ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე – სიამაყე

1 week ago 8

სიამაყე – ღვთის დახმარებაზე უარია. სიამაყე აძევებს ღვთის დახმარებას. ის არასოდეს იზიდავს მას. რატომ? იმიტომ, რომ ამაყი ადამიანი არასოდეს მოუხმობს ღმერთს დასახმარებლად, არასოდეს გრძნობს, რომ ღვთის დახმარება სჭირდება. მას ყოველთვის საკუთარი თავი ჰყოფნის. არ საჭიროებს არავის რჩევას, ვერ ხედავს სხვას, ვისაც დახმარება სჭირდება. ყველაფერი იცის, ყველაფერში თვითკმარია, ყველაფრის უნარი აქვს, არავინ სჭირდება.

სიამაყე – სიგიჟის წინამორბედია. ამაყი ადამიანი ჭკუიდან იშლება. მას იმდენად მაღალი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე და იმდენად სჯერა იმის, რასაც ამბობს და ქადაგებს, რომ ნამდვილად გიჟდება. ვერაფერს ხვდება. მხოლოდ ის არის მნიშვნელოვანი, რისიც მას სჯერა, როგორ მოქმედებს.

სიამაყე – ყველაში ჩვენში ბრაზის წყაროა. თუ საკუთარ თავში ბრაზს ხედავ, ეს დასასრულია! ბრაზი სიამაყეს ნიშნავს. შეუძლებელია ამაყი ადამიანი არ ბრაზობდეს და პირიქით: ვინც ბრაზობს, ყოველთვის ამაყია. თავმდაბალი ადამიანი, მიუხედავად იმისა, ლანძღავენ, ამცირებენ, ეწინააღმდეგებიან თუ არა მის სიტყვებს, არ ბრაზობს, რადგან ვნებით არ არის მიჯაჭვული იმასთან, რისიც სჯერა და რასაც ამბობს. მასში სიმშვიდეა. ის არ კარგავს ამ სიმშვიდეს იმის გამო, რომ ვიღაცამ ლანძღა, დაადანაშაულა ან ცილი დასწამა. ეს ყველაფერი მისთვის კვამლია და გულს არ ეხება. ამაყი პირიქითაა. ოდნავი ეჭვის შემთხვევაშიც კი, რომ ვინმემ უგულებელყო, ის აალდება.

სიამაყე – თვალთმაქცობის კარიბჭეა. ამაყ ადამიანს არ სურს იყოს ისეთი, როგორიც არის და ხელოვნურად ილამაზებს თავს. მას სხვების აზრი აინტერესებს. რას იტყვიან მასზე?

სურს, რომ სხვებს მასზე კარგი წარმოდგენა ჰქონდეთ. ის ღიმილის ქვეშ მალავს თავის ბრაზს. იცით ეს ღიმილები? როცა სხვისი შეჭმა გინდა, მაგრამ ღიმილს ცდილობ. შიგნით ყველაფერი გიხუხუნებს, მაგრამ ცდილობ, არ გააფუჭო საკუთარ თავზე კარგი წარმოდგენა ან, როგორც დღეს ამბობენ, საკუთარი იმიჯი.

ის ცოდვების მცველია. სიამაყე ჩვენს ცოდვებს ინახავს, რადგან ამაყი არასოდეს ინანიებს. მას არ სჭირდება მონანიება, რადგან თვლის, რომ ყველაფერს კარგად აკეთებს, ყველაფერი რიგზე აქვს, ყველაფერი მასში კარგი და ლამაზია. რატომ მოინანიოს? რადგან ყველაფერი რიგზე აქვს, თავის ცოდვებს დაუთოებული და მოწესრიგებულად დაკეცილი თეთრეულივით ინახავს. მაგრამ განსხვავება ისაა, რომ ის მათ საკუთარ თავში ატარებს.

სისასტიკის წყაროა. სიამაყე არ გაძლევს უფლებას, თანაუგრძნო სხვას მის მწუხარებაში, რადგან სასტიკი ხდები, ძალიან სასტიკი. სხვისი, ტანჯული, დაღლილი და დამწუხრებული ადამიანის შეცოდება ადამიანურია, მაგრამ სხვისი სიხარულით გახარება კიდევ უფრო მაღალი და სულიერია. მაგალითად, ვინმემ მილიონი ლირა მოიგო, შენთან მოვიდა და ამბობს: იცი, მილიონი ლირა მოვიგე!

შენ კი საკუთარ თავს ეუბნები: „აჰ, მე დავკარგე, არ მოვიგე! იღბლიანი, ამდენი ფული მოიგო! მე რომ მომეგო და ნახევარი მიმეცა მისთვის?“ და ხმამაღლა ამბობ: – ოჰ, ძალიან მიხარია! ძალიან გამიხარდა, როცა ეს გავიგე!

შენში კი ყველაფერი თავდაყირა დგება. როგორ გაიხარო სხვისი ბედნიერებით? როგორ გაიხარო მისი წარმატებით? როგორ იგრძნო თავი ბედნიერად სხვისი ბედნიერების გამო? და რა ვთქვათ ყველაზე დიდზე – როგორ გაიხარო შენი მტრის სიხარულით და ბედნიერი იყო მისი ბედნიერების გამო? ბოლოს და ბოლოს, ძალიან გინდა მისი ტანჯვა დაინახო და არა მისი ბედნიერება…

ასე რომ, სიამაყე სისატიკის მიზეზია, რადგან მან არ იცის თანაგრძნობა.
მოდი ვეძებოთ სიამაყის მიზეზი ჩვენში და არა სხვებში, რადგან ის არის ფესვი ყველა ბოროტების.


წყარო: წიგნი: „და ნუ შეკრთება თქვენი გული“. (2018წ)

სრულად წაკითხვა