პრიმორსკის მხარის ვიცე-გუბერნატორი სერგეი ეფრემოვი, რომელიც ომში მოხალისედ ერთი წლის წინ წავიდა, საბრძოლო მოქმედებების დროს კურსკის რეგიონში დაიღუპა. "ნასტოიაშჩეე ვრემიას" ცნობით, ამის შესახებ პრიმორსკის მხარის გუბერნატორმა ოლეგ კოჟემიაკომ განაცხადა.
გუბერნატორის თანახმად, 52 წლის ეფრემოვი იმ დროს დაიღუპა, როდესაც ის საბრძოლო დავალებიდან ბრუნდებოდა. ტელეგრამის არხების ცნობით, მანქანა, რომელშიც ეფრემოვი იჯდა, კურსკის რეგიონში ნაღმზე აფეთქდა. მის გარდა, დაიღუპა კიდევ ერთი რუსი ოფიცერი, რომლის სახელიც არ გახმაურებულა.
სერგეი ეფრემოვი მოხალისედ მას შემდეგ წავიდა, რაც უკრაინის არმიამ გასული წლის აგვისტოში კურსკის რეგიონის ქალაქი სუჯი და ოლქის მნიშვნელოვანი ტერიტორია დაიკავა. ყოფილი მოხელე სათავეში ედგა მოხალისეთა რაზმ "ტიგრს", რომელიც 2022 წლის ზაფხულში პრიმორსკში, წყნარი ოკეანის ფლოტის 155-ე საზღვაო ბრიგადის ბაზაზე შეიქმნა. 2024 წლის თებერვლიდან იგი იყო პრიმორსკის ვიცე-გუბერნატორი და ზედამხედველობდა რეგიონის შიდა პოლიტიკას.