WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

აშშ-ის საელჩომ საქართველოში 8 სექტემბერს განაცხადა, რომ კორტნი ოსტრიანი საქმეთა დროებით რწმუნებულის მოვალეობის შესრულებას შეუდგა. მან ამ პოსტზე ემი დიაზი შეცვალა. საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობა ვაკანტური იყო მას შემდეგ, რაც რობინ დანიგანმა თანამდებობა 2025 წლის ივლისში დატოვა.

ემი დიაზი, რომელიც 30 ივლისიდან ელჩის მოვალეობას ასრულებდა, მისიის ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციას დაუბრუნდა.

„მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ აშშ-ის საელჩოში ჩამოვიდა საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი. ემი დიაზი დაუბრუნდა მისიის ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციას“, – დაწერა საელჩომ X-ზე.

აშშ-ის საგარეო საქმეთა სამსახურის კარიერული დიპლომატი, ოსტრიანი 2025 წლის იანვრიდან სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებდა და სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროში დასავლეთ ევროპისა და ევროკავშირის პოლიტიკის საკითხებს კურირებდა. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, მანამდე, იგი ევროკავშირისა და რეგიონულ საქმეთა ოფისის დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

ოსტრიანი ასევე მუშაობდა მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ და ელჩის მოვალეობის შემსრულებლად ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) აშშ-ის მისიაში და სხვადასხვა თანამდებობები ეკავა საზღვარგარეთ, მათ შორის გაერთიანებულ სამეფოში, საქართველოში, უკრაინასა და რუსეთში.

This post is also available in: English