კოფი: საქართველო გადავიდა ევროატლანტიკური გზიდან

2 weeks ago 17

ჰადსონის ინსტიტუტის ევროპის და ევრაზიის ცენტრის უფროსი მკვლევარი, ამერიკელი ანალიტიკოსი ლუკ კოფი აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ლიდერების და განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ანტიდასავლურ განცხადებებს.

კოფის შეფასებით, ეს განცხადებები იყო დაუსაბუთებელი და „სიგიჟის ზღვარზე“.

„შემზარავია ივანიშვილის მუქარა, რომ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს „დასჯის“. ასეთ რამეს ველით ბელარუსისგან, მაგრამ არა — საქართველოსგან“, — წერს კოფი X-ზე.

კოფის თქმით, „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ უწყვეტი მითითება „გლობალურ ომის პარტიაზე“ მას ეუბნება, რომ „ოცნების“ ოფიციალური პირები ძალიან დიდ დროს ატარებენ CPAC-ზე უნგრეთში.

კონსერვატიული პოლიტიკური სამოქმედო კონფერენცია (CPAC) არის 1974 წელს აშშ-ში დაფუძნებული კონსერვატორთა ყოველწლიური შეკრება. ევროპაში კი CPAC სამი წელია, უნგრეთში ტარდება.

„გლობალური ომის პარტიას“ თავად კოფი განმარტავს როგორც აშშ-სა და ევროპულ ქვეყნებს, რომლებიც უკრაინას თავდაცვას ეხმარებიან.

„მე არასოდეს მსმენია, ვინმე ვაშინგტონში ფიქრობდეს, რომ საქართველომ უნდა „გახსნას მეორე ფრონტი“ რუსეთის წინააღმდეგ. ვინც სხვაგვარად ვარაუდობს, იტყუება. ასევე, ეს პარანოიდული აკვიატება „ნაციონალური მოძრაობისა“ და სააკაშვილის მიმართ (ორივე ბოლო ათწლეულზე მეტი ხნის წინ იყვნენ ხელისუფლებაში) მენტალურ დაავადებად იქცა… ბრმაც კი ხედავს, რომ საქართველო გადავიდა ევროატლანტიკური გზიდან“, — წერს კოფი.

ლუკ კოფის შეფასებით, ნათელია, რომ „ქართული ოცნება“:

  • სერიოზულად აღარ განიხილავს ევროატლანტიკური ინტეგრაციას;
  • თანაუგრძნობს და ხშირად ემთხვევა მოსკოვის პოლიტიკას;
  • დააშორა საქართველო ევროკავშირისა და ნატოს წევრობას.

„დიახ, საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, მაგრამ გუშინდელი სიგიჟის შემდეგ, ეს საუბრები არსად მიდის. საქართველოს შიგნით ნებისმიერი ცვლილება ქართველი ხალხისგან უნდა მოდიოდეს. ოქტომბრის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. გრძელი და ცხელი ზაფხული იქნება. ჩემს მეგობრებს „ქართულ ოცნებაში“ — თქვენ იცით, რომ რაც ხდება, ცუდია ქვეყნისთვის. Რა შეიძლება გაკეთდეს? ჩემს მეგობრებს ოპოზიციაში და სამოქალაქო საზოგადოებაში — ფრთხილად იყავით და გაძლიერდით!“ — აცხადებს კოფი.


„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა კონტრაქციაზე სიტყვით გამოსვლისას „რუსული კანონი“ დაიცვა, „გლობალური ომის პარტია“ დაადანაშაულა საქართველოს დაპირისპირებაში რუსეთთან, “აგენტოკრატიის” დამყარების მცდელობაში და არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ დასჯის პირობა დადო.

“ოცნების” კონსპირაციაა, რომ თითქოს არსებობს “გლობალური ომის პარტია”, რომელიც საქართველოს ჩართვას ცდილობს ომში.

ივანიშვილმა ისაუბრა “საფრთხეზე”, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტს მისი თქმით, გარედან ემუქრება — დასავლეთზე მინიშნებით.

სრულად წაკითხვა