„ლელოს“ მიერ საერთო ოპოზიციური პოზიციის შეცვლა , დარღვევა და დისონანსის შემოტანა, დიდ გაკვირვებას, გულის წყვეტას იწვევს“ – ელენე ხოშტარია

1 day ago 5

წინააღმდეგობის პლატფორმამ 26 მაისს მკაფიო განცხადება გააკეთა, რომ ადგილობრივი არჩევნები უნდა ჩატარდეს მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების პირობებში და ბიძინა ივანიშვილის კონტროლს მიღმა, ეს მოთხოვნა „ლელოდან“ ჩვენმა მეგობრებმა და პარტნიორებმა გაიზიარეს, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მისი თქმით, „ლელოს“ მხრიდან ამ ერთიანი საერთო ოპოზიციური პოზიციის შეცვლა, დისონანსის შემოტანა, დიდ გაკვირვებას, გულის წყვეტას იწვევს.

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ და მისი უკანონოდ პატიმრობაში მყოფი ლიდერები ძალიან დიდი ხანია თანმიმდევრულად ვასაბუთებდით, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე ფიქრიც კი არის დაუშვებელი და დამაზიანებელი იმ წინააღმდეგობისთვის, რომელშიც იმყოფება საქართველოს სრული უმრავლესობა. დღეს შექმნილ გაუგებარ ვითარებაში გაუგებარი განცხადებების ფონზე, რომელიც კეთდება ჩვენი პარტნიორი ზოგი პარტიისგან, ვალდებულად ვთვლი თავს, რომ დამატებით გავაკეთო განცხადება.

დღეს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა რეჟიმის ლეგიტიმაციაა, რუსული ძალადობრივი რეჟიმის ლეგიტიმაცია, ეს არის 26 ოქტომბრის რუსული სპეცოპერაციის და მიტაცებული არჩევნების აღიარება.

ეს არის ბრძოლის შეწყვეტა, აღარაფერს ვამბობ, რომ ეს არის ამორალური სინდისის პატიმრებისა და პოლიტიკური პარტნიორების ციხეში ყოფნის ფონზე“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მისი თქმით, ოპოზიციის ბრძოლის სტრატეგია უნდა იყოს რეჟიმის არაღიარება, ართანამშრომლობა, ყველაფერი, რაც არღვევს ამ პირობებს, სრულიად მიუღებელია.

„მე, როგორც წინააღმდეგობის პლატფორმის წევრი, რომელსაც სჯერა, რომ წინააღმდეგობის პლატფორმას აქვს პოტენციალი, იყოს პოლიტიკური გრავიტაციის ცენტრი, ვალდებულად ვთვლი თავს, დავაფიქსირო, რომ წინააღმდეგობის პლატფორმამ 26 მაისს გააკეთა მკაფიო განცხადება – ადგილობრივი არჩევნები უნდა ჩატარდეს მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების პირობებში და ბიძინა ივანიშვილის კონტროლს მიღმა. ეს რეჟიმი არჩევნებს არ ჩაატარებს. ამ გადაწყვეტილების ნაწილი იყო „ლელო“. ჩვენი მეგობრები და პარტნიორები „ლელოდან“ ეს მოთხოვნა გაიზიარეს, ამ პოზიციაზე იყვნენ. დღეს ამ ერთიანი საერთო ოპოზიციური პოზიციის შეცვლა, დარღვევა და დისონანსის შემოტანა, დიდ გაკვირვებას, გულის წყვეტას იწვევს. იმედია, ჩვენი პარტნიორები დაბრუნდებიან იმ პრინციპულ პოზიციაზე, რომელსაც რამდენიმე ხნის წინ თავად მოაწერეს ხელი“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ. (საზმაუ)

სრულად წაკითხვა