მაკრონი: ქართველებს საშუალება უნდა მიეცეთ, ხელახლა აიღონ ხელში საკუთარი ბედი

1 week ago 1

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ქართველ ხალხს მიმართავს. მიმართვის ვიდეოს და პრეზიდენტის განცხადების ქართულ თარგმანს საქართველოში საფრანგეთის საელჩო ავრცელებს.

ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საქართველო ევროპულ გზაზე წინ ვერ წავა, თუკი მშვიდობიან დემონსტრაციებს არაპროპორციული ძალით ჩაახშობენ. იგი დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ქართველებმა "ხელახლა აიღონ ხელში საკუთარი ბედი"

"საქართველოს ვერ ექნება ევროპულ გზაზე წინსვლის იმედი, თუ მშვიდობიან დემონსტრაციებს ძალის არაპროპორციული გამოყენებით ახშობენ, თუ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს, ოპოზიციური პარტიების წევრებს ავიწროებენ, თუ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას არ იცავენ.

მინდა მჯეროდეს, რომ არსებობს გზა, ქვეყნის ევროპული მისწრაფებების შესაბამისად, გზა ღია, თავაზიანი დიალოგისა ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციასთან. ეს დიალოგი ყველა ქართველის პასუხისმგებლობაა. მან ქართველებს საშუალება უნდა მისცეს, ხელახლა აიღონ ხელში საკუთარი ბედი. ეს გზა თქვენია. ამიტომაც დიდი ნდობა მაქვს ქართველი ხალხის მიმართ და დიდი ნდობა მაქვს ყველას მიმართ, ვისთვისაც ძვირფასია ეს პატივსაცემი ევროპული გზა და არ სურს დანებდეს დაშინებას, პროპაგანდას, კიბერშეტევებს, ინფორმაციის მანიპულაციას", - ამბობს საფრანგეთის პრეზიდენტი.

მაკრონმა, თავისი განცხადებით, საქართველოს მოსახლეობას აუხსნა, რას ნიშნავს ევროპული არჩევანი და რას სთავაზობს ევროპა საქართველოს. მაკრონის თქმით, "ევროპა არ არის შანტაჟი, ეს არის წესების მიღება, როგორც უთანხმოებების მოგვარების საშუალება".

"ევროკავშირი არ ავალდებულებს. ევროპა სთავაზობს, თანასწორი პარტნიორობის გზის დასახვით, კეთილდღეობისა და საერთო ღირებულებებისთვის. ევროპა არ აშინებს, არ იყენებს მუქარას. ევროპა არ ცდილობს ქაოსის დათესვას, ევროპა არ ცდილობს მეზობლების დესტაბილიზაციასა ან დამორჩილებას ომით ან ჰიბრიდული საშუალებებით. ის არ ცდილობს თავის მოქალაქეებს შორის განხეთქილების ან დაბნეულობის დათესვას. ევროკავშირი პატივს სცემს ხალხთა სუვერენულ ნებას, ერების ისტორიასა და იდენტობას, როგორიცაა ქართველი ხალხის ათასწლოვანი ისტორია.

ევროკავშირი არ კარნახობს რა არის ეროვნული ინტერესი. ის პატივს სცემს ტერიტორიულ მთლიანობას, კერძოდ საქართველოსას. ევროკავშირი არ უჭერს მხარს სეპარატისტებს თქვენს ქვეყანაში. ევროკავშირი წარმოადგენს მშვიდობის პროექტს, რომელიც ევროპის მშენებლობის საფუძველია მისი დაარსებიდან. ევროკავშირს არც აგრესიული ომი დაუწყია სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ. დიახ, ევროპა ეს არის სოლიდარობა, მშვიდობის არჩევანი, ერთი ოჯახისთვის საერთო სტრატეგიული ინტერესების კოლექტიური დაცვა. ევროპა არ არის შანტაჟი, ეს არის წესების მიღება, როგორც უთანხმოებების მოგვარების საშუალება. საქართველოს გადასაწყვეტია თავისი ბედი. ამისთვის კი ქართველების ხმას უნდა მოუსმინონ და პატივი სცენ", - აცხადებს მაკრონი.

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებას სოციალურ ქსელ X-ზე გამოეხმაურა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც მას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"ბატონო პრეზიდენტო, მადლობა მხარდაჭერისთვის. ევროპა ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანია, რომელმაც "ქართული ოცნების" ლიდერებს არ მისცა მანდატი, რომ ამ გზიდან გადაეხვიათ. მადლობა, ქართველი ხალხი არ შეშინდება!" - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.

11 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილისა და ემანუელ მაკრონის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია "ქართულმა ოცნებამ" გაავრცელა.

პარტიის განცხადებით, საუბარი ერთ საათს გაგრძელდა და „ივანიშვილი და მაკრონი შეთანხმდნენ, რომ მომდევნო დღეებში კვლავ შედგება კონტაქტი და შეფასდება მიღწეული პროგრესი“.

მოგვიანებით, ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის გამართულ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც.

მათი ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი თავისი ინიციატივით ესაუბრა ბიძინა ივანიშვილს და დაგმო სამართალდამცველების ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ.

"მან დაგმო სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დაშინება, ისევე როგორც სამართალდამცველების ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ. მან მოითხოვა ყველა უსამართლოდ დაკავებული ადამიანის (საქართველოში საფრანგეთის საელჩოს თარგმანის მიხედვით "უკანონოდ დაკავებული ადამიანის" რედ.) გათავისუფლება და გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების პატივისცემა.

მან კიდევ ერთხელ გამოხატა წუხილი იმის შესახებ, რომ საქართველომ გადაუხვია თავის ევროპულ ტრაექტორიას და ხაზი გაუსვა თავის რწმენას, რომ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებზე აუცილებლად აისახება ის ორიენტაცია, რომელიც არჩეული იქნა ან იქნება.

ის გამოვიდა მოწოდებით ინკლუზიური დიალოგის შესახებ ყველა პოლიტიკურ ძალასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ქართველი ხალხის ევროპული და დემოკრატიული მისწრაფებების პატივისცემით, რომელსაც ის კიდევ ერთხელ მიესალმა", - ვკითხულობთ ელისეს სასახლის მიერ გავრცელებულ ტექსტში.

მაკრონისა და ივანიშვილის სატელეფონო ზარამდე რამდენიმე დღით ადრე, 7 დეკემბერს, პრეზიდენტმა მაკრონმა პარიზში, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის პარალელურად, მიიღო საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც „ქართულ ოცნებასთან“ და ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირებულია. ის, ოპოზიციის მსგავსად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.

სრულად წაკითხვა