ლევან ჯანგველაძის მკვლელობის გახმაურებულ საქმეზე სამ პირს უვადო პატიმრობა მიესაჯა

2 weeks ago 28

ბიზნესმენ ძმებს, დავით და გიორგი მიქაძეებს, ასევე მათ თანამოაზრე გიორგი ჯოხაძეს, უვადო პატიმრობა მიესაჯათ მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ისინი კრიმინალური ავტორიტეტის მერაბ ჯანგველაძის ძმის, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნო.

მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა განაჩენი 6 მაისს, სასამართლოს შენობის წინ პოლიციის ძლიერი მობილიზაციის ფონზე გამოიტანა. „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, რომელმაც სასამართლო სხდომა გააშუქა, ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ „ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურება“.

გიორგი მიქაძე 2025 წლის აგვისტოდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, ხოლო მისი ძმა, დავითი, ასევე გიორგი ჯოხაძე, საქართველოში არ იმყოფებიან და მათ პატიმრობა დაუსწრებლად მიესაჯათ. ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით ასევე იძებნება საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე, რომელსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვს და საქართველოში არ ცხოვრობს. მისთვის განაჩენი ჯერ არ გამოუტანიათ.

ლევან ჯანგველაძე, „კანონიერ ქურდად“ ცნობილი მერაბ ჯანგველაძის ძმა, 2025 წლის მარტში, თბილისში მოკლეს. ყოფილ სპეცრაზმელ გელა უძილაურს ოქტომბერში სამუდამო პატიმრობა მიესაჯა მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ იგი ჯანგველაძის განზრახ და შეკვეთით მკვლელობაში დამნაშავედ ცნო. მან აღიარა დანაშაული და მოტივად „შურისძიება“ და თვითკონტროლის დაკარგვა დაასახელა, თუმცა, უარყო, რომ მკვლელობა განზრახ ან შეკვეთით იქნა ჩადენილი. თებერვალში თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა სანდრო წივწივაძეს, რომლის კუთვნილი იარაღითაც მოკლეს ჯანგველაძე.

ძმები მიქაძეების ადვოკატმა შორენა ნიქაბაძემ განაცხადა, რომ საქმე არასაკმარის მტკიცებულებებს ეყრდნობა და დასძინა, რომ განაჩენი ზემდგომ ინსტანციებში და, საჭიროების შემთხვევაში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში  გასაჩივრდება.

თავის საბოლოო სიტყვაში გიორგი მიქაძემ უარყო ბრალდებები და განაცხადა: „5 მილიონი კი არა, 5 მილიარდი რომ მომცენ, კაცს არ მოვკლავ, ოჯახში გავიზარდე ტრადიციებით“.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა