მალხაზ მაჩალიკაშვილი: „ოპოზიციამ ხალხს იმედი დაუკარგა“

3 weeks ago 10

შორენა მარსაგიშვილი

რატომ არ დაიწყო ოპოზიციამ პროტესტი არჩევნების პირველადი შედეგების გამოცხადებისთანავე? რა დაინახა ხალხმა? რა შეცდომა დაუშვეს ლიდერებმა? არის თუ არა ხალხის ზურგს უკან ფარული გარიგებები ხელისუფლებასთან? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება სამოქალაქო აქტივისტი, მალხაზ მაჩალიკაშვილი:

_ ბატონო მალხაზ, საზოგადოების დიდი ნაწილი ეთანხმება ოპოზიციას, რომ არჩევნები გაყალბდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, გასაპროტესტებლად არავინ გამოდის ქუჩაში. თქვენ ხალხის ასეთ განწყობას რით ხსნით?

_ არჩევნები რომ გაყალბდა და თანაც ყველაზე საზიზღრად, ამაზე არავინ კამათობს. ამ გაყალბებით ხალხიც გამწარებულია, მაგრამ ქუჩაში არ გამოდის. განა, იმიტომ არ გამოდის, რომ გაპროტესტება არ უნდა, არ გამოდის იმიტომ, რომ აზრს ვერ ხედავს პროტესტში. ხალხში ასეთი განწყობა თავიდან ბოლომდე ოპოზიციის ბრალია.

_ რა არის ოპოზიციის ბრალი, მას არ გამოჰყავს ხალხი?

_ ოპოზიციის ბრალი ის არის, რომ ხალხს აქციებზე გამოსვლისკენ არ მოუწოდა. მეგონა, რომ ოპოზიცია 26 ოქტმობრის ღამესვე თუ არა, 27 ოქტომბერს მაინც გამოიყვანდა გარეთ ხალხს, მაგრამ სადღაც გაქრა ოპოზიცია და არავინ ხმას არ იღებდა.

_ ოპოზიციას რომ არ მოეწოდებინა, ხალხი ისე არ უნდა გამოსულიყო პროტესტის გამოსახატავად?

_ ხალხი ბევრჯერ გამოსულა თავისი ინიციატივით, ეს განსაკუთრებით ხშირად ახალგაზრდებს გაუკეთებიათ, მაგრამ არჩევნების შემდეგ განსხვავებული ვითარება იყო. ამ შემთხვევაში ოპოზიციას უნდა მოეწოდებინა ხალხისთვის, რომ გარეთ გამოსულიყო და გაყალბებული არჩევნები გაეპროტესტებინა. თავადაც ქუჩაში უნდა გასულიყვნენ. მთელი ეს წლები სულ პროტესტსა და ქუჩაში ვარ და ვიცი, რაც ხდება აქციებზე. პროტესტი მაშინ უნდა გამოხატო, სანამ ცხელია. მერე როცა ამბავი ჩაივლის, აქციასა და პროტესტს აზრი ეკარგება. ოპოზიციამ ეს შანსი ხელიდან გაუშვა. 27 ოქტომბერს რომ დაეძახა ხალხისთვის, ბევრი გამოვიდოდა ქუჩაში და შედეგიც იქნებოდა, მაგრამ ოპოზიცია სადღაც გაქრა.

_ მათმა გაქრობამ ბევრი ეჭვი გააჩინა. თქვენ რით ხსნით მათ დროებით გაუჩინარებას არჩევნების ღამეს?

_ ეს მათ უნდა აგვიხსნან, რატომ გაქრნენ. ამან საერთო საქმე ძალიან დააზარალა. დიდი იმედი მაქვს, რომ ვიღაცები რაღაც გარიგებებზე არ წავიდნენ.

_ ფიქრობთ, რომ ხელისუფლებასთან წავიდნენ გარიგებაზე?

