კრამერი: ელჩები ფიზიკურად უნდა დადგნენ ზურაბიშვილის გვერდით კვირას

15 hours ago 2

საქართველოში მიმდინარე მოვლენების პარალელურად, ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსებისა და ექსპერტებისგან შექმნილი ჯგუფი საქართველოს დასახმარებლად მუშაობს. ისინი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა დემოკრატიულ მთავრობებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რათა, როგორც თავად ამბობენ, ქართველ ხალხსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დაეხმარონ. რა მიზანი აქვს გუნდს, როგორი იქნება სალომე ზურაბიშვილის როლი 29 დეკმებრის შემდეგ და როგორ განვითარდება ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები. ამ თემაზე ჯორჯ ბუშ უმცროსის საპრეზიდენტო ცენტრის დირექტორ დევიდ კრამერს ვესაუბრეთ.

დევიდ დიდი მადლობა ინტერვიუსთვის და თქვენი დროისთვის. თქვენ იმ პოლიტიკოსებისა და ექსპერტების გუნდში ხართ, რომელიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე სამუშაოდ შეიქმნა. ვიცით, რომ ამ გუნდში გაწევრიანებულები არიან ადამიანები როგორც ევროპიდან, ისე - ამერიკიდან, გქონდათ შეხვედრა პრეზიდენტ ზურაბიშვილთანაც. რაზე მუშაობს ჯგუფი ახლა, რა არის თქვენი მიზანი და როგორ აპირებთ ამ მიზნის მიღწევას?

გუნდის ჩამოყალიბების უპირველესი მიზანი ქართველი ხალხისა და პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხარდაჭერაა. მივიჩნევ, რომ მან ძალიან მყარი და გაბედული პოზიცია დაიკავა "ქართული ოცნების" მცდელობების წინააღმდეგ წაიყვანოს ქვეყანა ატორიტარიზმის, პრორუსული მიმართულებით და მოიპაროს არჩევნები.

ამ ჯგუფის ჩამოყალიბება ჟიგიმანტას პავილიონისის დამსახურებაა, რომელიც ლიეტუვის პარლამენტის წევრი და ამ ჯგუფის ლიდერია. უამრავი ადამიანია ამ გუნდის წევრი, ბევრია ევროპიდან. ყველანი საქართველოს მეგობრები და მხარდამჭერები ვართ, ვისაც გვსურს, რომ საქართველო წარმატებული იყოს. ჩვენ გვესმის პრეზიდენტ ზურაბიშვილის, ქუჩის პროტესტებში მონაწილე ქართველი ხალხის მხარდაჭერის და ხელახალი არჩევნების მოთხოვნის, "ქართული ოცნების" მთავრობის და პარლამენტის არალეგიტიმურად ცნობის მოთხოვნის აუცილებლობა.

ჩემი შემდეგი შეკითხვა კვირას, 29 დეკემბერს ეხება.ეს ოფიციალურად იქნება პრეზიდენტ ზურაბიშვილის ბოლო საპრეზიდენტო დღე. ის ამბობს, რომ სჯერა, მხოლოდ თვითონაა კანონიერი გზით არჩეული პრეზიდენტი, რასაც დასალეთშიც ბევრი ეთანხმება, ამიტომ ის აპირებს ძალაუფლებაში დარჩენას. მეორე მხრივ, პრემიერი ამბობს, რომ თუ ის სასახლეს არ დატოვებს, შეიძლება პრეზიდენტი დააპატიმრონ კიდეც- ამ დღის შესახებ რა მოლოდინები გაქვთ, როგორ წარმოგიდგენიათ მოვლენების განვითარება და რა რეაგირება უნდა ჰქონდეს დასავლეთს?

პირველ ყოვლისა, ცხადია, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ არ უნდა ვაღიაროთ საქართველოს პარლამენტი და არც ის საარჩევნო ორგანო, რომელმაც მისი [სალომე ზურაბიშვილის] შემცვლელი აირჩია. ეს ორგანო და საქართველოს პარლამენტი არ არიან ლეგიტიმური. გულწრფელად რომ ვთქვათ, კობახიძის ხელისუფლებაც არ არის ლეგიტიმური. დასავლურმა მთავრობებმა ეს ძალიან მკაფიოდ უნდა განაცხადონ.

