ლადო აფხაზავა: „მეცამეტე წელი ნავსიანი გამოდგება ამ მთავრობისთვის, ესენი ცუდად დაამთავრებენ“

1 week ago 5

თამუნა მჭედლიშვილი

ქვეყანაში მიმდინარე პროევროპული პროტესტის მხარდასაჭერად ქუჩაში  საქართველოს მასშტაბით სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები გამოვიდნენ. ათი დღეა, რაც დედაქალაქში პროტესტანტები მშვიდობიანი აქციებით ეწინააღმდეგებიან ევროკავშირთან თვითგამოცხადებული, არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ ინტეგრაციის შეწყვეტას.

პროტესტისა და სოლიდარობის ნიშნით, დედაქალაქსა და რეგიონებში საჯარო და კერძო სასწავლებლების მოსწავლეებმა, მშობლებმა და პედაგოგებმა სასწავლო პროცესი შეწყვიტეს _ მათთვის ამ ეტაპზე მოსწავლეების უკეთესი მომავლისთვის აქციებზე ქვეყნის დაცვა უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე გაკვეთილების ჩატარება. დედაქალაქში სასწავლო პროცესი შეწყვიტა კომაროვის, ნიუტონისა და მწვანე სკოლებმა, ასევე თავისუფალი განათლებისა და გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულმა აკადემიებმა. მოსწავლეთა ნაწილი გაიფიცა საპატრიარქოს წმ. ილია მართლის სახელობის თბილისის და სხვა სკოლებში. ასევე თბილისის 52-ე, 117-ე, 149-ე, 174-ე, 175-ე, 192-ე, 161-ე, 140-ე, პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლები; რუსთავში ჟიული შარტავას სახელობის მე-4 საჯარო სკოლა, ბათუმში მე-8 ფიზიკა-მატემატიკის სკოლა, ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლა, ილია ჭავჭავაძის სახელობის  მე-7 სკოლა; ქუთაისის 36-ე, 41-ე საჯარო და საერთაშორისო სკოლის მოსწავლეები დედა ენის ძეგლთან შეიკრიბნენ _ ერთად გააპროტესტეს თბილისში აქციების დარბევა და საქართველოს ევროპული კურსის ცვლილება. მშობლები ამბობენ, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ მათი შვილების ევროპული მომავალია და ემიჯნებიან არალეგიტიმური მთავრობის გადაწყვეტილებას.

აქვთ თუ არა უფლება სკოლის მოსწავლეებს, გამოხატონ და დააფიქსირონ თავიანთი შეხედულებები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ? როგორია განათლების სამინისტროს პოზიცია და შეასრულებს თუ არა დაანონსებულ რეპრესიებს „ურჩი“ მასწავლებლების მიმართ? ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“ ესაუბრება მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველ მფლობელს, სამოქალაქო განათლების მასწავლებელ ლადო აფხაზავას:

_ ბატონო ლადო, მოგესალმებით, რას ფიქრობთ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებით? როგორია თქვენი პოზიცია ე. წ. მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ევროკავშირთან 2028 წლამდე შეწყვეტილ მოლაპარაკებებზე?

