კორძაია ომბუდსმენს: „გამოდით და მოუწოდეთ ხელისუფლებას, არ მიიღოს ეს კანონი“

2 weeks ago 12

დეპუტატი თამარ კორძაია ომბუდსმენს მოუწოდებს, განცხადება გააკეთოს და ხელისუფლებას „რუსული კანონის“ გაწვევისკენ მოუწოდოს.

„ვაცნობიერებ იმ ტვირთს, რაც ავიღე ლევან იოსელიანისთვის ხმის მიცემით და სწორედ ჩემი პასუხისმგებლობაა, გამოვიყვანო ის იმ კომფორტიდან, რომელიც აქვს ამ კანონთან დაკავშირებით. ბატონო ლევან, მოგმართავთ სახალხოდ და მოგიწოდებთ, ჩაატაროთ ბრიფინგი და მოუწოდოთ ხელისუფლებას, არ მიიღოს კანონი“, — განაცხადა თამარ კორძაიამ.

მან ხაზი გაუსვა, რომ სწორედ სახალხო დამცველის რეკომენდაციით, ეუთომ შეუმუშავა დასკვნა 70-გვერდიანი კრიტიკული დასკვნა.

„ეუთო ყოველ გვერდზე ის მიუთითებს იმას, რომ ეს კანონი არღვევს ადამიანის უფლებებს. ამიტომ, მოგიწოდებთ, გამოხვიდეთ. ეს არ არის პოლიტიკური შეფასების საკითხი, ეს არის ადამიანის უფლებების დაცვის საკითხი. სახალხო დამცველის უპირველესი მოვალეობაა, რომ დაიცვას ადამიანის უფლებები პრევენციულად. გამოდით და მოუწოდეთ ხელისუფლებას, არ მიიღოს ეს კანონი“, — მიმართავს კორძაია ლევან იოსელიანს.

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მიიჩნევს, რომ გამჭვირვალობის ლეგიტიმური მიზნის მიღწევა შესაძლებელია ისე, რომ არ იყოს წინააღმდეგობაში სტრატეგიული მოკავშირეების და სამოქალაქო საზოგადოების აღქმასთან წინააღმდეგობაში და არ მოახდენს ვინმეს დემონიზებას.

11 აპრილს საქართველოს ომბუდსმენმა გაავრცელა განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტთან დაკავშირებით.

სახალხო დამცველის მოსაზრებით, „გრანტის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანის და eAIMS მონაცემთა ბაზის მოდიფიცირებით, შესაძლებელია მარტივად იქნას მიღწეული საგარეო დახმარების ნაკადების გამჭვირვალობის და მიმღები ორგანიზაციების ანგარიშვალდებულების გაზრდის ლეგიტიმური მიზანი.

შესაბამისად, სახალხო დამცველის მოსაზრებით, პარლამენტმა არ უნდა მიიღოს არც ერთი სამართლებრივი აქტი, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას საქართველოს კონსტიტუციური მისწრაფების აღსრულებას.

ამასთან, ლევან იოსელიანმა მზაობას გამოხატა, განსახილველი ინიციატივების ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, დამატებითი კონსულტაციები გამართოს კანონპროექტის ავტორებთან.

„გრანტის შესახებ“ კანონის შეცვლა და eAIMS-ის ბაზის მოდიფიცირება | ომბუდსმენის ალტერნატივა

სრულად წაკითხვა