კრემლში ალიევის პოზიციას უკრაინის ომთან დაკავშირებით მცდარი უწოდეს

1 week ago 38

კრემლში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის პოზიცია უკრაინის ომთან დაკავშირებით მცდარია და რომ ასეთ შეხედულებას კატეგორიულად არ ეთანხმებიან.

„რაც შეეხება უკრაინასთან დაკავშირებულ პოზიციას, ჩვენ ამ პოზიციას მცდარად მივიჩნევთ. და ყველა არხის მეშვეობით თანმიმდევრულად, არგუმენტირებულად განვმარტავთ, რატომ მიგვაჩნია ის მცდარად“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტების კითხვაზე პასუხისას.

გუშინ, 13 ივლისს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის კვლავ იმავე პოზიციას იზიარებს, რომელიც უკრაინის ომის დაწყებიდანვე ჰქონდა – მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ასევე ისაუბრა მისი ტერიტორიების ოკუპაციაზე.

ალიევი უკრაინელებს: არ შეეგუოთ ოკუპაციას

„რაც შეეხება პოზიციას, რომელიც პრეზიდენტმა ალიევმა გამოთქვა: არსებობს მთელი რიგი სახელმწიფოები, რომლებთანაც ჩვენ ახლო ურთიერთობები გვაკავშირებს და რომლებიც ამ პოზიციას იზიარებენ. ეს არის პოზიცია, რომელსაც ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით. და დიახ, ეს არის ჩვენი უთანხმოების საგანი“, – აღნიშნა პესკოვმა.

ამასთან, მისი თქმით, „ეს არ არის მიზეზი იმისთვის, რომ ამ საკითხმა რაიმე ჩრდილი მიაყენოს რუსეთ-აზერბაიჯანის ორმხრივ ურთიერთობებს“.

„აქ ჩვენ პრაგმატულ მიდგომას ვიცავთ და მიგვაჩნია, რომ ყველანაირად უნდა განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობები, განსაკუთრებით ისეთ ქვეყანასთან, როგორიც აზერბაიჯანია“,  – თქვა პესკოვმა.

სრულად წაკითხვა