_ ჯერ ქართველი ხალხი აღელვებული იყო იმიტომ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. ევროკავშირის პარტნიორები მოგვიწოდებდნენ, რომ საქართველოში ჩატარებულიყო სამართლიანი არჩევნები… გაბრაზებულები ქუჩაში გამოვდიოდით… ერთი პერიოდი, თითქოს მინელდა საპროტესტო ტალღა, მაგრამ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ირაკლი კობახიძეს, რადგან ასე უცებ გააშიშვლა თავისი გუნდი და გამოაცხადა, რომ 2028 წლამდე ვწყვეტთ მოლაპარაკებასო. ეს იყო მთელი ქართველი ხალხის გამოღვიძების დასაწყისი და ამით 2028 წლამდე კი არა, დამთავრდა, მიხვდა ქართველი ხალხი, გამოიღვიძა და დაიწყო ყველაზე დიდი ტალღა, რომელიც არცერთი პოლიტიკური პარტიიდან არ არის ორგანიზებული, თვითდინებით მოხდა ახალგაზრდების ქუჩაში გამოსვლა. იმ დღეს საქმე ისე ამეწყო, რომ დედაქალაქში მოვდიოდი და საღამოს პირველ საათზე ჩქაროსნული მატარებლით უკან უნდა დავბრუნებულიყავი, დიდლით გაკვეთილისთვის რომ ჩამომესწრო. გაოცებული ვიყავი, როგორ გამოვიდა გარეთ ასეთი დიდი რაოდენობის ხალხი. თავისით მიხვდა ხალხი, რომ ქვეყანა საფრთხეში იყო. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ პრემიერ-მნისტრს, რომ ასე გამოგვაღვიძა.  ვფიქრობ, თავისი გუნდიდან ალბათ დაისჯება იმ ავადსახსენებელი განცხადების გაკეთებისთვის _ ერის გამოღვიძება პატარა საქმე არ არის. მას ტალღა მინელებული ეგონა, მაგრამ მისმა „განცხადებამ“ უფრო მეტად ააზვირთა.

_ აქციაზე გახვედით?

_ როცა რეგიონში ცხოვრობ და ტელევიზორში უყურებ გულწრფელი ხალხის გამოსვლას, ძნელია, მერწმუნეთ, შორიდან უყურო შენი ყოფილი მოსწავლეების ცემა-ტყეპას, შენი კოლეგების გალახვას, სხვადასხვა პროფესიის ადამიანების შეურაცხყოფას… ვეღარ ვჩერდებოდი ერთ ადგილას, ამიტომ მომინდა  ახლოს ვყოფილიყავი ქართველ ხალხთან და სამშობლოსთვის პატარა აგური დამედო. დავრჩი დედაქალაქში და გავაგზავნე განცხადება ორივე სკოლაში, სადაც ვმუშაობ, _ ვიფიცები და ერთი კვირით ვწყვეტ სასწავლო პროცესს პროტესტის ნიშნად!

_ წინააღმდეგობას ხომ არ შეხვდით სკოლის ხელმძღვანელობის მხრიდან?

_ არა, მე დავურთე განცხადებას განმარტება იმის შესახებ, რომ პროტესტის ამ ფორმას და უფლებას, მე კონსტიტუცია მაძლევს თუნდაც სკოლასთან დადებული ხელშეკრულების გათვალისწინებით. წინააღმდეგობა რომც დამხვდეს, არამგონია, სასამართლომდე მივიდეს საქმე… რადგან ნელ-ნელა იშლება მონსტრი, რომელსაც ჰგონია, რომ ეს ქვეყანა მისი არის. ეს ქვეყანა არის ჩვენი, ქართველი ხალხის.  როდესაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნები მოგვიწოდებდნენ ცხრა რეკომენდაცია-პუნქტის შესრულებას და ხელისუფლება არ ასრულებს, მის  აღსრულებას იწყებს ხალხი.

_ როგორც მივხვდი, თქვენ ეთანხმებით და იზიარებთ პროტესტის მშვიდობიან ფორმას…

_ ჩვენ აუცილებლად უნდა ვიყოთ მშვიდობიანი პროტესტანტები. თუ არამშვიდობიან გზას ავირჩევთ,  წავაგებთ, რადგან ხელისუფლებას აქვს დიდი ბერკეტები იმისა, რომ ძალადობას უფრო მეტი ძალადობით უპასუხოს. დიახაც, ხელისუფლებას ეშლება ნერვები, რომ ეს საპროტესტო ტალღა არის მშვიდობიანი და მიმართავს სხვადსხვა ხერხს… რაღაცნაირად შემოაგზავნოს თავისი „ხალხი“…  

_ რას გულისხმობთ, პროვოკაციებს?

