მწერალი გიორგი კეკელიძე, რომელიც გერმანიაში, კელნში იმყოფება, სოციალურ ქსელში ემოციურ ამბავს გვიზიარებს.
როგორც გიორგი კეკელიძე წერს, ის დღეს პირველად, სწორედ გერმანიაში შეხვდა თამთა თოდიძეს, რომელმაც ლეიკემია დაამარცხა და როგორც მწერალი აღნიშნავს, ამ საქმეში უმცირესი წვლილი თავადაც მიუძღვის:
„ეს თამთა თოდიძეა. მასთან ძალიან უცნაური ამბავი მაკავშირებს და უცნაური იმდენად, რამდენადაც პირველად დღეს, გერმანიაში, კელნში შევხვდი, მაგრამ ვიცნობ ცხრა წელია.
ცხრა წლის წინ მამაჩემი ლეიკემიით გარდაიცვალა და მაშინ ვთქვი, რომ ერთი ჩემი მთავარი საქმე ამ სენთან მებრძოლი ხალხის დახმარება იქნებოდა და თამთა პირველი აღმოჩნდა, ვისზეც შემატყობინეს. მან ლეიკემია გერმანიაში დაამარცხა და დღემდე იქ ცხოვრობს. ამ საქმეში უმცირესი წვლილი მეც მიმიძღვის.
დღეს, ლექციის ჩასატარებლად მიმავალი, ქართველების საპროტესტო აქციაზე მდგარს გადავეყარე.
არის ამ ამბავში ალბათ რაღაც საკრალური. ამ განწყობაში. ამ ბრძოლაში“, – წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.