ლავროვი: "ზურაბიშვილი მოეწყო რაღაც პოლიტოლოგიურ გონებრივ ტრესტში"

11 hours ago 2

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს მეხუტე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაოდ მოეწყო „რაღაც პოლიტოლოგიურ გონებრივ ტრესტში“

სალომე ზურაბიშვილის არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ASU) მაკკეინის ინსტიტუტის კისინჯერის სტიპენდიატად დაასახელეს. როგორც 9 იანვარს განაცხადა ზურაბიშვილმა

"ეს არ არის სტიპენდია, ეს არის ჯილდო. მეორე მხრივ, ეს არის დაფინანსება პროექტის, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ ქართულ თემატიკაზე დაიწეროს პროექტი, რაზეც ჩვენ დავიწყებთ მუშაობს".

ლავროვმა საქართველოში არსებულ ვითარებაზე კომენტარი მაშინ გააკეთა, როდესაც ვენესუელაში არსებულ მდგომარეობაზე დასმულ შეკითხვას პასუხობდა, ვენესუელაში 10 იანვარს ნიკოლას მადუროს ინაუგურაცია გაიმართა, თუმცა დასავლეთის ქვეყნები არჩევნებში გამარჯვებულად ედმუნდო გონსალესს მიიჩნევენ.

„შესაძლოა, ეგრეთ წოდებულმა პრეზიდენტმა გონსალესმა, ისევე როგორც ეგრეთ წოდებულმა პრეზიდენტმა გუაიდომ, (ვენესუელელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ხუან გუაიდო რედ.) მიბაძოს ყოფილი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მაგალითს, ის ხომ ძალიან მტკიცედ ამბობდა, რომ იქნებოდა საქართველოს ხელისუფლების ერთადერთი ლეგიტიმური წყარო, იჯდებოდა იმ სასახლეში და გასცემდა ბრძანებებს. დილით წავიდა და მოეწყო რაღაც პოლიტოლოგიურ გონებრივ ტრესტში. ძალიან რთულია ამ თემის კომენტირება, იმიტომ, რომ ეს სრული ფარისევლობაა, სრული დიქტატი, ადამიანების უპატივცემულობა, და რა თქვა უნდა, საკუთარი ინტელექტუალური და სხვა შესაძლებლობების კოლოსალურად გადაჭარბებულად შეფასება“, - თქვა ლავროვმა.

ის ირწმუნება, რომ საქართველოში არჩევნებზე ეუთოს დამკვირვებლებს სერიოზული დარღვევები არ აღმოუჩენიათ.

„შეხედეთ, როგორც დასცინიან ქართველ ხალხს, გვაბრალებდნენ, თითქოს იქ რაღაც მოვაწყვეთ, ეს ფორმულა ნიშნავს, რომ ყველაფერი სწორად გაკეთდა, ლეგიტიმურად, არა, მათ არ მოსწონთ“, - თქვა მან.

საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ ოთხივე ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტია, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ხალხი, რომელიც ყოველდღიურად მართავს აქციებს თბილისსა და სხვა ქალაქებში. არჩევნებთან დაკავშირებით კითხვები აქვთ საერთაშორისო პარტნიორებსაც.

ეუთომ და მისი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ODIHR) საქართველოს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო დასკვნა 20 დეკემბერს გამოაქვეყნა.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) საბოლოო ანგარიშში საპარლამენტო არჩევნების შესახებ ნათქვამია, რომ „ფინალურ ანგარიშში ხაზგასმულია მთელი რიგი პრობლემები,რომელმაც უარყოფითად იმოქმედა არჩევნების მთლიანობაზე და შეარყია საზოგადოების ნდობა პროცესის მიმართ“.

ეუთოს თანახმად, „არჩევნები ჩატარდა სერიოზული შეშფოთების ფონზე, რომელიც უკავშირდება ახლად მიღებული კანონმდებლობის გავლენას ძირითადი თავისუფლებებისა და სამოქალაქო საზოგადოების უფლებებზე, საარჩევნო პროცესში ჩართული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის შესუსტების მცდელობებს და ამომრჩევლებზე ზეწოლას, რაც, საარჩევნო დღის პრაქტიკასთან ერთად, ზოგი ამომრჩევლისთვის შიშის გარეშე ხმის მიცემის შესაძლებლობას ზღუდავდა“.

სრულად წაკითხვა