ლიეტუვის სეიმი გმობს აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობას და ევროკავშირს სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს

2 weeks ago 9

ლიეტუვის სეიმმა მკაცრად დაგმო საქართველოს ხელისუფლების ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ თბილისსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლების დაშინება და უკანონო დაკავება, და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ ევროკავშირის სანქციების დაკისრებისა და ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა.

სეიმის მიერ მიღებული რეზოლუცია ურყევ მხარდაჭერას გამოხატავს ქართველი ხალხის ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფების მიმართ. ძალადობის საპასუხოდ, ლიეტუვა მოუწოდებს ევროკავშირს, პერსონალური სანქციები დაუწესოს იმ ოფიციალურ პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც რეპრესიულ ქმედებებზე არიან პასუხისმგებელნი. სეიმი ასევე მოუწოდებს ევროკავშირს შეზღუდოს ოფიციალური კონტაქტები საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან, შეაჩეროს საქართველოს მთავრობისა და ხელისუფლების ფინანსური დახმარება და სანაცვლოდ გაზარდოს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა.  

რეზოლუციაში შეშფოთებაა გამოხატული 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. დოკუმენტში ნათქვამია, რომ არჩევნებმა ვერ დააკმაყოფილა საერთაშორისო დემოკრატიულ სტანდარტებს და არ უნდა ჩაითვალოს როგორც თავისუფალი, ან სამართლიანი.

ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე ევროპარლამენტის მოწოდების მსგავსად, სეიმი სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.

არჩევნების შედეგები პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ასევე ბარიერგადალახულმა ყველა ოპოზიციურმა ძალამ არ ცნო. გაყალბებული არჩევნების შემდეგ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და 30-მა ყოფილმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა 19 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელები შეიტანეს არჩევნების შედეგების გასაჩივრების მიზნით. თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლომ 3 დეკემბერს პრეზიდენტისა და ყოფილი დეპუტატების საჩივრები არსებით განხილვაში არ მიიღო.

ვითარება 28 ნოემბერს მას შემდეგ დაიძაბა, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ გააკეთა განცხადება.  სპეცრაზმმა საპროტესტო გამოსვლებს გადაჭარბებული ძალის გამოყენებით უპასუხამ, დაარბია მშვიდობიანი დემონსტრანტები, უკანონოდ დააკავა ისინი და მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. სახალხო დამცველის აპარატისა და მონიტორინგის სხვადასხვა ორგანოების ანგარიშებში მითითებულია, რომ დაკავებულებს სერიოზული დაზიანებები აღენიშნებათ. ვრცელდება განცხადებები პოლიციის მანქანებსა და პოლიციის განყოფილებებში მათი ცემის შესახებ, რაც წამების აქტად შეფასდა.

რეპრესიები 4 დეკემბერს გაძლიერდა, როდესაც პოლიცია ოპოზიციური პარტიების ოფისებში შევიდა და აქტივისტების სახლებიც გაჩხრიკა. ამ ქმედებების საპასუხოდ, რამდენიმე საერთაშორისო პარტნიორმა, მათ შორის ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და უკრაინამ, საქართველოს დე-ფაქტო ლიდერს, ბიძინა ივანიშვილსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა