,,ახალგაზრდა ქართველი მწერლის ცისნამი საყვარლიშვილის ცხოვრება ფილმს ჰგავს. გოგონამ, რომელმაც წლების წინ ოჯახის დანგრევის შემდეგ, მცირეწლოვანი შვილი დატოვა და ემიგრაციაში წავიდა, უკვე იცოდა, რომ ჩვილობისას კახეთის სოფელ ვაჩნაძიანში იშვილეს, მაგრამ არ ჰქონდა ინფორმაცია ბიოლოგიური მშობლების შესახებ. გავიდა წლები, როდესაც საქართველოში დროებით ჩამოსულმა დედის შესახებ გაიგო, შეხვდა, მაგრამ ამ შეხვედრამ ემოციების გარეშე ჩაიარა.
დედა მმალავს, რადგან ეშინია… მისმა მეუღლემ არ იცის, რომ მის ცოლს სხვა კაცისგან შვილი ჰყავს” – ამბობდა ცისნამი ჩვენთან ინტერვიუში.
შემდეგ იყო მეორე ქორწინება, ამერიკელ ბარონზე, წლების შემდეგ შეხვედრა შვილთან და უამრავი ბედნიერი და ტკივილიანი დღეები მის ცხოვრებაში. გავიდა დრო და ბიოლოგიურ მამას და სამ დას შეხვდა, ამისთვის სპეციალურად საქართველოში ჩამოვიდა და ერთ თვეზე მეტი მამის ოჯახთან გაატარა. ახლა როცა ემოციები შედარებით დამცხრალია და ცისნამი ამერიკაში დაბრუნდა, მწერალთან ვრცელი ინტერვიუ ჩავწერეთ მის ცხოვრებაში მომხდარ ბოლო ამბებზე…
ცისნამი, შენი ცხოვრება ალბათ ნებისმიერი რეჟისორისთვის საოცნებო სცენარია. მოდი, მოგვიყევი, პირველად როგორ მისწერე ბიოლოგიურ მამას რომ მისი შვილი იყავი?
– გპირდებით რომ ერთ დღეს ჩემს ცხოვრებას დიდ ტელეეკრანებზე ნახავთ. წითელთმიანი გოგონას ცხოვრებას, რომელსაც ძალიან უყვარს სიცოცხლე და სიყვარული. მამისთვის არ მიმიწერია, გაბრაზებული პოსტი დავდე ფეისბუქზე და საჯაროდ დავწერე დედის და მამის სახელი და გვარი. ჩემმა დამ, ქეთი კაპანაძემ ნახა, შოკი მიიღო, ცუდად გახდა. ჩემი გამომწერი ყოფილა ფეისბუქზე, თუმცა არ იცოდა რომ მე მისი ნახევარ და ვიყავი. ცოტა რომ დაამუშავა მისმა გონებამ, რაში იყო საქმე, შეტყობინება დამიტოვა და მითხრა რომ მამამისზე, ბადრი კაპანაძეზე ვსაუბრობდი და ჩვენ საერთო მამა გვყავს.
დებთან ერთად
– როგორ მიიღე გადაწყვეტილება ჩამოსვლის შესახებ, ოჯახმა დაგპატიჟა?
– მას შემდეგ ონლაინით გავიცანი მამა, მამის არაჩვეულებრივი მეუღლე- ნარგო დევიძე, დები – ქეთი, მადონა, ნინო, ბიძაშვილ-მამიდაშვილები, ბიცოლები. საკუთარ ოჯახში რა დაპატიჟება მინდოდა?! ჩემმა მეუღლემ ალექსანდრემ საშობაო საჩუქარი გამიკეთა და ულამაზესს ბრილიანტ-ზურმუხტის ყელსაბამთან ერთად საქართველოს ბილეთები მაჩუქა. საერთოდ არ ვგეგმავდი ზამთარში ჩამოსვლას. სიცივეს ვერ ვიტან და ზამთარში მგზავრობას. უფრო ზაფხულისკენ ვგეგმავდი ვიზიტს, მაგრამ ალემ ეს ისეთი ამბავია, დიდი ხანი არ უნდა იცადოო. ასე რომ, ეს ალექსანდრეს იდეა იყო. კრედიტი მას ეკუთვნის.
