WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

16 სექტემბერს გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა 12 სექტემბერს მაიორ პოლ უილკსის უკრაინაში დაღუპვის ფაქტი.

„მაიორი პოლ უილკსი დაიღუპა ავტოსაგზაო შემთხვევისას, ფრონტის ხაზიდან შორს. ის 40 წლის იყო“.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პოლ უილკსმა ოფიცრის წოდება მიიღო 2012 წელს, სანდჰერსტის სამეფო სამხედრო აკადემიის დასრულების შემდეგ და სამსახურს შეუდგა სადაზვერვო კორპუსში. ის არაერთ ოპერაციაში მონაწილეობდა, მათ შორის - ავღანეთში. უილკსი ოპერატიული სამსახურისთვის ორი მედლით არის დაჯილდოებული. 2026 წლის მაისში ის დაჯილდოვდა მედლით "ხანგრძლივი სამსახურისა და სანიმუშო ქცევისთვის".

გავრცელებულ განცხადებაში წერია:

„მაიორი უილკსი იყო გამორჩეული პროფესიონალი ოფიცერი, რომელიც გაერთიანებული სამეფოს არმიის საუკეთესო თვისებებს განასახიერებდა. ის იყო ნიჭიერი ლიდერი, რომელმაც დაიმსახურა აღიარება და პატივისცემა მათგან, ვისაც წილად ხვდა მასთან ერთად სამსახური. ის იყო შესანიშნავი ოფიცერი, კოლეგა და მეგობარი“.

პოლ უილკსს მეუღლე და ორი ვაჟი დარჩა.

დაღუპული ოფიცრის ზემდგომი იხსენებს:

„ძალიან დაძაბულ ვითარებებშიც კი პოლი ინარჩუნებდა იუმორის მკვეთრ გრძნობას და ჭეშმარიტ ადამიანურ სითბოს თანამებრძოლების მიმართ. ის იყო დიდი ინტელექტის ადამიანი და მუდამ რჩებოდა თანასწორად ყველა გვერდით მყოფის მიმართ.

ის ხშირად ლაპარაკობდა მეუღლისა და შვილების მიმართ სიყვარულზე, გამოხატავდა ღრმა მადლიერებას ოჯახის წევრების მხრიდან მხარდაჭერის გამო, რაც აძლევდა ღირსეულად მსახურების საშუალებას“.

პოლ უილკსის უმაღლეს პროფესიონალიზმზე ლაპარაკობს მისი ყოფილი ზემდგომიც, თუმცა ასევე ამბობს:

„ის, რაც პოლს ყველაზე მეტად გამოარჩევდა სხვებისგან იყო არა მხოლოდ მისი პროფესიონალიზმი, არამედ მისი ადამიანობა. მას ჰქონდა იშვიათი და შესაშური თვისება დაენახა ადამიანებში საუკეთესო თვისებები. ის იყო სრულყოფილი პროფესიონალი და სხვებზე მზრუნველი ოფიცერი, რომელიც შეცდომებს არა წარუმატებლობად, არამედ სწავლისა და განვითარების შესაძლებლობად აღიქვამდა. მისი ლიდერობით ადამიანები ყოველთვის პირველები იყვნენ, ნებისმიერ ვითარებაში“.