მაკა ბოჭორიშვილი სომხეთში ჩავიდა

10 hours ago 1

მაკა ბოჭორიშვილი, “ქართული ოცნების” საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს, 30 იანვარს, სომხეთის რესპუბლიკას ესტუმრა.

აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, არარატ მირზოიანთან, როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში.

შეხვედრაზე ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა “მინისტრის რანგში,  სომხეთში მისი პირველი ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობას “.

შეხვედრაზე საუბარი იყო საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვანი მეგობრობასა და სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე.

აღინიშნა ისიც, რომ საქართველო-სომხეთის სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციამ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობა ახალ საფეხურზე გადაიყვანა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის ეკონომიკურ და  სავაჭრო პარტნიორობაზე და  ტურიზმის მაღალ მაჩვენებელზე.

გარდა ამისა, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე. ხაზი გაესვა ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

“საქართველოს გულწრფელად სურს დაინახოს მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში. ჩვენ მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ ამის მისაღწევად, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი რეგიონი სტაბილური, მშვიდობიანი და აყვავებული იქნება. იმედი ვიქონიოთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება დაიდება ორივე მხარისთვის მისაღები პირობებით. მხოლოდ ეს შეიძლება გახდეს ამ რეგიონში სტაბილურობისა და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის საფუძველი. ჩვენი რეგიონის პოტენციალის გამოსაყენებლად კი, საჭიროა მხოლოდ ამ ფუნდამენტზე დაყრდნობა,” – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

ბოჭორიშვილმა დაამატა, რომ რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებზე საუბრისას აუცილებელია აღინიშნოს რუსეთის მხრიდან წამოსული გამოწვევები.

“არ შემიძლია არ აღვნიშნო ის პრობლემები, რომლებიც წარმოიქმნება ამ სიტუაციასთან დაკავშირებით. ეს არის ჰუმანიტარული პრობლემები, ეკონომიკური პრობლემები და მძიმე სოციალური პირობები. ეს კვლავაც რთულ პრობლემად რჩება საქართველოსთვის,”- აღნიშნა “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა.

შეხვედრის დასასრულს, ბოჭორიშვილმა მიროზიანი საქართველოში მოიწვია.

სრულად წაკითხვა