_ ყველაზე არ ვსაუბრობ, მაგრამ ის დუმილი, როცა ხმაური უნდა ყოფილიყო, ძალიან ბევრ ეჭვს აჩენს. დიდი ეჭვი მაქვს, რომ სადღაც დაიმარხა ძაღლის თავი. ბოდიშს ვიხდი, რომ ასეთი შეფასება გავაკეთე, მაგრამ არსებულ სიტუაციას ეს შეფასება მიესადაგება. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გამიჩინა ოპოზიციამ და ასევე არის ხალხის დიდ ნაწილში. ამიტომ არ გამოდის ხალხი გარეთ, თორემ ყველამ კარგად იცის, რომ ეს არჩევნები გაყალბდა და არც ეს ხელისუფლება უნდა დარჩეს ქვეყნის სათავეში. ამის მიუხედავად, გარეთ გამოსვლაში აზრს ვერ ხედავსნ. ოპოზიციამ გააკეთა ძალიან ცუდი რამე, მათ ხალხს იმედი დაუკარგა.

მე პირდაპირი ადამიანი ვარ და ასევე ვამბობ სათქმელს, არ მაინტერესებს, ვინმეს ეწყინება თუ არა სიმართლე, რადგან სიმართლე სინათლეა. სიმართლე კი ის არის, რომ ოპოზიციამ არჩევნებამდეც და მის შემდეგაც ბევრი შეცდომა დაუშვა. ეს შეცდომები მე თუ დავინახე, მათ რატომ ვერ დაინახეს? არადა, ძალიან გამოცდილ პოლიტიკოსებად მიიჩნევენ თავს.

_ რა შეცდომები დაუშვა ოპოზიციამ არჩევნების წინ და არჩევნების შემდეგ?

_ წელს საქართველოში პირველად ჩატარდა არჩევნები ელექტრონულად.

ოპოზიცია ამას ისე იოლად დათანხმდა, რომ, ცოტა არ იყოს, ეჭვი გამიჩნდა. ოპოზიციას ეჭვები არ გასჩენია და სიხარულით შეხვდა ამ ამბავს. ლიდერები ამტკიცებდნენ, რომ ამ სისტემით არჩევნების გაყალბება შეუძლებელი თუ არა, მინიმუმამდე იქნება დაყვანილიო. ახლა იგივე ადამიანები ხალხს ეუბნებიან, რომ არჩევნები გაყალბდა. ხალხი გაკვირვებულია.

ხალხი ასევე გაკვირვებულია და გაოგნებულია, რომ ოთხმა ძირითადმა ოპოზიციურმა პარტიამ ისიც კი ვერ შეძლო, რომ საერთო ენა გამოენახა. პირადი ამბიციების გადადება ვერ შეძლეს და ამით საქვეყნო საქმე დააზარალეს. ეს არჩევნების შედეგზეც აისახა. სხვანაირად რომ ყოფილიყო, გაყალბების მიუხედავად, ოპოზიცია მაინც შეძლებდა გამარჯვებას.

_ ბევრი ფიქრობს, რომ ეს ოპოზიცია ერთიანი ფრონტით რომ გამოსულიყო, უფრო ცუდ შედეგს აჩვენებდა.

_ ეს, ვთქვათ, მართლაც ასეა, მაგრამ ისე შეეძლოთ ემოქმედათ, რომ ერთმანეთი არ დაეზიანებინათ. ერთიანი სიით არჩევნებზე არ გავიდნენ, გასაგებია, მაგრამ პროტესტი რომ ერთად გამოხატონ, არ შეიძლება? ერთმანეთის კრიტიკა დაიწყეს უკვე. ეს „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს და ხალხს საერთოდ დაეკარგება იმედი. ყველა პარტია ამბობს, რომ გაყალბებული არჩევნები გასაპროტესტებელია, მაგრამ ნაწილი მიიჩნევს, რომ ქუჩაში არ უნდა გამოვიდეს. სხვანაირად არჩევნების გაყალბება როგორ უნდა გააპროტესტონ? სოციალურ ქსელებში გამოხატავენ უკმაყოფილებას და ამით დამთავრდება? ასეთი მიდგომა არასწორია.

ძალიან გამაღიზიანებელია, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქუჩაში უნდა გამოვიდეთ, რათა ხელისუფლებას ჩვენი ხმა გავაგონოთო. რა ხმის გაგონება, ხალხო? ამ ხელისუფლებას კარგად ესმის თქვენი ხმა, მაგრამ ერთი ყურიდან რომ შეუშვებს, მეორე ყურიდან გაუშვებს. ამ ხელისუფლებიას თუ გინდა, რომ რამე შეაგნებინო, მძლავრი პროტესტი უნდა დაიწყო და არ გაჩერდე. რას ჰქვია, ხმა უნდა გავაგონო?!

ახლა არჩევნების მერე დაშვებულ შეცდომებზეც ვიტყვი: არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე გაქრა ოპოზიცია და ეს იყო უდიდესი შეცდომა. სასწრაფოდ უნდა დაწყებულიყო პროტესტი. ოპოზიცია ამისთვის მზად უნდა ყოფილიყო. მათ წინასწარ იზეიმეს გამარჯვება და როცა პირველადი შედეგები გამოცხადდა, სადღაც გაქრნენ. მინდა მჯეროდეს, რომ ეს შედეგების გამოცხადების შედეგად მიღებული შოკი იყო და მეტი არაფერი. ასე თუ გააგრძელა ოპოზიიამ, ხალხი საერთოდ აღარ გამოვა გარეთ და „ქართული ოცნება“ გააკეთებს იმას, რაც უნდა.

_ ხალხი გარეთ აღარ გამოდის, ე. ი. „ქართულ ოცნებას“ ხელ-ფეხი გახსნილი აქვს. ისედაც იმას აკეთებდნენ, რაც უნდოდათ.

_ ხალხი უიმედოდ არის განწყობილი და ბრძოლის გაგრძელების აზრს ვერ ხედავს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოს გარუსებას დაუშვებს.  „ქართული ოცნება“ საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს და არ მგონია, რომ ეს ჩვენმა საზოგადოებამ დაუშვას. ამას განსაკუთრებით გააპროტესტებენ ახალგაზრდები. ეს ის შემთხვევაა, რაც ყველას გარეთ გამოიყვანს _ მოხუცსაც, ახალგაზრდასაც და პოლიტიკოსსაც. ოღონდ პოლიტიკოსებმა სხვებს უნდა აცალონ და მორჩნენ ამ საეჭვო ქმედებებს. სტუდენტებს უფრო მეტი შესაძლებლობა უნდა მიეცეთ. ისინი გაუსვრელები არიან და რაც აშკარაა, მართლა უყვართ თავისი სამშობლო.

ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ არ გამოდის. ხალხში ვტრიალებ და ვხედავ, რომ მძიმე განწყობაა ოპოზიციის მიმართ. ეს უიმედობა ხალხში ოპოზიციამ თავისი უნიათობით და ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებით დათესა. პირადად მე საარჩევნო სიებმა გამაოგნმა. პარტიული სიები რომ წავიკითხე, მაშინვე ვთქვი, რომ ოპოზიციას ძალიან გაუჭირდებოდა. სიები ცოტა სხვანაირად რომ ყოფილიყო შედგენილი, არჩევნებს „ქართული ოცნება“ გაყალბების შემთხვევაშიც წააგებდა. ამ სიებმა ბევრი რამე უარესობისკენ შეცვალა ოპოზიციისთვის.  

ხალხში ძალიან დიდი ნიჰილიზმი და უიმედობაა, მაგრამ ამის მიუხედავად, მე მჯერა ჩემი ხალხის. მჯერა, რომ ჩვენი საზოგადოება არ დაუშვებს იმას, რომ საქართველო რუსეთის ნაწილი გახდეს. ამას ყველა აღუდგება წინ. პოლიტიკოსები ცოტა სხვანაირად უნდა მოიქცნენ. წინააღმდეგ შემთხბვევაში, მათაც სახლში გაუშვებს ხალხი. ყველაფერი ჯერ დაკარგული არ არის. რაღაცის გამოსწორება ჯერ ისევ შეიძლება. იმედი მაქვს, რომ ოპოზიციას ეყოფა სიმტკიცე და ხელისუფლების თამაშს არ აჰყვება. თუ აჰყვება, ეს იქნება თანამონაწილეობა საქართველოს გარუსებაში. ამას კი ხალხი არავის აპატიებს.

The post მალხაზ მაჩალიკაშვილი: „ოპოზიციამ ხალხს იმედი დაუკარგა“ appeared first on QronikaPlus.

სრულად წაკითხვა