რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენლებს დაპირდა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში არ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს და საერთო ანგარიშით "თავშეკავებით" იმოქმედებს - თუმცა იგი, ამავდროულად, არ არის დაინტერესებული ცეცხლის შეწყვეტაში წინაპირობების გარეშე, როგორც ეს უკრაინას სურს. პუტინს "სურს მშვიდობა", მაგრამ არა ნებისმიერი პირობებით, ევროპას ადანაშაულებს რუსეთის "სტრატეგიული დამარცხებისკენ" სწრაფვაში და კვლავ გამოთქვამს ტერიტორიულ მოთხოვნებს - ეს მოსაზრებები გამომდინარეობს აშშ-ის პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენლისა და სიძის, ჯარედ კუშნერის ინტერვიუდან, რომელიც მან მისცა მედიაჰოლდინგ Axel Springer-ის ხელმძღვანელს, მატიას დეპფნერს.
კუშნერი აღნიშნავს, რომ ტერიტორიული საკითხი (რუსეთი კვლავაც ითხოვს მისთვის მთელი დონბასის გადაცემას) ამჟამად "ჩიხშია", თუმცა გამოთქვამს ვარაუდს, რომ ეს საკითხი უფრო იოლად გადაწყდება მაშინ, თუ ჯერ შედგება შეთანხმება ევროპაში უსაფრთხოების ომისშემდგომ არქიტექტურაზე. კუშნერმა თქვა, რომ ტერიტორიათა საკითხი ექვემდებარება მხარეთა შორის შეთანხმებებს - მას ამ ინტერვიუში კატეგორიულად არ დაუცავს საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპი. "ევროპაში საზღვრების უმეტესობა დროთა განმავლობაში იცვლებოდა - ომით, მშვიდობით ან კომპრომისით", თქვა მან.
კუშნერმა ხაზი გაუსვა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემის მნიშვნელობას, მათ შორის აშშ-ის მხრიდან - თუმცა სკეპტიკურად შეაფასა უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობა.
სამმხირივ მოლაპარაკების ბოლო რაუნდი აბუ-დაბიში ნოემბრის დასაწყისში გაიმართა, რის შემდეგაც კუშნერი და მისი კოლეგა, სტივ უიტკოფი შეხვდნენ პუტინს, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპის წარმომადგენლებს. ახალი რაუნდი ჯერ დანიშნული არ არის. უკრაინაში საომარი მოქმედებები და მხარეთა ურთიერთდარტყმები გრძელდება.
radiotavisupleba ახალი ამბები