფორმალური საფუძველი, ძირითადად, ხელშეკრულების ვადის გასვლაა, თუმცა, რეალურად გათავისუფლებულები არიან ის ადამიანები, ვინც ხელი მოაწერეს საპროტესტო განცხადებებს, მონაწილეობდნენ დემონსტრაციებში, საჯარო, მათ შორის, სოციალურ მედიაში აკრიტიკებდნენ “ქართული ოცნების” ძალადობრივ ქმედებებს მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ.
2024 წლის დეკემბრის ბოლოდან დღემდე არაერთი საჯარო უწყებიდან არაერთი საჯარო მოხელე მოულოდნელად გაათავისუფლეს. ისინი ამ პროცესს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებენ. საჯარო სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას აადვილებს 2024 წლის ბოლოს, “ქართული ოცნების” მიერ დაჩქარებული წესით, 2 დღეში დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელსაც მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციის დღესვე, 29 დეკემბერს, 27 სხვა კანონპროექტთან ერთად მოაწერა ხელი.