ასევე, ვიტყოდი, რომ ელჩებმა ევროპიდან და შეერთებული შტატებიდან, რომლებიც თბილისში იმყოფებიან , მხარი უნდა დაუჭირონ პრეზიდენტ ზურაბიშვილს. საჭიროების შემთხვევაში, ფიზიკურად წავიდნენ და დადგნენ მასთან, რათა მისი ფიზიკურად განდევნის ყოველგვარი მცდელობა დაკავშირებული იყოს პოტენციურ პრობლემასთან, რაც დიპლომატიური კორპუსისგან წამოვა.

ასე რომ, პარლამენტი და მთავრობა ლეგიტიმურად არავინ უნდა აღიაროს, გვერდით უნდა დავუდგეთ პრეზიდენტ ზურაბიშვილს. მისი საპრეზიდენტო პერიოდი მაშინ ამოიწურება, როდესაც ვინმე ლეგიტიმურად არჩეული ადამიანი იქნება მზად მისი პოზიციის დასაკავებლად.

რას ფიქრობთ ზოგადად სალომე ზურაბიშვილის როლზე, რასაც ის ბოლო დროს, საქართველოში განვითარებულ მოვლენებში თამაშობდა. ის ქვეყანაში ოპოზიციური მოძრაობის, პროევროპული მოძრაობის ლიდერი გახდა. თუმცა, საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობის მიხედვით, ოფიციალურად, კვირას მაინც მისი ბოლო საპრეზიდენტო დღეა. ამის შემდეგ, დაკარგავს თუ არა ის დასავლეთის თვალში ლეგიტიმაციას და სად ხედავთ მის როლს 29 დეკემბრის შემდეგ?

ნება მომეცით, უკრაინასთან შედარება მოვიყვანო. პრეზიდენტი ზელენსკი კვლავ უკრაინის აღიარებული და ლეგიტიმური პრეზიდენტია მიუხედავად იმისა, რომ მისი ვადა უკვე ამოიწურა. 2022 წლის თებერვალში, რუსეთის მიერ დაწყებული ომის გამო, უკრაინა იძულებული გახდა საომარი მდგომარეობა გამოეცხადებინა. უკრაინული კანონმდებლობის მიხედვით კი, არჩევნები საომარი მდგომარეობისას არ ტარდება. ასე რომ, პრეზიდენტი ზელენსკი რჩება უკრაინის არჩეულ, ლეგიტიმურ ლიდერად.

მსგავსად, ასევე კრიზისი გვაქვს საქართველოშიც. მართალია იქ არაა საომარი მდგომარეობა გამოცხადებული, მაგრამ სიტუაცია მოითხოვს, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი დარჩეს თავის თანამდებობაზე იქამდე, ვიდრე ახალი არჩევნები დაინიშნება და ვიდრე ლეგიტიმური პარლამენტი და ლეგიტიმური მთავრობა შეძლებენ, რომ მისი შემცვლელი აირჩიონ.

ასე რომ არ მივიჩნევ, რომ ის სანდოობას, ლეგიტიმაციას, ან პოზიციებს დაკარგავს დასავლეთში. ძალიან ნათლად უნდა ვთქვათ, რომ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ზურაბიშვილს. მან მიანიშნა, რომ როდესაც ახალ კანდიდატს აირჩევენ და ახალი არჩევნები ჩატარდება, ის გადადგება.

თუკი რომელიმე დასავლური ქვეყანა რაიმე პრეტენზიას გამოთქვამს, მაშინ მათ უნდა ვკითხოთ, რა გააკეთეს 29 დეკემბრამდე მის [პრეზიდენტ ზურაბიშვილის] დასახმარებლად? ეს იქნება სასაცილო იურიდიული არგუმენტი, რომელსაც, ალბათ "ქართული ოცნება" წამოჭრის, მაგრამ თუ რომელიმე დასავლური ქვეყანაც იგივეს თქმას ეცდება, ეს მოასწავებს, რომ ისინი "ქართული ოცნების" მხარეს დგანან.