_ ერთ-ერთ აქციაზე ყოფნისას შეფუთული, სახედამალული ადამიანი მოვიდა ჩემთან და გამოლაპარაკება დამიწყო… აი, თქვენ ცნობადი სახე ხართ, ორგანიზატორი ხომ არ ხართ მოსწავლეების გამოსვლების, პროტესტს ეთანხმებით, არა?! რატომღაც, ამ შეფუთულ ადამიანს უნდოდა, დავთანხმებულიყავი ყველა მის შეკითხვას… ინფორმაციის მიღებას ცდილობდა ჩემგან… სახეს ვერ ვხედავ, ვერ გიცანი, თუ დამენახვები, გავისაუბროთ, _ მე სპონტანურად წამოვედი თბილისში და გამოვედი ქუჩაში, როგორც ეს ხალხი, _ ვუპასუხე უცნობს. დიდი სიფრთხილე გვმართებს და მჯერა,  ქართველ ხალხს ეყოფა გონიერება და გამბედაობა, რომ არ მიმართოს ძალადობრივი ფორმის პროტესტს. მშვიდობის მთავარი იარაღი დაანგრევს ხელისუფლების ციხეს შიგნიდან.

_ დღეს თაობები ერთად დგანან აქციებზე. თვალცრემლიანი მოხუცები ახალგაზრდებს არ ანებებენ პოლიციას… მოხუც ბებოს წყლის ჭავლის დასველებისგან პატარა გოგო-ბიჭები იცავენ და ეფარებიან… ზოგიერთები კი ილანძღებიან…

_ ნარატივს, რომელსაც თვითგამოცხადებული ხელისუფლება ატარებს, იმ ხალხზეა გათვლილი, რომელიც მარტივად იჯერებს ყველაფერს. აქციაზე ახალგაზრდა გოგონას აკაკი წერეთლის ციტატით ხელში მთავრობის მომხრე ლანძღავდა, _ რა უზრდელი თაობა გვყავსო. როცა გაიგო, პოეტის ციტატა ეწერა პოსტერს, არ დაიჯერა, _ აკაკი ამას არ იკადრებდაო! ანუ ეს ადამიანი არ იცნობდა ასეთი დიდი მწერლის შემოქმედებას. ამიტომ ხანდახან უნდა იკითხონ, გათვითცნობიერდნენ, რომ იცოდნენ, ვისი მომხრეები არიან,  რა უნდათ და რას ემხრობიან… დიახ, თაობები ერთმანეთს გადაკიდეს… ლანჩხუთში, სადაც ვცხოვრობ, ტაქსის მძღოლია, რომელიც მუდმივად აპროტესტებს გრძელ თმას ბიჭებზე, ლანძღავს ახალგაზრდებს სვირინგისა და ტატუს გამო. აღმოჩნდა, თვითონ როდესაც ახალგაზრდა იყო, ჯინსის შლაქსებით დადიოდა და გრძელი ბაკებიც ჰქონდა მოშვებული იმდროინდელ მოდაზე. დღეს მას ახალგაზრდების უკვირს. როდესაც ხანში შევალ და ასეთი აქტიური ვეღარ ვიქნები, როგორიც დღეს ვარ, ახალგაზრდებს და იმ დროს ხომ არ უნდა დავაბრალო? საბედნიეროდ, არიან განათლებული და კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც ახალგაზრდებს გვერდით დაუდგნენ. ასეთებს დასდევს რუსული რეჟიმი. მაგათ ჰგონიათ, რაც უფრო მეტ ხალხს სცემენ და დაარბევენ, მით უფრო შეაშინებენ და აღარ გამოვა გარეთ ხალხი. პირიქით, აი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის წინ ყოველდღე ტარდება საპროტესტო აქცია. ჩვენ ვითხოვთ ხელახალ სამართლიან არჩევნებს!

_ დედაქალაქსა და რეგიონებში სკოლები და უფროსკლასელები გაიფიცნენ. მათ მშვიდობიან საპროტესტო ფორმას მიმართეს და გაემიჯნენ მთავრობის გადაწყვეტილებას. ეროვნული დროშებით და პოსტერებით სკოლის ეზოებში მოაწყვეს აქციები. პედაგოგების, ფსიქოლოგებისა და სკოლის დირექტერების ნაწილმა დაგმო უფროსკლასელების ჩართულობა და აზრის დაფიქსირება ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ. თქვენ როგორ ფიქრობთ, აქვთ უფლება უფროსკლასელებს, გამოხატონ საკუთარი პოზიცია ამა თუ იმ მოვლენის მიმართ?

_ კონსტიტუციაში წერია, რომ პროტესტის უფლება ყველას გვაქვს. თუ შენ აანალიზებ, რა შეიძლება მოჰყვეს ამა თუ იმ განცხადებას, მოვლენას, ფაქტს, ხედავ რომ უფსკრულში იჩეხები, არ უნდა დააფიქსირო შენი აზრი?! აბა, რა უნდა გავაკეთოთ? უფსკრულში უნდა ჩავყვეთ? აბა, ასეთ განცხადებებზე _ ვაუქმებთ ამა და ამ საგანს, გაგათავისუფლებთ, რატომ იღებენ ხმას?! ახალგაზრდები და მოსწავლეები ხვდებიან და მასწავლებელი თუ ვერ მიხვდება, როგორი განცხადება გააკეთა ე. წო. პრემიერმა, მაშინ არ ყოფილა კარგად საქმე საჯარო სკოლებში…

_ გურიაშიც გაიფიცა რამდენიმე საჯარო სკოლა, უფროსკლასელი მოსწავლეები…

_ დიახ, იყო ასეთი გამონათებები. ბავშვებმა მიიღეს გადაწყვეტილება. მიუხედავდ იმისა, რომ მე საპროტესტო აქციების მონაწილე ვარ, არასოდეს მიმიცია უფლება ჩემი თავისთვის, მომეწოდებინა ბავშვებისთვის, რა უნდა გაეკეთებინათ. იცით, ხანდახან ამა თუ იმ მოვლენებზე მოსწავლეები თავიანთ აზრს გამოთქვამენ. თუნდაც არასწორზე და არასოდეს მითქვამს, რომ მისი აზრი მცდარია, რადგან ის მისი აზრია, მისი საკუთარი შეხედულებაა და მისი უფლებაა, ჰქონდეს! ვტოვებ მის შეფასებაზე და ვაწვდი ჩემს შეფასებას, მისი გადასაწყვეტი იქნება, რომელს აირჩევს, ბავშვის ნება და უფლებაა. ბავშვის უფლებას ვერ ვუღალატებ. მოსწავლე პროტესტის ფორმასაც თვითონ ირჩევს _ დროშას დაიჭერს ხელში თუ გაკვეთილიდან გამოვა, სკოლაში არ მივა, თუ საკლასო ოთახში დააფიქსირებს პროტესტს  სიტყვით გამოსვლით, მისი გადასაწყვეტია. მასწავლებლები კონფლიქტის მოგვარებას ვასწავლით მოსწავლეებს ჯგუფურ მეცადინეობებზე და თავად ხომ არ გავაღვივებთ წინააღმდეგობას?

_ ბატონო ლადო, ლანჩხუთის მე-2 საჯარო სკოლაში მოხდა ფაქტი, როდესაც შინდისის გმირის, ემზარ წილოსანის შვილმა, მარიამმა, „არ მინდა რუსეთი!“ _ ამ ფრაზით დააფიქსირა თავისი პოზიცია და გამოხატა პროტესტი გაკვეთილზე.