– ძაიან ემოციური იყო ის კადრები, როდესაც აეროპორტში მთელი ოჯახი დაგხვდა…
– კი, ძალიან გამიხარდა ყველას დანახვა. პირველად ჩემს დისშვილს, მადონას გოგონას ანას ჩავეხუტე, შემდეგ მამას. მთელ ტანში ცხელი სისხლის მჩქეფარებას ვგრძნობდი და თავი მიხურდა. თითქოს ჩვენი სისხლი შეერწყა ერთმანეთს. სასწაული გრძნობა იყო. ენით ვერ აღვწერ, უნდა განიცადო ადამიანმა. შემდეგ სიყვარულით თავბრუ დამახვიეს და მთელი სამი კვირა და სამი დღე სიყვარულში გავატარე. ყველა ნაშვილებ ბავშვს ვურჩევ გაიცნოს საკუთარი ბიოლოგიური ოჯახი და ეს “სისხლის ყივილი” განიცადოს. თავი დანტეს სამოთხეში მეგონა, განსაწმენდლიდან ახლად ამოსული ვიყავი
– მამასთან გაუცხოება არ გქონია როდესაც პირველად ჩაეხუტე?
– არანაირი გაუცხოება. სისხლს დიდი ძალა აქვს. ეგრევე ვიგრძენი რომ ის ჩემი მამაა და მე მისი სისხლი და ხორცი ვარ. ამას თქვენ ვერ გაიგებთ თუ ჩემს ადგილას არ აღმოჩნდით. დიდებული გრძნობაა.
– საოცარი დები გყავს, მათზე მოგვიყევი
– ქეთი ბავშვთა ფსიქოლოგია, ეკონომისტი მეუღლე ჰყავს, სამი ულამაზესი შვილი და ბედნიერი ცხოვრება აქვს. შეძლებულები არიან. ნასწავლი, აზრზე მოსული. მადონა რომელიც შუათანაა, ქმარს გაშორებულია, ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობს მთავარ მენეჯერად. ორი შვილი ჰყავს, ანა და ანდრეა. კარგ ქმარს ვეძებ მისთვის. პირველ ქორწინებაში არ გაუმართლდა და მე ხომ ეს გამოცდილი მაქვს. მინდა ბედნიერი იყოს. ძალიან ბევრი მაქვს მასთან საერთო. ერთი ჭკუისები ვართ. გვიყვარს გართობა, სიცილი, კულინარია. მთელი ეს დრო მასთან ერთად გავატარე. ერთ ლოგინში გვეძინა და მის სუნთქვას ვგრძნობდი. აი, ძალიან საყვარელია, თან ლამაზი და პრანჭია. იმედია დანარჩენ ორ დას არ ეწყინება და მადონა ჩემი ფავორიტია. ორივე ვამსხვრევთ საზოგადოების მიერ დაწესებულ სტერეოტიპებს და თავისუფალი ადამიანები ვართ. გვიყვარს სიცოცხლე და თავისუფლება. მესამე დას ნინოს ოჯახში “ნატვრის ხეს” ეძახიან. მამა ბიჭს ნატრობდა და “ნატვრის ხე” ნინო გაჩნდა. გათხოვილია და სამი გოგო ჰყავს. ნინოს სხვადასხვა ფერის თვალი აქვს. ნინოს მამსგავსებენ მე გარეგნობით. ხომ მართლა, არ დამავიწყდეს სამივე დას სამედიცინო უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, პლუს მაგისტრატურა. ჩემთვის განათლება ძალიან მნიშვნელოვანია.
მამასთან და დებთან ერთად
– იმ დღეებში როცა დებდი ოჯახის ფოტოებს, წერდი ამბებს, ყველა კითხულობდა ამ ყველაფერზე რას ფიქრობდა მამის ახლანდელი ცოლი…
– მამის მეუღლე, ქალბატონი ნარგო ჩემთან ერთად ხარობდა ჩემი სიხარულითა და ბედნიერებით. საჩხერეში 4 დღე ვიყავი და თავს დამტრიალებდა. უგემრიელეს იმერულ ხაჭაპურებს მიცხობდა ყოველ დღე. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია და ლიტერატურასთან მეგობრობს. ადვილია განათლებულ ხალხთან ურთიერთობა. მისი მადლიერი ვარ, რომ საკუთარ ოჯახში ისე მიმიღო, როგორც საკუთარი შვილი და სიყვარული მაჩუქა.
