მაკრონმა გასულ წელს დაშვებული შეცდომები აღიარა

2 days ago 4

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 31 დეკემბერს თანამოქალაქეებს შემაჯამებელი სიტყვით მიმართა. საახალწლო მიმართვაში მან დანანებით განაცხადა, რომ მისმა გადაწყვეტილებამ, ივნისში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაენიშნა, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში კიდევ უფრო მეტი არეულობა შეიტანა.

2024 წელი მაკრონისთვის საკმაოდ მშფოთვარე იყო. ზაფხულში საფრანგეთის პოლიტიკური ცხოვრება ნაადრევი არჩევნების გამოცხადებამ ჩვეული რიტმიდან ამოაგდო. ამ რისკიანმა ნაბიჯმა მაკრონისთვის უარყოფითი შედეგი გამოიღო, რადგან ამომრჩევლებმა პარლამენტში გაცილებით მეტი ულტრამემარჯვენე კანონმდებელი შეიყვანეს, რამაც პრეზიდენტის ძალაუფლება შეასუსტა.

„გამჭვირვალეობა და თავმდაბლობა მაიძულებს ვაღიარო, რომ ამ ეტაპზე ამ გადაწყვეტილებამ უფრო მეტი არასტაბილურობა გამოიწვია, ვიდრე მშვიდობა და მე ამას ვაღიარებ“, - თქვა მაკრონმა საახალწლო ტელემიმართვაში.

”გადაწყვეტილებამ ასამბლეაში უფრო მეტი განხეთქილება გამოიწვია, ვიდრე ფრანგი ხალხისთვის პრობლემების გადაჭრა", - დასძინა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ნაადრევი არჩევნების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გამართლება, მაკრონმა ევროპულ არჩევნებზე მიღწეული ცუდი შედეგებით სცადა. მისი თქმით, შექმნილ ვითარებაში მეტი სიცხადის შეტანა იყო აუცილებელი.

უმრავლესობის დაკარგვის ფონზე, უმცირესობისგან მთავრობის ჩამოყალიბებას მაკრონმა თითქმის ორი თვე მოანდომა, რომელმაც დეკემბერში კოლაფსი განიცადა. მსგავსი რამ საფრანგეთში 1962 წლის შემდეგ არ მომხდარა.

შედეგად, საფრანგეთმა ვერ შეძლო 2025 წლის ბიუჯეტის წლის ბოლომდე დამტკიცება. მაკრონს კი დეკემბერში მოუწია წლის განმავლობაში უკვე მეოთხე პრემიერ მინისტრის დასახელება. ეს იყო ცენტრისტი ვეტერანი პოლიტიკოსი ფრანსუა ბაირუ.

სრულად წაკითხვა