კრემლი ამერიკას რუსეთის წინააღმდეგ ფარული გავლენის კამპანიაში ადანაშაულებს

2 months ago 29

კრემლმა 15 მარტს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ ფარული გავლენის კამპანიის წარმოებას ცდილობდა, მაგრამ მოსკოვის უსაფრთხოების სამსახურებმა, მისი ზემოქმედების შესამცირებლად, შესაბამისი ზომები მიიღო.

კრემლმა კომენტარი გააკეთა საინფორმაციო სააგენტო “როიტერის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, პრეზიდენტობის დროს დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოს დაავალა, დაეწყო ფარული კამპანია ჩინურ სოციალურ ქსელებში, რომელიც მიზნად ჩინური საზოგადოებრივი აზრის ხელისუფლების წინააღმდეგ განწყობას ისახავდა.

კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ახლა შეერთებული შტატები მსგავსი კამპანიის ჩატარებას რუსეთის წინააღმდეგ ცდილობს.

"ერთი რამ, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ჩვენ მრავალი წელია მსგავს საქმიანობას ვხედავთ. შეერთებული შტატები და შესაბამისი დეპარტამენტები, დაზვერვის სამსახურები იმავეს აკეთებენ ჩვენს ქვეყანაში და ამის გაკეთებას ახლაც ცდილობენ”, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

გასულ კვირაში, კრემლმა განაცხადა, რომ რუსეთი არ ჩაერევა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში და უარყო ამერიკაში გაკეთებული დასკვნები იმის შესახებ, რომ მოსკოვმა წარმართა კამპანიები, რათა გავლენა მოახდინა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე, 2016 და 2020 წლებში.

თავად რუსეთში, დღეს დაიწყო პროცესები, რომელსაც მოსკოვი საპრეზიდენტო არჩევნებს უწოდებს. კენჭისყრა 17 მარტს დასრულდება. პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი რუსეთის სათავეში 1999 წლის ბოლოდან იმყოფება.

სრულად წაკითხვა