საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ხუთშაბათს მოკავშირეებს და მაღალი რანგის პოლიტიკოსებს ხვდებოდა. მას სურს სწრაფად დანიშნოს ახალი პრემიერ-მინისტრი მას შემდეგ, რაც უკიდურესად მემარჯვენე და მემარცხენე კანონმდებლებმა მიშელ ბარნიეს უმცირესობის მთავრობა დაშალეს.
ფრანსუა ბეირო, რომლის სახელიც ფრანგულ მედიაში ბარნიეს შესაძლო მემკვიდრედ ხშირად ფიგურირებდა, „ლე პარიზიენის“ და სხვა მედიის ცნობით მაკრონს ლანჩზე უნდა შეხვედროდა. ბეირო ვეტერანი ცენტრისტი პოლიტიკოსი და მაკრონის ახლო მოკავშირეა. პრემიერ-მინისტრობის შესაძლო კანდიდატად თავდაცვის მინისტრი სებასტიენ ლეკორნუც სახელდება, თუმცა მაკრონთან მისი შეხვედრის შესახებ ცნობები არ გავრცელებულა.
წყაროებმა სააგენტო „როიტერს“ უთხრეს, რომ მაკრონს პრემიერის შემცვლელის სწრაფად, პარიზის ღვთისმშობლის აღდგენილი ტაძრის გახსნის ცერემონიამდე დანიშვნა სურს. მოსალოდნელია, რომ ცერემონიას მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც დაესწრება.
ბარნიე, ვეტერანი კონსერვატორი, რომელიც პრემიერი სულ სამი თვის წინ გახდა, მაკრონის მიერ მისი გადადგომის დადასტურების შემდეგ, საფრანგეთის უახლეს ისტორიაში ყველაზე ხანმოკლე ვადით მოქმედი პრემიერი გახდება.
საფრანგეთში პოლიტიკური არეულობა კიდევ უფრო ასუსტებს ევროკავშირს, რომელიც გერმანიის კოალიციური მთავრობის ჩამოშლის გამო ირყევა და ეს ყველაფერი ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნებამდე რამდენიმე კვირით ადრე ხდება.