მაკა ბოჭორიშვილი თურქეთს სტუმრობს

1 month ago 5

„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი 26 თებერვალს თურქეთში ჩავიდა და თავის თურქ კოლეგას ჰაქან ფიდანს შეხვდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ასევე დაგეგმილია შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ნუმან ქურთულმუშთან.

შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაქან ფიდანთან

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ეკონომიკურ თანამშრომლობაზე საუბრისას აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია და ამ მიმართულებით ხაზი გაესვა არსებული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების მნიშვნელობას.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული „დინამიური დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში. ხაზი გაესვა მაღალი დონის სტრატეგიული პარტნიორობის საბჭოს ფორმატის გამოყენების მნიშვნელობასა და მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების გაცვლის აუცილებლობას“.

საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებასა და უსაფრთხოების გამოწვევებთან გამკლავების მიზნით ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე. „ამ კონტექსტში, აღინიშნა თურქეთის, როგორც მნიშვნელოვანი რეგიონული მოთამაშის როლი.მაკა ბოჭორიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა  საქართველოს მზაობა, წვლილი შეიტანოს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში“, – ნათქვამია სამინისტროს პრესრელიზში.

მინისტრების შეხვედრაზე განხილული იქნა რეგიონული და სატრანსპორტო ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებიც. „აღინიშნა შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობა და არსებული პოტენციალის სრულად ათვისების აუცილებლობა“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, „განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა აზერბაიჯანი-საქართველო- თურქეთის სამმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის პლატფორმის მნიშვნელობაზე, რომლის ფარგლებშიც სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მორიგ შეხვედრას თურქეთი უმასპინძლებს“. მხარეებმა ხაზი გაუსვეს „შუა დერეფნის” კონცეფციის გათვალისწინებით, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის, ბაქო-თბილისი ყარსის რკინიგზის,  ბუნებრივი აირის სამხრეთ დერეფნის პროექტების მნიშვნელობას.

„მქონდა პატივი შევხვდროდი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ჰაქან ფიდანს. მადლობელი ვარ მისი გულუხვი სტუმართმოყვარეობისთვის და ღია დისკუსიებისთვის მნიშვნელოვან რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება და საქართველოსა და თურქეთს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების ხელშეწყობა ჩვენი დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხია“, – დაწერა ბოჭორიშვილმა შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში.

მასალა განახლდება…

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

სრულად წაკითხვა