კითხვის დრო: 4 წთ.
ლაშა მარგიანი, პოეტი:
“სახარებაში ხომ ყველა ეპიზოდი ერთმანეთზე სასწაულია, მაგრამ იოანეს სახარებაში, მეხუთე თავში არის ერთი საოცარზე საოცარი მომენტი.
ხუთბჭიან აუზთან, რომელსაც ებრაულად ბეთეზდა ერქვა, დროდადრო ანგელოზი ჩადიოდა შიგნით და ამღვრევდა წყალს. ხოლო ვინც წყლის ძვრისას პირველი ჩავიდოდა შიგ, რა სენითაც არ უნდა ყოფილიყო სნეული, იკურნებოდა.
იქ იწვა უამრავი სნეული, ბრმა, კოჭლი და დავრდომილი, რომლებიც მოელოდნენ წყლის ძვრას.
იყო იქ ერთი კაცი, რომელიც ოცდათვრამეტი წლის განმავლობაში იტანჯებოდა თავისი სენით.
და აი, ის საოცარი მომენტი, რომელზეც მინდა ყურადღება გავამახვილო.
როცა იესომ ეს მწოლარე კაცი დაინახა, როცა განიცადა მისი მთელი ცხოვრების ტანჯვა და ტკივილი, ეგრევე კი არ განკურნა, არამედ მივიდა და უთხრა: გინდა განიკურნოო?
ანუ, წარმოიდგინეთ რაზეა საუბარი.
კაცი 38 წლის განმავლობაში ავადაა.
თან როგორც თვითონ ამბობს, ადამიანი არ მყავს, რომ წყლის ამღვრევისას აუზში ჩამსვას, ყოველთვის სხვა მასწრებს შიგნით ჩასვლასო და ეს 38 წელი ასე გრძელდება,
ამ კაცს იესო ეკითხება – გინდა, განიკურნოო?
როგორ ფიქრობთ, რატომ კითხა ეს?
განა არ შეეძლო ერთ წამში განეკურნა ისე, რომ არაფერი ეკითხა მისთვის. განა არ იცოდა, ის კაცი რას გრძნობდა და რას უპასუხებდა?
მაშინ რატომ კითხა?
იმიტომ კითხა, რომ მას უნდა დაედასტურებინა ხმამაღლა მისი თავისუფალი არჩევანი, მისი ნება, რომელიც არსებითად გამოხატავდა მის შინაგან მდგომარეობას, მაშინაც კი, როცა ეს ორჯერ ორივით მარტივი იყო. როცა თითქოს აბსოლუტური უაზრობა გამოდიოდა მისთვის ასეთი კითხვის დასმა.
განა საქართველოც ასე არ არის დამოუკიდებლობის შემდეგ დღემდე?
განა იმ დავრდომილი კაცივით არ გდია მიწაზე და სასწაულს არ ელოდება?
მით უფრო, როცა ეს სასწაული ჩვენ თვალწინ ხდება, მაგრამ ყოველთვის სხვები გვასწრებენ მისი ნაწილი გახდნენ. სომხეთი, აზერბაიჯანი, გაიხსენეთ უახლესი წლები და გადახედეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენებსა თუ პროცესებს.
განა ღმერთმა ვერ შეამჩნია ჩვენი საცოდაობა, განა ჩვენთან არ მოვიდა მხარში დასადგომად, ხელის გამოსაწოდებლად.
გადახედეთ რა ხდება ქვეყანაში, რამდენად გაუკუღმართებულია და ფსკერზეა დაშვებული ჩვენი ცხოვრება, როგორ ვშორდებით დღითიდღე მსოფლიოს განვითარებულ ნაწილს, როგორ ხელისგულზე ამოდის ქართული ოცნების მაღალჩინოსნების ჩადენილი სისაძაგლეები და კანონდარღვევები, როგორ აფრთრებივით ძიძგნიან და ჭამენ ერთმანეთს საკუთარი თავის გადასარჩენად.
ძალაუფლების შესანარჩუნებლად ამდენ რეპრესიულ კანონს იღებენ.
ჰაერი გაჟღინთეს უსამართლობით.
ჩვენც ფაქტობრივად სულს ვღაფავთ, თითქოს ჰაერიც კი აღარ გვყოფნის და სადაცაა უნდა დავიხრჩოთ, თითქოს უეჭველად ვაანალიზებთ, რომ ვიღუპებით, თითქოს ერთი სული უნდა გვქონდეს რომ გადავრჩეთ. ამ დროს ღმერთი მოდის და გვეკითხება – გინდათ გადარჩენა, განკურნებაო?
და ჩვენი პასუხი რა არის? პირში წყალი, თვალებში სიჩუმე, ციხეებში ათობით უდანაშაულო ადამიანი, რომელთა რიცხვი ყოველ დღე იზრდება.
ღმერთში ჩვენი ეროვნული სინდისის ხმა ვიგულისხმოთ, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებრივ პოზიციას განაპირობებს და ყველაფერი უფრო კარგად გასაგები გახდება.
როგორ ფიქრობთ, იმ სახარებისეულ ფრაგმენტში, იმ ავადმყოფს ქრისტესთვის პასუხი რომ არ დაებრუნებინა, განიკურნებოდა? ანუ ძალით განკურნავდა ქრისტე? რა თქმა უნდა, არა.
მიუხედავად იმისა, რომ 38 წელი ელოდა განკურნებას, როცა ეს დრო დადგა, როცა ერთი წამიღა აშორებდა ამას, სანამ ხმამაღლა, გაბედულად არ დაადასტურა მისი არჩევანი, რომ განკურნება სურდა, არ განიკურნა.
ჩვენი ამბავიც ასეა, როგორც ერის, სრულიად ერზე მაქვს საუბარი, როგორც ერთ სხეულზე და სულზე, თორემ ნაწილ-ნაწილ, ყველას რაღაც გვტკივა და გვაწუხებს და ყველას ჩვენ ჩვენი საფიქრალი და სადარდებელი გვაქვს.
ეჰ…”
გართობა artinfo.ge