თბილისის მერიის თანამშრომელი გიგა სოფრომაძე სახალხო დამცველს მიმართავს და მოუწოდებს, დაიწყოს მოკვლევა კრიტიკულ განცხადებებზე ხელმომწერი საჯარო მოხელეების მიმართ მუქარის თაობაზე.
სოფრომაძის თქმით, მოქმედი თანამდებობის პირების მხრიდან მათ მიმართ, საჯაროდ და ღიად გამოხატულ მუქარა და დაშინების მცდელობა დღითიდღე პრაქტიკულ სახესაც იღებს.
„გთხოვთ, დაინტერესდეთ ჩვენი, განცხადების თითოეული ხელმომწერი პირის ირგვლივ შექმნილი ვითარებითა და იმ პირობებით, რაშიც მათ უწევთ მუშაობა საკუთარი აზრის ღიად დაფიქსირების შემდეგ. მიგვაჩნია, რომ ეს ყველაფერი შეიცავს დისკრიმინაციის მკაფიო ნიშნებს, რაც არ შეიძლება დარჩეს რეაგირების გარეშე. ჩვენ შევქმნით საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირთა პროფესიულ გაერთიანებას და კანონით განსაზღვრული სხვა ფორმებით დავიცავთ თითოეული დასაქმებულის უფლებებს. ჩვენ ვრჩებით ჩვენი ქვეყნის, მოსახლეობის, კონსტიტუციისა და იმ გაცხადებული კურსის ერთგულნი, რომელიც კონსტიტუციის დონეზე გვაქვს დაფიქსირებული“, — წერს სოფრომაძე.
თბილისის მერი კახა კალაძე ისევ ემუქრება მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს, რომლებმაც გააკრიტიკეს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე. კალაძე ამბობს, „საბოტაჟის მცდელობა“ პასუხგაუცემელი არ დარჩება. მანამდე კახა კალაძემ მერიაში რეორგანიზაციის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა. თბილისის მერის მიერ რეორგანიზაციის პროცესის დაანონსებას წინ უძღოდა მერიის თანამშრომელთა ნაწილის მიერ „ქართული ოცნების“ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება. მერიაში დასაქმებული პირები მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად გაემიჯნონ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილებას.
პირის იძულება, დაწეროს განცხადება საკუთარი ინიციატივით სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე, წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 169-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს.
ამავდროულად, პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და პირველი მოსმენით მიიღო „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილები, რომელიც რეორგანიზაციას ამარტივებს.