კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი ვასო აბაშიძის სახელობის თეატრის ხელმძღვანელის პოსტიდან გაათავისუფლა

2 days ago 2

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელის პოსტიდან გაათავისუფლა და ამის მიზეზად თეატრის მიერ თავისი„სადამფუძნებლო მიზნების“ შეუსრულებლობა დაასახელა. თეატრმა და მისმა დასმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პროევროპული საპროტესტო აქციების დროს.  

განცხადებაში სამინისტრომ აღნიშნა, რომ „თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება“ და დასძინა, რომ „სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი, ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა“. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ თეატრის ხელმძღვანელობამ უგულებელყო არაერთი ოფიციალური გაფრთხილება და თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

თეატრის მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე პოლიციამ 2024 წლის 5 დეკემბერს პროევროპული საპროტესტო აქციების დროს დააკავა. საპასუხოდ, თეატრმა გაფიცვა გამოაცხადა, „ქართულ ოცნებას“ ულტიმატუმი წაუყენა და 21 იანვრამდე ჭიჭინაძის გათავისუფლება მოითხოვა, რაც არ მომხდარა.

23 იანვარს მსახიობებმა თეატრის წინ პერფორმანსი მოაწყეს და მანიფესტი წარადგინეს, სადაც ჭიჭინაძის დაკავება დაგმეს. დოიაშვილმა განაცხადა, რომ თეატრი შეწყვეტს ჩვეულ საქმიანობას და საქართველოს რეგიონებში ჩავა, სადაც მოქალაქეებს შეხვდება და გამოხატვის თავისუფლების კამპანიას განახორციელებს. მისი თქმით, დაკავებულ მომიტინგეებთან ერთად ციხეშია „ქართული კულტურაც“. საპროტესტო აქციის ფარგლებში თეატრის დასი საქართველოს ბევრ რეგიონს ეწვია.

დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას ხელოვანთა, კულტურის მოღვაწეთა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან მყისიერი გამოხმაურება მოყვა. ბევრმა დოიაშვილის გათავისუფლება პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნია.  დოიაშვილის მიმართ სოლიდარობის გამოსახატავად ისინი თეატრთან შეიკრიბნენ.

მსახიობმა ბაჩო ქაჯაიამ ამ ნაბიჯს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების „რეპრესიების კიდევ ერთი ტალღა“ უწოდა, ხოლო რეჟისორმა დათა თავაძემ განაცხადა, რომ ეს არის „უდიდესი დარტყმა ქართულ თეატრზე“.

„ნეტგაზეთის“ მთავარმა რედაქტორმა ნესტან ცეცხლაძემ გადაწყვეტილებას შოკისმომგვრელი უწოდა და განაცხადა, რომ დოიაშვილი მმართველი გუნდის სამიზნე მის წინააღმდეგ განსხვავებული აზრის გამოხატვის გამო გახდა.

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა