კონცერტის მიმდინარეობისას, 10 წლის გოგონამ სცენაზე გონება დაკარგა – ფსიქოლოგისა და განათლების სფეროს წარმომადგენლის კომენტარები

6 days ago 9

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპი ეთერში, კონცერტის მიმდინარეობისას, 10 წლის გოგონამ სცენაზე გონება დაკარგა და უგონოდ დაეცა, თუმცა რამდენიმე წუთის განმავლობაში ეს ფაქტი რეაგირების გარეშე დარჩა. ინციდენტის ამსახველმა ვიდეომ, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა, დიდი გამოხმაურება გამოიწვია  და არაერთი კითხვა გააჩინა ბავშვების უსაფრთხოებისა და მსგავსი სიტუაციების მართვასთან დაკავშირებით.

განათლების სფეროს სპეციალისტების შეფასებით, სკოლებისა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების როლი მსგავს შემთხვევებში ძირითადად პრევენციული და კოორდინაციულია. მათი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვების მონაწილეობა სხვადასხვა აქტივობაში წინასწარ იყოს შეფასებული უსაფრთხოების თვალსაზრისით, მათ შორის ჯანმრთელობის შესაძლო რისკების გათვალისწინებით.

„სკოლებში და ზოგადად საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებობს წესები და რეგულაციები, რომლებიც აღწერს, როგორ უნდა იმოქმედონ საგანგებო სიტუაციებში, თუმცა განსხვავება არის მათ არსებობასა და რეალურ პრაქტიკაში გამოყენებას შორის“, — აცხადებს გლობალური განათლების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი ლიკა ოხანაშვილი.

მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში რეგულაციები ფორმალურად არსებობს, თუმცა მათი პრაქტიკული შესრულება გამოწვევად რჩება. „მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს არა მხოლოდ დოკუმენტებს, არამედ მათ რეალურ განხორციელებას“, — აღნიშნავს ის.

ოხანაშვილი ასევე ამბობს, რომ თანამედროვე სკოლა მხოლოდ აკადემიური ცოდნის გადაცემით არ უნდა შემოიფარგლოს და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე უნდა იყოს ორიენტირებული, მათ შორის ემპათიისა და პასუხისმგებლობის უნარების ჩამოყალიბებაზე.

მისი თქმით, მსგავსი პროცესების მართვა მხოლოდ სკოლის პასუხისმგებლობა არ არის და მასში ჩართული უნდა იყვნენ ის ორგანიზაციებიც, რომლებიც საჯარო ან საგანმანათლებლო ღონისძიებებს ატარებენ. მისი განცხადებით, აუცილებელია შესაბამისი პერსონალის მომზადება და პირველადი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა.

„თანამედროვე სკოლა აღარ არის მხოლოდ ცოდნის გადაცემის სივრცე — ის უნდა ზრუნავდეს მოსწავლეების მრავალმხრივ განვითარებაზე, მათ შორის ემპათიის, ურთიერთმხარდაჭერისა და პასუხისმგებლობის უნარების ჩამოყალიბებაზე. პრობლემური სიტუაციების მართვა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა ყველა რგოლი — სკოლა, მასწავლებელი, მოსწავლე და ორგანიზატორი — წინასწარ არის მომზადებული და იცის, როგორ იმოქმედოს კრიზისის დროს“.

სპეციალისტები ასევე ხაზს უსვამენ ბავშვების ფსიქოლოგიური მდგომარეობის მნიშვნელობას მსგავს შემთხვევებში. მათი თქმით, ფიზიკურ უსაფრთხოებასთან ერთად მნიშვნელოვანია ემოციური რეაქციების გათვალისწინებაც, რადგან სტრესულმა გამოცდილებამ შესაძლოა ბავშვის ფსიქიკაზე ხანგრძლივი გავლენა იქონიოს.

ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგის, მარიამ შოვნაძის თქმით, კრიზისულ სიტუაციებში მოზარდისთვის მნიშვნელოვანია კონკრეტული ინსტრუქციები და არა მხოლოდ ზოგადი მითითებები.

„იმისათვის, რომ მოზარდი ასეთ ეპიზოდში აქტიური დარჩეს, მას სჭირდება კონკრეტული ინსტრუქცია. მნიშვნელოვანია, რომ კრიზისის დროს მან იცოდეს, როგორ ითხოვოს დახმარება და როგორ გაანაწილოს პასუხისმგებლობა“, — აცხადებს ის.

მისი თქმით, დახმარება ყოველთვის არ ნიშნავს უშუალო ფიზიკურ ჩარევას და ხშირად გულისხმობს სწორი გადაწყვეტილების მიღებას — მაგალითად, ზრდასრულისთვის მიმართვას ან სასწრაფო დახმარების გამოძახებას.

ფსიქოლოგი ასევე აღნიშნავს, რომ ზრდასრულების რეაგირება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. „ძალიან სახიფათოა დამოკიდებულება, როცა ბავშვის სიგნალი იგნორირდება ფრაზებით — ‘არაფერია’ ან ‘არაფერი მოუვა’“, — ამბობს შოვნაძე.

მისი თქმით, რეაგირების დაგვიანებამ შესაძლოა გადამწყვეტი წუთები დააკარგვინოს შემთხვევის მონაწილეებს. „დახმარების დროული რეაგირება გადამწყვეტია როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. რამდენად უსაფრთხო იქნება ბავშვის გარემო, დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვრეაგირებთ მსგავს სიტუაციებში“, — აღნიშნავს ფსიქოლოგი.

გონების დაკარგვა: მიზეზები და პირველადი დახმარება

გონების დაკარგვა შეიძლება სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული, მათ შორის სისხლში შაქრის დონის დაცემით, დაბალი არტერიული წნევით, გადაღლით, სიცხით ან დეჰიდრატაციით. ასევე ხშირია შემთხვევები, როცა ძლიერი ემოციური სტრესი ან შოკი დროებით აფერხებს ტვინში სისხლის მიწოდებას, რაც ცნობიერების დაკარგვას იწვევს.

ასეთ დროს პირველადი რეაგირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. უპირველესად საჭიროა გარემოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ადამიანის მშვიდ, უსაფრთხო პოზიციაში მოთავსება, როგორც წესი, ზურგზე დაწვენა და ფეხების ოდნავ აწევა ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას. აუცილებელია სუნთქვის კონტროლი და იმის დაკვირვება, რამდენად სწრაფად უბრუნდება ადამიანი გონებას.

სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ ამ დროს არ შეიძლება ადამიანის მარტო დატოვება, ასევე დაუშვებელია გონზე მოსვლამდე მისთვის საკვების ან წყლის მიცემა. ძალით წამოყენება ან მოძრაობის იძულება ასევე შეიძლება დამატებით რისკს ქმნიდეს.

თუ ადამიანი რამდენიმე წუთის განმავლობაში ვერ მოდის გონზე, სუნთქვა უჭირს ან მიზეზი გაურკვეველია, აუცილებელია სასწრაფო სამედიცინო დახმარების დაუყოვნებლივ გამოძახება. ექიმების თქმით, სწრაფი და სწორი რეაგირება ხშირად გადამწყვეტ როლს ასრულებს მდგომარეობის მართვაში.

ტექსტი: ანი შავიშვილი

სრულად წაკითხვა