მინიმუმ 15 ადამიანი დაიღუპა ლისაბონის ფუნიკულიორ „გლორიაზე“ მომხდარი ავარიის შედეგად, როცა სამთო ტრამვაის ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა და შენობას შეეჯახა.
"ბიბისის" ცნობით, შემთხვევა ადგილობრივი დროით დაახლოებით 18:15 საათზე მოხდა.
18 ადამიანი დაშავდა. მათ შორის ერთი ბავშვი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სასწრაფო დახმარების ექიმების ცნობით, ხუთი პირი მძიმე მდგომარეობაშია.
დაღუპულებს შორის უცხოეთის მოქალაქეებიც არიან.
ყველა, ვინც ვაგონში იყო დარჩენილი, გამოიყვანეს.
ჯერჯერობით არ არის ოფიციალური ცნობა ავარიის მიზეზზე.
თვითმხილველმა პორტუგალიის ტელეარხ SIC-ს უთხრა, რომ დაღმართზე მიმავალი ფუნიკულიორი შენობას „მთელი სიჩქარით“ დაეჯახა:
“ის შენობას შეეჯახა საშინელი ძალით და მუყაოს ყუთივით დაიშალა. მუხრუჭი არ ჰქონდა”.
პორტუგალიის მთავრობამ ხუთშაბათი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა. საკუთრივ ლისაბონში კი სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.
ფუნიკულიორი “გლორია” ლისაბონის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ატრაქციაა.
პორტუგალიური გაზეთი Observador-ი წერს, რომ რკინიგზის გასწვრივ გაჭიმული ბაგირი მოეშვა, რამაც ტრამვაის კონტროლი დააკარგვინა და ახლომდებარე შენობას შეეჯახა.
ადგილიდან გავრცელებულ კადრებში ჩანს სრულად დალეწილი ვაგონი.
ფუნიკულიორი “გლორია” 1885 წელს გაიხსნა და ოცდაათი წლის შემდეგ მოხდა მისი ელექტრიფიკაცია. მისი მარშრუტის სიგრძეა 275 მეტრი და მის გავლას სამი წუთი სჭირდება.