კრემლი: უკრაინაში ომი გაგრძელდება, სანამ პუტინი მიზანს არ მიაღწევს

1 week ago 5

კრემლის სპიკერი ამბობს, რომ უკრაინაში დაპირისპირება გაგრძელდება მანამ, სანამ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ დასახული მიზნები მიღწეული არ იქნება, ან სამხედრო მოქმედებით, ან მოლაპარაკებით.

პუტინმა უკრაინას მოსთხოვა, უარი ეთქვა ნატოში გაწევრიანების ამბიციაზე და უკრაინის ოთხ რეგიონზე, რომელსაც რუსეთი თავისად მიიჩნევს. ამ მოთხოვნებზე კიევმა მოსკოვს უარი უთხრა, რადგან ეს, მისი აზრით, კაპიტულაციის ტოლფასი იქნებოდა.

"სპეციალური სამხედრო ოპერაცია დასრულდება მაშინ, როცა ყველა ის მიზანი იქნება მიღწეული, რაც პრეზიდენტმა და უმაღლესმა მთავარსარდალმა დასახა", - განაცხადა დმიტრი პესკოვმა, კრემლის პრესსპიკერმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე. მოსკოვი უკრაინაში მიმდინარე ომს დღემდე "სპეციალურ სამხედრო ოპერაციად" მოიხსენიებს. "ამ მიზნების მიღწევა შესაძლებელია როგორც სპეციალური სამხედრო ოპერაციის, ისე შესაბამისი მოლაპარაკებების შედეგად".

პესკოვის განცხადებამდე ერთი დღით ადრე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ წამოჭრა იდეა, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის ნატოში გაწევრიანებამდე, შესაძლოა, უკრაინაში უცხოეთის ჯარები განლაგდნენ.

პარალელურად, რუსეთის უცხოეთის დაზვერვის მეთაურმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში საკუთარი მიზნების მიღწევასთან ახლოსაა. სერგეი ნარიშკინის თქმით, მოსკოვი ყველა მიმართულებით სტრატეგიულ უპირატესობას ფლობს. დამოუკიდებელი წყაროებიც ადასტურებენ, რომ რუსეთის ძალები ფრონტის ხაზზე წინ მიიწევენ. უკრაინის ქალაქებში კურახოვსა და ტორეცკში მწვავე დაპირისპირებაა.

"ფრონტზე ვითარება კიევის სასარგებლოდ არ არის", - ამბობს ნარიშკინი პროფესიულ გამოცემა "რაზვედჩიკთან" ინტერვიუში. "ყველგან სტრატეგიულ უპირატესობას ვფლობთ, ახლოს ვართ ჩვენი მიზნების მიღწევასთან, მაშინ როცა უკრაინის შეიარაღებული ძალები კოლაფსის პირზეა", - აცხადებს ის.

8 დეკემბერს, შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის ლიდერს, ვლადიმირ პუტინს მოუწოდა, დაასრულოს უკრაინაში მიმდინარე, თითქმის სამწლიანი ომი. „ცეცხლი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და მოლაპარაკებები დაიწყოს“, - თქვა ტრამპმა და დასძინა: "ვლადიმირს კარგად ვიცნობ. ახლა მისი ქმედების დროა".

ტრამპი, რომელიც საარჩევნო კამპანიის დროს ამერიკელებს უკრაინაში მიმდინარე ომის სწრაფად დასრულებას პირდებოდა, პოსტს თვენახევარზე ნაკლებ დროში, 20 იანვარს დაიკავებს. რუსეთმა 2022 წელს უკრაინაში დაწყებული აგრესიის ომის შედეგად, ქვეყნის დაახლოებით მეხუთედი დაიპყრო და ახლა იქ ამერიკული შტატის, ვირჯინიის ზომის ტერიტორიას აკონტროლებს.

სრულად წაკითხვა