კრემლი იშვიათ წიაღისეულზე ტრამპის გეგმებს „კომერციულ წინადადებად“ აფასებს

11 hours ago 1

კრემლის პრესსპიკერ დიმიტრი პესკოვის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გეგმები უკრაინის იშვიათ წიაღისეულზე კომერციული წინადადებაა.

„თუ ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ, ეს დახმარების მიყიდვის წინადადებაა — ანუ არა უსასყიდლოდ ან სხვაგვარად დახმარების, არამედ კომერციულ საფუძველზე მიწოდების“, — განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, ვაშინგტონისთვის უმჯობესი იქნებოდა, კიევს საერთოდ არ დახმარებოდა და ამით შეეწყო ხელი კონფლიქტის დასრულებისთვის.

პესკოვმა აღნიშნა, რომ აშშ აგრძელებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას.

3 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სურს, რომ უკრაინამ დახმარების სანაცვლოდ შეერთებულ შტატებს იშვიათი წიაღისეული მიაწოდოს.

„ჩვენ ვეუბნებით უკრაინას, რომ მათ აქვთ ძალიან ღირებული იშვიათი წიაღისეული. ვცდილობთ უკრაინასთან შეთანხმებას , რითაც მათ შეუძლიათ შეინარჩუნონ, რასაც ჩვენ ვაძლევთ იშვიათი წიაღისეულით და სხვა რესურსებით“, — განაცხადა დონალდ ტრამპმა.

სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, ბუნდოვანია, ტრამპი ტერმინ „იშვიათ წიაღისეულს“ მართლა იშვიათი თუ ყველა სახის კრიტიკული მინერალის აღსანიშნავად. იშვიათი წიაღისეული არის 17 ელემენტისგან შემდგარი ჯგუფი. აშშ-ის გეოლოგიური სამსახური კრიტიკულად მნიშვნელოვნად მიიჩნევს 50 მინერალს, მათ შორის რამდენიმე სახის წიაღისეულს, ნიკელსა და ლითიუმს. უკრაინას აქვს ურანის, ლითიუმის და ტიტანის დიდი საბადოები, თუმცა აშშ-ს აქვს ამ და სხვა მნიშვნელოვანი მინერალების საკუთარი აუთვისებელი მარაგი.

კიევს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა Washington Post წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინა მიესალმება ტრამპის ინტერესს მისი წიაღისეულით.

ასეთი შესაძლებლობა გასული წლის ოქტომბერში თავად უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ წარმოადგინა, როგორც მისი „გამარჯვების გეგმის“ ნაწილი. უფრო კონკრეტულად, უკრაინის გამარჯვების გეგმის მეოთხე პუნქტი შეეხება ქვეყნის სტრატეგიულ ეკონომიკურ პოტენციალს.

უკრაინა თავის სტრატეგიულ პარტნიორებს სთავაზობს სპეციალურ შეთანხმებას ქვეყნის კრიტიკული რესურსების ერთობლივი დაცვის, ასევე ერთობლივი ინვესტიციებისა და ამ ეკონომიკური პოტენციალის გამოყენების შესახებ. ეს მოიცავს ტრილიონობით აშშ დოლარის ღირებულების ბუნებრივ რესურსებს და კრიტიკულ ლითონებს, მათ შორის ურანის, ტიტანის, ლითიუმის, გრაფიტის და სხვა სტრატეგიულად ღირებული რესურსების ჩათვლით.

„უკრაინაში კრიტიკული რესურსების საბადოები, უკრაინის გლობალურად მნიშვნელოვანი ენერგიისა და სურსათის წარმოების პოტენციალთან ერთად, ამ ომში რუსეთის ფედერაციის მთავარ სამიზნეებს შორისაა. და ეს არის ამავდროულად ჩვენი ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობა“, — განაცხადა ზელენსკიმ პრეზიდენტმა.

ამ პუნქტს ასევე აქვს საიდუმლო დანართი, რომელიც მხოლოდ კონკრეტული პარტნიორებისთვის არის გაზიარებული.

სრულად წაკითხვა