კრამონი "აგენტების კანონზე": შეუძლებელია, ამაზე მეტად გაერტყათ სახეში სილა ევროკავშირისთვის

1 week ago 39

საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის", ე.წ. "უცხო ქვეყნის აგენტების" შესახებ კანონპროექტის გამო პროტესტი გრძელდება. სამშაბათს, 7 მაისს, 31-მა ევროპარლამენტარმა ჯოზეფ ბორელს მიმართა. ისინი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შეჩერებისა და ევროკავშირის დაფინანსების გადახედვისკენ მოუწოდებენ. ეს კი იმის ფონზე, რომ "ქართულმა" ოცნებამ" "უცხოური გავლენის გამჭვირვალბის" კანონპროექტი ერთი წლის შემდეგ კვლავ გაიტანა კენჭისყრაზე და მას ორი მოსმენით უკვე დაუჭირა მხარი.

ამ წერილის ხელმომწერებს შორისაა ვიოლა ვონ კრამონიც. ევროპარლამენტის წევრი გერმანიიდან. კრამონთან ინტერვიუ "ამერიკის ხმამ" ამ წერილის გამოქვეყნებამდე ჩაწერა. ინტერვიუში ის კანონპროექტით გამოწვეულ საფრთხეებსა და შესაძლო სანქციებზე საუბრობს.

- დიდი მადლობა ინტრვიუსთვის. ვნახეთ, რომ [გასულ კვირას თბილისში] პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა ძალა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. გვითხარით, რას ფიქრობთ ქუჩის დემონსტრაციებზე პასუხად საქართველს მთავრობის რეაგირებაზე?

- ყველაფერი, რაც საქართველოს მთავრობამ ბოლო დღეების და შეიძლება ითქვას, თვეების განმავლობაში გააკეთა, ჩემთვის კითხვებს აჩენს. პირველ ყოვლისა, ამ კანონით [უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტით], ნათლად ეწინააღმდეგებიან თავიანთ კონსტიტუციას.

მათ გამოიყენეს [ევროკავშირის] კანდიდატის სტატუსი, რათა საკუთარი თავი პროევროპულად წარმოეჩინათ, როდესაც სინამდვილეში მათი ქმედებები, მათი რეალური მიზნები სრულიად საპირისპირო იყო. როდესაც ხალხი ამას აპროტესტებს, როდესაც [მთავრობას] ეუბნება-მოიცადეთ თქვენ კონსტიტუციური ვალდებულება გაქვთ, ევროკავშირის წესებს უნდა მისდიოთ- მაშინ მათ წინააღმდეგ ძალას იყენებენ, ძალიან უხეშ ძალას. ეს აბსოლუტურად მიუღებელია.

ჩვენი გენერალური დირექტორი საქართველოში იყო, ის ირაკლი კობახიძეს შეხვდა, ესაუბრა და ამის შემდეგ ვნახეთ, რომ [პარლამენტმა] მეორე მოსმენით კენჭი უყარა [კანონპროექტს]. შეუძლებელია, რომ ამაზე მეტად გაერტყათ სახეში სილა ევროკავშირისთვის და ვფიქრობ, ჩვენ ამაზე რეაქცია უნდა გვქონდეს. ძალიან ნათლად უნდა ვთქვათ, რომ თუ ასე მოიქცევიან, შეუძლებელია, რომ მათ ევროკავშირში გზა ჰქონდეთ.

თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს სამოქალაქო საზოგადოება და ქართველი ხალხი. მათ დასაცავად, მათ გადასარჩენად გზა უნდა მოვნახოთ და ნათლად უნდა ამოვიღოთ მიზანში ისინი, ვინც პასუხისმგებლები არიან მთელ ამ ძალადობაზე და არაკონსტიტუციურ ქმედებებზე.

- როგორ ფიქრობთ, რამ შეიძლება, რომ საქართველოს მთავრობას აზრი შეაცვლევინოს და ეს კანონპროექტი უკან გაიწვიოს, თუკი არსებობს ასეთი რამ საერთოდ?

