ლარი გაუფასურებას აგრძელებს - ევრო სამლარიან ნიშნულს გადასცდა

2 weeks ago 12

სამ დეკემბერს საქართველოს ეროვნული ვალუტა, ლარი კიდევ უფრო მეტად გაუფასურდა დოლართან, ევროსთან და გირვანქა სტერლინგთან მიმართებით.

სამ დეკემბერს დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსი, - რომელიც ოთხ დეკემბერს იმოქმედებს, - ასეთია:

  • 1 აშშ დოლარი - 2.8746 ლარი
  • 1 ევრო - 3.0252 ლარი
  • 1 გირვანქა სტერლინგი - 3.6438

ეს ბოლო ორ-ნახევარ წელიწადში პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროს ღირებულება გადასცდა სამლარიან ნიშნულს.

ევრო, რომლის ღირებულებაც კოვიდპანდემიისას და შემდგომ პერიოდში მაღალ ნიშნულზე, თითქმის ოთხ ლარამდე აღწევდა, სამლარიან ნიშნულს 2022 წლის ივლისში ჩამოსცდა.

მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ არ აპირებს „2028 წლამდე“ არ დააყენოს დღის წესრიგში ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი, ლარმა მკვეთრი გაუფასურება დაიწყო.

ექვს დღეში, 29 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე ლარი გაუფასურდა:

  • აშშ დოლართან მიმართებით - 13.3 თეთრით
  • ევროსთან - 13.5 თეთრით
  • გირვანქა სტერლინგთან - 17.2 თეთრით.

ეს ეროვნული ბანკის მიერ ორ დეკემბერს ოფიციალური გაცვლითი კურსით დადგენილი მონაცემებია, რაც ოთხ დეკემბერს იქნება ძალაში.

როგორც წესი, სავალუტო ჯიხურებში ლარის კურსი კიდევ უფრო გაუფასურებულია, ვიდრე ოფიციალური გაცვლითი კურსი.

Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში, 2 დეკემბრის 20:00 საათისთვის, ლარის ღირებულება კიდევ უფრო გაუფასურებულია და ერთი აშშ დოლარი 2.86 ლარი ღირს.

ირაკლი კობახიძემ ორ დეკემბერს განაცხადა, რომ ლარის გაუფასურება დროებითი მოვლენაა.

წინა და პოსტსაარჩევნო პერიოდში ლარის კურსი მეტნაკლებად სტაბილური იყო - დოლართან მიმართებით თითქმის არ შეცვლილა, და ოქტომბრის დასაწყისიდან ევრო და გირვანქა სტერლინგი გარკვეულ პერიოდებში იკლებდა კიდეც.

ამავე პერიოდში ეროვნულმა ბანკმა დიდი რაოდენობით რეზერვები გაყიდა.

მხოლოდ ოქტომბერში სებ-მა 591,1 მლნ დოლარი გაყიდა.

ლარმა მკვეთრი გაუფასურება დაიწყო „ქართული ოცნების„ მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის 28 ნოემბერს გაკეთებული გადაწყვეტილების შემდეგ:

„დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი“.

სრულად წაკითხვა