_ როდესაც მშვიდობიან მოსახლეობას საპროტესტო აქციებზე ხელისუფლებამ ძალადობრივი ქმედებები დაუპირისპირა, კადრების ჩვენების შემდეგ მარიამმა სკოლაში იკითხა, მოსწონდათ თუ არა მასწავლებლებს ახალგაზრდების ძალადობრივი ცემა-ტყეპა პოლიციის მხრიდან… იგი წინა დღეს ლანჩხუთში პოსტერით ხელში იდგა საპროტესტო აქციაზე. ხელოვნების მასწავლებელმა მარიამის ქმედება ასე შეაფასა: „რა სამარცხვინოა, რასაც შენ ახლა აკეთებ! ემზარ წილოსანის შვილი რომ ამას აკეთებ, სხვა რაღას გააკეთებს?“ ბავშვმა ტირილი დაიწყო. მასწავლებელი კი მშვიდად, გაღიმებული სახით შეურაცხყოფას აყენებდა მოსწავლეს და მოსწავლის პოზიციას მთელი კლასის წინაშე… მისი მამის გმირობას კი შვილისვე თვალწინ თელავდა! არ არსებობს ეს  ახალგაზრდა თაობა, ტყუილს რომ ვერ მიხვდეს ან რაიმე მანიპულაციას. ხელოვნების მასწავლებელმა წიგნი დახურა და განაცხადა, რომ გაკვეთილის გაგრძელებას აღარ აპირებდა მოსწავლის სამარცხვინო საქციელის გამო! „თუ ჩემს გამო გაკვეთილი უნდა ჩაშალოთ, მე გავალ“, _ უთხრა მარიამმა, რასაც მასწავლებლის მიძახება მოჰყვა, _ „გადი, ხომ არ გგონია, ვინმე გამოგყვეს“… მარიამს მთელი კლასი გაჰყვა გარეთ. ამ შემთხვევაში მოსწავლე უფრო ღირსეული გამოდგა, ვიდრე _ მასწავლებელი…

_ განათლების მინისტრმა განცხადება გააკეთა, გაემიჯნა სკოლებში საპროტესტო ტალღას და გაფიცული სკოლების, პედაგოგების, აქტივისტების აღრიცხვიანობა დააანონსა… რეპრესიებს აპირებს მინისტრი?

_ მაგდაგვარს ჩემთან ვერც გაბედავენ, რადგან იციან, გავახმოვანებ. მაგრამ გეტყვით, რომ პედაგოგების მხრიდან სოციალურ ქსელში პოსტების დადების შემთხვევები დაფიქსირდა _ პედაგოგები ემიჯნებიან ყოველგვარ ძალადობას, რომ უნდათ ევროკავშირი და ევროპული საქართველო… რამდენიმე დღე იდო ასეთი შინაარსის პოსტები მათ გვერდებზე, მაგრამ ახლა ვხედავ, რომ აიღეს და გააქრეს. ალბათ მიიღეს გაფრთხილებაც და შენიშვნაც, რადგან ხალხი პედაგოგებს მადლობებს უხდიდა, ეთანხმებოდა  და აზიარებდა მათ პოსტებს…

_ როგორ ფიქრობთ, ვისგან მიიღეს პოსტების აღების ბრძანება პედაგოგებმა? დაშინებით რას მიაღწევენ?

_ რესურსცენტრებმა სკოლის დირექტორები გააფრთხილეს, სკოლის დირექტორებმა _ მასწავლებლები. ასეთ „გაფრთხილებებს“, რატომღაც, რეპრესიებს არ უწოდებენ. თხოვნა შემისრულაო, _ ასეთ შეფასებას აკეთებენ, რასაც მე არ ვეთანხმები. ჩვენ მშვიდობიანი აქციებით ვაპროტესტებთ ევროკავშირთან საქართველოს ევროინტეგრაციის კურსის შეწყვეტას. ხელისუფლება თვითონ ჩამოიშლება. განათლების სამინისტროს მასწავლებისგან რა უნდა, როდესაც თავისი 140 თანამშრომელი ემიჯნება მას. ჩვენგან რა უნდა მინისტრს, როცა სამინისტროში ჰყავს გაფიცული ხალხი. მე ერთი კვირა გავიფიცე. ნელ-ნელა ჩამოიშლებიან, გვჭირდება დრო და გამძლეობა. ქართველმა ხალხმა 12 წელი ითმინა, ხმა არ ამოუღია და ახლა გამოვიდა გარეთ.  მეცამეტე წელი ნავსიანი გამოდგება ამ მთავრობისთვის, ესენი ცუდად დაამთავრებენ.

The post ლადო აფხაზავა: „მეცამეტე წელი ნავსიანი გამოდგება ამ მთავრობისთვის, ესენი ცუდად დაამთავრებენ“ appeared first on QronikaPlus.

სრულად წაკითხვა