ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობისათვის გელა უძილაურს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

7 hours ago 6

ყოფილ სპეცრაზმელს გელა უძილაურს 24 ოქტომბერს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა იგი ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის, კრიმინალური ავტორიტეტის მერაბ ჯანგველაძის ძმის, განზრახ და შეკვეთით მკვლელობაში დამნაშავედ ცნო.

უძილაური 14 მარტს თბილისის ვაკის რაიონში ჯანგველაძის მკვლელობიდან  რამდენიმე დღეში დააკავეს. იგი დუმილს ინარჩუნებდა 13 ოქტომბრის სხდომამდე, სადაც მან აღიარა დანაშაული და მოტივად „შურისძიება“ და თვითკონტროლის დაკარგვა დაასახელა. თუმცა, მან უარყო, რომ მკვლელობა განზრახ ან შეკვეთით იქნა ჩადენილი.

მისი ჩვენების თანახმად, მკვლელობა 2022 წელს უკრაინაში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, როდესაც მას ფიზიკურად გაუსწორდა ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც, სავარაუდოდ, ჯანგველაძის დავალებით მოქმედებდნენ ბიზნესთან დაკავშირებული  დავის შემდეგ. რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის ცნობით, დაცვის მხარეს ამ ვერსიის დამადასტურებელი მოწმეები ან სხვა გარემოებები არ წარმოუდგენია.

თუმცა, პროკურატურის ვერსიით, ძმებს დავით და გიორგი მიქაძეებს ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით „გარკვეული სახის უთანხმოება და დაპირისპირება გააჩნდათ ლევან ჯანგველაძესთან და ამ უკანასკნელთან დაპირისპირებაში მყოფ სხვა პირთა შეკვეთით, დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის ორგანიზება“. პროკურატურამ განაცხადა, რომ ამ მიზნით მიქაძეები, თავის მხრივ დაუკავშირდნენ მათ მეგობარს და ნდობით აღჭურვილ გიორგი ჯოხაძეს, რომელსაც გაანდეს მკვლელობის ჩადენის შესახებ გეგმა, რაზეც მისგან მიიღეს თანხმობა და სამივე მათგანმა დაიწყო დანაშაულის შემსრულებლის მოძიება. ბრალდებულები დაუკავაშირდდნენ გელა უძილაურს და უთხრეს მას, რომ მიღებული ჰქონდათ ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის შეკვეთა და გარკვეული მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ შესთავაზეს ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობა, რასაც უძილაური დათანხმდა.

საქმეზე გამოძიება გრძელდება, რადგან კიდევ სამი ეჭვმიტანილია დაკავებული, ხოლო ორს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. მათ შორის არიან გიორგი მიქაძე, რომელიც აგვისტოში დააკავეს და მისი ძმა დავით მიქაძე, რომელსაც ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა