ლიეტუვა არ ემხრობა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებას

1 week ago 21

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ამბობს, რომ ის მხარს არ უჭერს ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრის მოწოდებას საქართველოს ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის შეჩერების შესახებ, ამტკიცებს, რომ ასეთი ნაბიჯი მთავრობას მოწინააღმდეგე სამოქალაქო საზოგადოებას იმედს გაუცრუებს.

ნაუსედას მიერ ვილნიუსში, ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარს ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

„კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ერთი ნაბიჯია ევროინტეგრაციის კიბეზე. არ ვფიქრობ, რომ ახლა უნდა წამოვიწყო ისეთი რამ, რაც საქართველოს უკან დახევს, რადგან ეს, ალბათ, დიდ იმედგაცრუებას გამოიწვევს სამოქალაქო საზოგადოებაში, რომელიც ამჟამად ქუჩაში გამოდის და პროტესტს გამოხატავს“, — განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

გიტანას ნაუსედამ „ოცნების“ ინიციირებული კანონპროექტი შეაფასა „რუსული კულტურის, რუსული Modus operandi-ს ქართულ სივრცეში გადატანა“.

„ის უკან ხევს აბრუნებს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ამ გზით წინსვლისას ისინი რეალურად უკან წავლენ. ყველა ეს გზავნილი გაკეთებულია. საქართველოს ინტეგრაცია შეჩერდება და შესაძლოა, დეგრადაციაც კი დაიწყოს, თუ ხელისუფლება გონს არ მოვა“, — განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

ნაუსედას თქმით, ევროპა უნდა დაეხმაროს სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც ხელისუფლების მსგავსი ქმედებების წინააღმდეგ იბრძვის.

„საქართველოს აქვს შანსი, საქართველოს აქვს შანსი დღეს, ასე რომ, მოდით მივცეთ საქართველომ იცხოვროს ისე, როგორც ცხოვრობს და რაც მთავარია, მისმა სამოქალაქო საზოგადოებამ იმოქმედოს“, – დასძინა მან.

31-მა ევროპარლამენტარმა ერთობლივი წერილით მიმართა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელს საქართველოში რუსული კანონის გარშემო დატრიალებული მოვლენებისა და ხელისუფლების ქმედებების შესახებ. წერილზე ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ შესაბამისად, საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა შეუჩერდეს, გაწევრების გზაზე შემდგომი პროგრესის მიღწევამდე.

“საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა შეუჩერდეს” – 31 ევროპარლამენტარი ბორელს მიმართავს

სრულად წაკითხვა