– როდესაც ღიად წერდი მამის სიყვარულის ისტორიას, რა რეაქცია ჰქონდა ამ ქალბატონს?
– ძალიან ჩვეულებრივი და ნორმალური რეაქცია ჰქონდა. თავად შვილებს ასე უხსნიდა მამის სიყვარულის ისტორიას, მამა ტარიელია და თავის ნესტან-დარეჯანს ანუ ნანას დასტირისო. არშემდგარი სიყვარულის ისტორიას ზღაპრად აწვდიდა შვილებს, რომ მათთვის სტრესი არ მიეყენებინა. ასე იცის ლიტერატურასთან მეგობრობამ და მხატვრული ლიტერატურის სიყვარულმა.
შენმა მეუღლემ ალექსანდრემ, რა გითხრა, როდესაც ნახა, რომ შენი ბიოლოგიური ოჯახი ასე დაგხვდა?
– ალექსანდრე ძალიან ბედნიერია როცა მე ბედნიერი და გახარებული ვარ. მან მითხრა რომ ეს არის პროცესი ჩემი ცხოვრებისეული ტრავმების განკურნების. ალე-ბალე ჩემი ნომერი პირველი გულშემატკივარია, ჩემი გმირია. ნელ-ნელა მიტოვებული შვილის სინდრომიც მიქრება. ყველაფერი ლაგდება, ისე როგორც ღმერთს და სამყაროს უნდა. ასე რომ, ძალიან მადლიერი ვარ. დიდება უფალს!
– ვერ ნახე ბიოლოგიური დედა, მაგრამ შეგირიგდა, ერთადერთი საყვარელი შვილი, ალბათ გარკვეული როლი მამამ შეასრულა.
– დედამ შემომითვალა, ამ ეტაპზე შენი ნახვა არ მსურსო. მესმის, არაა პრობლემა. ნაწყენია, საჯაროდ რომ დავწერე მისი სახელი და გვარი და მისიც მესმის. მამის, დების და დისშვილების დამსახურებაა რომ მე და ჩემმა შვილმა ურთიერთობები დავალაგეთ და ყველაფერი ისეა როგორც ორივეს გვინდოდა. ამისთვის მათი მადლიერი ვარ. ირაკლის ძალიან მოეწონა ყველა და მეგობრობს მათთან.
– ცისნამი, მამამ როგორ აგიხსნათ, რომ ამდენი წელი არ უძებნიხართ?
– ძალიან რთული კითხვაა. ჯერ თქვა არ ვიცოდი შენი არსებობაო. შემდეგ თქვა, რომ დედაჩემს ისევ ხვდებოდა სანამ ის გათხოვდებოდა. მას უთქვამს რომ ბავშვი არსებობდა. მეორე დღისთვის დაუნიშნავთ შეხვედრა ერთმანეთისთვის რომ ერთად უნდა წასულიყვნენ და მოეძებნათ ჩემი თავი. მეორე დღეს დედა არ გამოჩენილა. მამას რომ დაურეკავს მას უთქვამს, უნდა გვთხოვდე და ბავშვი ხელს შემიშლის გათხოვებაშიო. რადგან დედამ ინიციატივა არ გამოიჩინა, მამამაც აღარ გააგრძელა ჩემი მოძებნა. დანარჩენ დეტალებში აღარ ჩავღრმავებულვარ. მე ყველას ყველაფერი მივუტევე. არც ახსნა-განმარტება მითხოვია მეტი. ახლა მხოლოდ სიყვარულის და ტკბილი მოგონებების შეგროვების დროა. ყველაფერი ცუდი წარსულში უნდა დარჩეს.
– ცისნამი, ოცნებები ხდება, ეს შენს ცხოვრებაზეა ნათქვამი. რას ეტყოდი იმ ადამიანებს ვინც ახლა გადის შენს გზას?
– ამ ქვეყანაზე შეუძლებელი არაფერია. ყველა ოცნება აუცილებლად რეალობად იქცევა. იმ ადამიანებს ვინც ჩემნაირ გზას გადის ვეტყოდი რომ არ შეწყვიტო წინ სიარული, არ შეწყვიტო ბრძოლა, რადგან ბოლო სიკეთისა და სიყვარულისაა. გააზიარეთ სიყვარული, ამ სიტყვებს გიტოვებთ მთავარ მესიჯად.
წყარო: ambebi.ge