როგორც ცნობილია, ხვიჩა კვარაცხელია და "ნაპოლი" კონტრაქტის განახლებასთან ახლოს არიან.
სიტყვიერად მხარეები უკვე შეთანხმდნენ, "პარტენოპეი" მზადაა, რომ ახალ ხელშეკრულებაში ფეხბურთელის გამოსასყიდ თანხად 80 მილიონი ევრო ჩაწერონ, წლიური ხელფასის სახით კი 6-7 მილიონი ევრო გადაუხადონ.
თუმცა ეს ყველაფერი იმას არ ნიშნავს, რომ კვარა ნეაპოლურ გუნდში კიდევ დიდხანს დარჩება.
დიდია ალბათობა, რომ შემდეგივე სეზონიდან ქართველი ვინგერი ახალ კლუბში ვიხილოთ. ამ ეჭვებს კი ვიქტორ ოსიმენის სიტუაცია ამართლებს, რომელმაც წინა წელს "ნაპოლისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა და ფაქტობრივად ყველამ იცოდა, რომ ნიგერიელი ზაფხულში გუნდს დატოვებდა.
შესაძლოა ასე ხდება კვარას შემთხვევაშიც, თუმცა ვიქტორს მსურველები არ ჰყავდა, კვარასთან კი განსხვავებული სიტუაციაა.
ქართველები ვითარებას განსაკუთრებით ვაკვირდებით, რადგან ხვიჩა ჩვენთვის განსაკუთრებულია.
ამ სტატიაში ვიმსჯელოთ, თუ რომელი გუნდი მოუხდება კვარას ყველაზე მეტად და პირიქითაც.
იწერებოდა "მანჩესტერ იუნაიტედის" ინტერესის შესახებ, ასევე აქტიურია "პსჟ".
ერთი შეხედვით ინგლისური კლუბი არც თუ ისე სასურველი ვარიანტია, თუმცა მომავლის გათვლით შესაძლოა სწორიც იყოს.
რუბენ ამორიმი ახალ გუნდს ქმნის და მან კვარას ტრანსფერი მოითხოვა კიდეც, ეს სურვილი კი ბევრზე მეტყველებს.
"პსჟ", რა თქმა უნდა, საფრანგეთის პირველი გუნდია, მაგრამ რამდენად ღირს აქ წასვლა სადავო საკითხია, რადგან ლიგა 1 არ არის იმ დონის, როგორიც იგივე იტალია. ინგლისი ან ესპანეთი.
ასევე კარგი ვარიანტი უნდა იყოს "ლივერპული", რომელსაც შემდეგი სეზონიდან მუჰამედ სალაჰი ტოვებს, მისი ჩანაცვლება კი. მიუხედავად სხვა სათამაშო პოზიციისა, კვარას ნამდვილად შეუძლია. თანაც ოფიციალურად ვიცით, რომ 2025 წლის ზაფხულიდან კლუბში გიორგი მამარდაშვილი ჩაირიცხება.
რაც შეეხებათ ესპანურ გრანდებს, "რეალ მადრიდი" და "ბარსელონა".
ამ ეტაპისთვის "ბლანკოსის" კარი დაკეტილია, მათ მარცხენა ფლანგზე 2 უმაღლესი დონის ფეხბურთელი, კილიან მბაპე და ვინისიუს ჯუნიორი ჰყავთ, ასევე როდრიგო გოეშსაც აქ ურჩევნია თამაში. სანამ სამივე მათგანი კლუბში იქნება, ალბათ ხვიჩას ყიდვას არ განიხილავენ.
"ბლაუგრანაში" კი განსხვავებული სიტუაციაა - ისინიც იჩენენ ქართველი მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს და არ არის გამორიცხული, რომ ზაფხულში მისთვის იბრძოლონ კიდეც. მათ მარცხენა ფლანგის გაძლიერება სჭირდებათ. შესაძლოა ჰანსი ფლიკის გუნდი ხვიჩასთან ერთად ძველ რელსებზე დაბრუნდეს და ახალი სეზონიდან კიდევ უფრო დიდი მიზნებისთვის იბრძოლოს.
კლუბების კიდევ ბევრი კარგი არჩევნია: "არსენალი", "ატლეტიკო მადრიდი", "მანჩესტერ სიტი" და ა.შ. კვარას ყიდვაზე უარს არავინ იტყვის.
ეს გუნდების ჩამონათვალი ალბათ საუკეთესო ვარიანტებია, თუმცა რა საკვირველია, სადაც არ უნდა გადავიდეს კვარა, მას მხოლოდ წარმატებებს ვუსურვებთ.