ლოს-ანჯელესში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს ტყის ხანძრების გამო

15 hours ago 2

კალიფორნიის შტატის ხელისუფლებამ ქალაქ ლოს-ანჯელესში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ტყის ხანძრების გამო, რომლებმაც ქალაქის დასავლეთ რაიონები მოიცვა.

ადგილობრივ მცხოვრებთ ევაკუაციის მითითება მისცეს. მხოლოდ ერთ, პალისეიდსის რაიონში, რომელიც ევაკუაციის ზონაშია, 30 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს.

კალიფორნიის შტატის გუბერნატორ გევინ ნიუსომის ინფორმაციით, ხანარმა უკვე გაანადგურა ბევრი შენობა. ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა 200 ათასამდე სახლს და სხვა შენობებს. ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, ხანძართან ბრძოლას ძლიერი ქარი ართულებს.

თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მუდმივი კავშირი აქვს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

კალიფორნიის შტატში კლიმატური პირობებით გამოწვეული ხანძრები ხშირი მოვლენაა. მხოლოდ 2024 წელს სხვადასხვა რაიონში 8 ათასზე მეტი ხანძარი იყო, რამაც საერთო ჯამში გაანადგურა დაახლოებით 425 ათასი ჰექტარი.

სრულად წაკითხვა