კონსტიტუციონალისტის თქმით, თადუმაძის სურვილი, ლიეტუვას ევროსასამართლოში უჩივლოს, სამართლებრივი უვიცობაა

3 days ago 1

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე შალვა თადუმაძე გეგმავს, ლიეტუვის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართოს, რასაც კონსტიტუციონალისტი დავით ზედელაშვილი სამართლებრივ უვიცობას უწოდებს.

შალვა თადუმაძემ “ქართული ოცნების” საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილი მისწერა, რომელშიც მას სთხოვს, რომ ლიეტუვის ელჩი სამინისტროში დაიბაროს და ამ შეხვედრას დაასწროს:

“რათა ოფიციალური პირისაგან განმემარტოს, თუ რის საფუძველზე მიიღო ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა საღ აზრს მოკლებული გადაწყვეტილება და მომიხსენია დასანქცირებულთა სიაში, როგორც „ქართველი პოლიტიკოსი.

ასევე მსურს, მივიღო ოფიციალური განმარტება, თუ რა მტკიცებულებებისა და ინფორმაციის საფუძველზე მიმიჩნია ლიეტუვის სახელმწიფომ საქართველოში ადამიანის ძირითადი უფლებების უხეშ დამრღვევად, მაშინ, როდესაც ჩემი სამოსამართლო კარიერის განმავლობაში განხილული მაქვს ხუთი ათასამდე სისხლის სამართლის საქმე და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაჩივრდა მხოლოდ ორი საქმე. (გიორგი უგულავას და დავით კეზერაშვილის საქმეები)

ჩემი თქვენდამი თხოვნისა და ელჩთან შეხვედრის აუცილებლობას განაპირობებს ის გარემოება, რომ სამომავლოდ დაგეგმილი მაქვს, მივმართო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ლიეტუვის წინააღმდეგ, რათა სამართლებრივი გზით აღვიდგინო ლიეტუვის სახელმწიფოს მხრიდან ხელყოფილი ჩემი ძირითადი უფლებები და თავისუფლებები”, – აღნიშნულია წერილში.

კონსტიტუციონალისტ დავით ზედელაშვილის განცხადებით, შალვა თადუმაძე სამართლებრივად სრულად უვიცია:

“ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ადამიანი არის სამართლებრივად სრულად უვიცი: სუვერენული პრეროგატივის სასამართლო კონტროლი სტრასბურგის მიერ არ ხორციელდება. საერთოდ, სასამართლოს მიერ არ ხორციელდება, არსად. უცხო ქვეყნის მოქალაქეს აქვს ლიეტუვაში შესვლის მოთხოვნის ნულოვანი უფლება. სრულად ლიეტუვის სუვერენული პრეროგატივაა, ვის შეუშვებს და ვის არა. უფლება არ არსებობს და ეს სასამართლოში ითხოვს დაცვას. ამას სტრასბურგი ჩინჩალაძის დუქანი ჰგონია”, – წერს ზედელაშვილი ფეისბუქის გვერდზე.


საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, დავით ჯანდიერი მიიჩნევს, რომ მიმართვის შემთხვევაში, საჩივარი დაუშველად იქნება ცნობილი:

“კონვენციის მე-4 ოქმის მე-2 მუხლი, რომელიც განამტკიცებს მიმოსვლის თავისუფლებას, არ ანიჭებს უფლებას პირს მოიპოვოს ვიზა, რათა შევიდეს ან დარჩეს მოცემულ სახელმწიფოში და შესაბამისად, გაასაჩივროს ამგვარი უარი (Consorts Demir v. France, 2006, § 23).

უფრო ზოგადადაც, არ არსებობს კონვენციით ან მისი რომელიმე სხვა ოქმით გარანტირებული უფლება უცხოელის შესვლის, ცხოვრების ან დარჩენის კონკრეტულ ქვეყანაში (Makuc and Others v. Slovenia (dec.), 2007, § 210; Yildirim v. რუმინეთი (dec.), 2007).

შესაბამისად, შალვა თადუმაძის საჩივარი დაუშველად იქნება ცნობილი Ratione Materiae შეუთავსებლობის, ე.ი. სასამართლოს საგნობრივი კომპეტენციის არქონის საფუძვლით,” – წერს დავიტ ჯანდიერი ფეისბუქ გვერდზე.

ლიეტუვამ საქართველოში „ოცნების“ 17 მაჩალჩინოსანი, მათ შორის ირაკლი კობახიძე და შალვა თადუმაძე 15 დეკემბერს დაასანქცირა. 

ყოფილ გენერალურ პროკურორს, შალვა თადუმაძეს, რომელიც 2019 წლიდან უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეა, დიპლომში მითითებული აქვს, რომ სასწავლებელში 1993 წელს ჩააბარა, მაშინ, როდესაც თავად ინსტიტუტი 1994 წელს დაფუძნდა.

თადუმაძე განმარტავს, როგორ დაამთავრა 1993-98 წლებში 1994 წელს დაფუძნებული ინსტიტუტი

სრულად წაკითხვა