- არ ვიცი, ეს მილიონდოლარიანი შეკითხვაა. ვიცოდი, რომ ბევრზე იყვნენ წამსვლელები, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, არ მეგონა ასე შორს თუ შეტოპავდნენ. შეიძლება მე მიამიტი ვიყავი. ვიცოდი, რომ რუსეთთან ახლოს იყვნენ, ვიცოდი რომ კანდიდატის სტატუსით ითამაშებდნენ, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასე ღიად წავიდოდნენ თავიანთი ხალხის, თავიანთი ქვეყნისა და კონსტიტუციის წინააღმდეგ. ვერ გეტყვით როგორ შეიძლება მათზე ზეწოლა მოვახდინოთ, მაგრამ ნამდვილად ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ.

ასე რომ, აღარ იქნება ფული მთავრობის მიერ ორგანიზებული პროექტებისთვის. დიახ, სამოქალაქო საზოგადოებას, დამოუკიდებელ მედიას და სხვადასხვა დამოუკიდებელ მრჩევლებს უნდა დავეხმაროთ - ასეთი პროექტები უნდა გადავარჩინოთ. მაგრამ აღარ უნდა დავაფინანსოთ დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები, განსაკუთრებით ისეთები, რომლებიდანაც მთავრობას სარგებელი შეუძლია ნახოს.

ასევე, უნდა დავიწყოთ დებატები კონკრეტული პირების დასანქცირებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ ასევე ისინი, ვინც ნათლად ჩართულები არიან ამ კანონპროექტში.

გარდა ამისა, პარლამენტის კონკრეტული წევრებისთვის სამოგზაურო აკრძალვის შესახებაც უნდა ვისაუბროთ. ვიცი, რომ ეს არაა პოპულარული ნაბიჯი, მაგრამ ამის გაკეთებაც შეგვიძლია.

და დიახ, უნდა შევთანხმდეთ სანქციებს პაკეტზე, იმ შედეგების პაკეტზე, რომელიც მთავრობისა და მათ წინააღმდეგ იქნება მიმართული, ვინც ამ კანონპროექტზე და კიდევ სხვა ქმედებებზე არიან პასუხისმგებელი.

- ევროკავშირის რეზოლუციაში, რომელიც ევროპარლამენტმა ცოტა ხნის წინ მიიღო, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც თქვენ ახსენეთ, კონკრეტული სანქციების სამიზნედაა მოხსნებული, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ევროპაში სწორედ მას მიიჩნევენ საქართველოში განვითარებული მოვლენების ავტორად?

თქმაც არ უნდა, რომ ასეა. ნებისმიერი, ვისაც ჰქონდა "ბედნიერება", რომ მოესმინა მისი [ივანიშვილის] გამოსვლა და სწორად გაიგო მისი სათქმელი, მეტნაკლებად მიხვდა იმასაც, რა აქვს ჩაფიქრებული. მან უკვე მიანიშნა, რომ იქნება დიდი გაყალბება და მანიპულაცია მომავალ არჩევნებზე.

სწორედ ამიტომ სჭირდება მას ეს კანონი, რომ ოფშორებიდან უსაფრთხოდ შეიტანოს ფული ზედმეტი გადასახადებისა, თუ თანხის გადატანის საზღაურის გარეშე. ვფიქრობ ის ძალიან ნათლად აცნობიერებს, რომ იმ მანიპულაციების, გაყალბების, თუ ნებისმიერი სხვა რამის გამო, რასაც ის არჩევნებთან დაკავშირებით გეგმავს, მას დაუწესებენ პერსონალურ სანქციებს. ასე რომ, ის ამას ელოდა.

მან ძალიან ნათლად ისაუბრა იმაზე, ვინაა მისთვის დასავლეთი და ძალიან მკაფიოდ დაყო [საზოგადოება] "ჩვენ" და "ისინი" ცნებებად. მან ასევე საერთოდ არ აჩვენა რაიმე სურვილი, რომ კონსტიტუციით დაკისრებული მოთხოვნის შესაბამისად, საკუთარი ხალხისთვის იმუშაოს.