ბოლო კითხვა თბილისის ქუჩებში მყოფი დემონტრატების მოთხოვნაზე მინდა დაგისვათ. როგორც იცით, ისინი ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ, რასაც ამ დროისთვის საქართველოს მთავრობა არ თანხმდება. ვნახეთ ეუთო/ოდირის დასკვნაც, სადაც წერია, სადაც არჩევნებთან დაკავშირებულ პრობლემებზეა საუბარი. როგორ ფიქრობთ, ეს დასკვნა და ამერიკისა და ევროპისგან მეტი ფინანსური სანქციები დაეხმარება თუ არა დემონსტრანტებს საწადელის მიღწევაში და ზოგადად, რამდენად რეალურად მიგაჩნიათ ხელახალი არჩევნების უახლოეს მომავალში ჩატარება?

ყველაფერი, რაც ჩამოთვალეთ, რა თქმა უნდა, გამოსადეგი იქნება. ბოდიშს ვიხდი, რომ ვმეორდები, მაგრამ, მგონია, უფრო მნიშვნელოვანია ამერიკამ და ევროპელმა მოკავშირეებმა ძალიან ნათლად თქვან, რომ ისინი არ აღიარებენ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს. შესაბამისად, საერთაშორისო ლეგიტიმურობის, საერთაშორისო აღიარების გარეშე ["ქართულ ოცნებას"] აღარ დარჩება სხვა გზა, ხელახალი არჩევნების ჩატარების გარდა.

ეს განცხადებები [არაღიარების] შესახებ ასევე მისცემს დემონსტრანტებს დამატებით ენერგიას. ეს იქნება დიდი დახმარება ახალი არჩევნების ჩატარებისთვის- მათ [დემონსტრანტებს] შემდეგ შეეძლებათ თქვან: "არავინ გაღიარებთ ლეგიტიმურ მთავრობად, ქვეყნის შიგნით, თუ - გარეთ, მოსკოვის გარდა".

ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ნათელი განცხადებები ამერიკისა და ევროპული დედაქალაქებისგან. სამწუხაროა, რომ ევროკავშირი, როგორც ერთიანი ორგანო, ვერ მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებებს, რადგან უნგრეთი და სლოვაკეთი, შეიძლება სხვებიც, ამის წინააღმდეგნი არიან. ორბანმა "ქართულ ოცნებას" ოქტომბერში გამარჯვებაც მიულოცა. ასე რომ, ევროკავშირი ერთიან გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. მაგრამ ვფიქრობ, რომ თუ შეერთებული შტატები იმოქმედებს, მკაფიო განცხადებებს გააკეთებს და [დამატებით] სანქციებს დააწესებს, არსებული იმპულსი მკვეთრად შეიცვლება.

ასევე, ეს უკვე უზარმაზარი დამსახურებაა იმ ქართველი ხალხისა, რომელიც არა მხოლოდ თბილისის, არამედ - ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში გამოდის, სერიოზულად რისკავს თავის უსაფრთხოებასა და სიცოცხლეს. საბედნიეროდ, აქამდე აქციებს მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა უდავოა, რომ ოფიციალურმა პირებმა, გამოიყენეს სასტიკი ძალადობა და არსებობენ ნაწამები ადამიანებიც. მიზანში ჰყავთ ამოღებული როგორც ოპოზიციის, ისე - სამოქალაქო საზოგადოების წევრებიც. ასე რომ ,დასაკარგი დრო აღარაა. ახლა 29 დეკემბერი, უკვე განხილული მიზეზების და 20 იანვარი [ამერიკაში] დონალდ ტრამპის ინაუგურაციის გამო, მნიშვნელოვანი თარიღები იქნება.

სრულად წაკითხვა