ახლა, რას ნიშნავს ის, რომ ისაა პარტიის სათავეში, რომ მან კვლავ აიღო ხელში პარტიის მმართველობა და ისაა პასუხისმგებელი პირი - აქამდეც ის იყო, ვინც ქვეყნის მმართველობის უკან იდგა, მაგრამ ახლა ოფიციალურადაც ასეა. ის, როგორც იქნა, თავის რეალურ სახეს აჩვენებს, ისევე როგორც იმას, რაც მისი ნამდვილი მისწრაფებაა. ვხედავთ რამდენად ახლოსაა ის რუსეთთან, როგორია მისი აზროვნება, რამდენად ანტიდასავლური და ცინიკურია და რამხელა ზიზღს გრძნობს. ასე რომ მგონია, რომ კარგად უნდა მოვემზადოთ.

- თუ სწორად გავიგე, თქვენ ამბობთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ეს კანონპროექტი არჩევნების გამო დააბრუნა?

- დიახ, ასეა. მათ ადგილობრივი [საარჩევნო] დამკვირვებლების სამიზნეში ამოღება სურთ. საქართველოში ყოველთვის იყო იმის უპირატესობა, რომ არსებობდნენ არაჩვეულებრივი ადგილობრივი დამკვირვებლები, ასევე არაჩვეულებრივი არასამთავრობო ორგანიზაციები. ყოველთვის შეიძლებოდა მათზე დაყრდნობა. მაგრამ მათ [საქართველოს მთავრობას] სურთ, რომ აღმოფხვრან ეს, რომ ხალხის დისკრედიტაცია მოახდინონ. მათ სურთ, რომ [დამკვირვებლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს] დონორებისგან შემავალი თანხა შეუმცირდეთ, რომ მათი ცხოვრება უფრო რთული გახდეს საარჩევნოდ, რომ არჩევნების დღესა და მის შემდეგ [სამოქალაქო საზოგადოებას] აღარ ჰქონდეს რეალური ხმა, ისეთი ძლიერი ხმა, როგორიც მათ წარსულში ჰქონდათ. ჩემი აზრით, მათი ძალიან ნათელი სტრატეგიაა, რომ ადგილობრივი დამკვირვებლების წინაააღმდეგ წავიდნენ.

- ყოველ ჯერზე, როდესაც საქართველოს დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ ამ კანონპროექტის მიღება ცუდი იდეაა, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს "სამწუხარო" კომენტარებია. გვესმის ხოლმე ისიც, რომ ისინი ამ კანონპროექტს ამერიკულ "ფარას" ადარებენ, (უცხოური ლობიზმის თაობაზე კანონმდებლობას) ამტკიცებენ, რომ ეს რეგულაციები გამჭვირვალობისთვის შემოაქვთ და რომ დასავლელ პარტნიორებს ეს კანონპროექტი კარგად გააზრებული არ აქვთ. რას ფიქრობთ საქართველოს მთავრობის ასეთ რეაქციებზე?

- მათ სურთ, რომ თავი პროევროპელებად მოგვაჩვენონ. უნდათ, რომ გაგვაცურონ ჩვენ და თავიანთი ამომრჩეველი, საქართველოს მოსახლეობა. მათ ამის მცდელობა აქვთ, ამიტომაც ჩვენ ყველამ ერთხმად უნდა ვისაუბროთ და დავრწმუნდეთ, რომ ხალხი უბრალოდ არ დაიჯერებს ამ ტყუილებს. ეს მხოლოდ პროპაგანდაა, ტყუილები.

არც ერთ დასავლურ ქვეყანას, ან იმ ქვეყნებს რომლებიც ევროკავშირში არიან გაწევრიანებული, არ აქვს მსგავსი კანონი, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" კენჭისყრაზე გაიტანა. ''გამჭვირვალობა" სხვა რამეს ნიშნავს, საკუთარი თავის უცხოეთის აგენტად გამოცხადება წარმოუდგენელი რამაა, ასეთი არაფერი გვაქვს.

სრულად წაკითხვა