მამუკა მამულაშვილი: „გავა რუსეთი საქართველოდან, არ წამოეგოთ პროვოკაციებს, სისხლისღვრას, ეს არის რუსეთის ინტერესი“

1 week ago 9

მიხეილ ხაჩიძე

უკრაინაში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მეთაური, მამუკა მამულაშვილი, აცხადებს, რომ საქართველოში პროცესები „მაიდნის“ იდენტური სცენარით მიმდინარეობს.

„საქართველოში ხდება იგივე, რაც უკრაინაში ხდებოდა 2014 წელს. პრაქტიკულად, რუსეთის სპეცსამსახურებმა, რომლებიც, ვთქვათ ასე, ქვეყნის ევროპული ინტეგრაციიდან ჩამოშორების ოპერაციას ატარებენ, ვერ ისწავლეს, რომ თავისუფალი ხალხის დამონება ძალიან ძნელია“, _ განაცხადა მამულაშვილმა რადიო „თავისუფლების“ უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში.

„მაიდანი“ 2014 წელს უკრაინაში მომხდარი „ღირსების რევოლუციაა“, რომელმაც პრორუს პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველობას დაუსვა წერტილი. კრემლმა მას ყირიმის ანექსიით, შემდეგ კი აღმოსავლეთ უკრაინაში ომის დაწყებით უპასუხა და დღემდე „სახელმწიფო გადატრიალებას“ ეძახის.

შეკითხვაზე, თუ რამდენად აისახება „ქართული ლეგიონის“ მოტივაციაზე საქართველოში მიმდინარე მოვლენები, მამუკა მამულაშვილმა განაცხადა, რომ „ძირითადი ბრძოლა უკრაინაში მიმდინარეობს. როდესაც რუსეთი დამარცხდება უკრაინაში, მას საქართველოზე გავლენის მოხდენის არანაირი შესაძლებლობა არ ექნება“.

მანამდე „ქართულმა ლეგიონმა“ რუსული დეზინფორმაცია უწოდა ცნობებს, თითქოს „ლეგიონი“ საქართველოში ჩამოსვლას გეგმავდეს:

„რუსულმა პროპაგანდამ ცოტა ხნის წინ დაიწყო ცრუ ცნობების გავრცელება იმის შესახებ, თითქოს „ქართული ლეგიონი“ გეგმავს საქართველოში დაბრუნებას და საპროტესტო აქციებში მონაწილეობას“, _ აღნიშნულია „ლეგიონის“ მიერ 3 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

„ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ ამ უსაფუძვლო ბრალდებებს. მიუხედავად იმისა, რომ სრულად ვუჭერთ მხარს ქართველი ხალხის სამართლიან აღშფოთებას საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შეაჩეროს სვლა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, ჩვენი ბრძოლა რჩება აქ, უკრაინაში, სადაც ჩვენი საერთო მტერია“, _ წერს „ქართული ლეგიონი“.

***

უმძიმესი ღამეები საქართველოში. ქვეყნის მოსახლოება თვითგამოცხადებული მთავრობის ანტიევროპულ გადაწყვეტილებას უკვე მეორე კვირაა, აპროტესტებს. მასობრივმა აქციებმა მოიცვა საქართველოს რეგიონებიც. ამ ფონზე ე. წ. რობოკოპები და „ტიტუშკები“ მომიტინგეებს სასტკად არბევენ, სცემენ, აგინებენ და აკავებენ. თავს ესხმიან ჟურნალისტებსაც. ასეთი სისასტიკე ხელისუფლებისგან საქართველოს, ალბათ, არ ახსოვს. „ოცნების“ რეჟიმმა მოსახლეობა ერთმანეთს გადაჰკიდა, ხალხს ერთმანეთი შეაზიზღა და ქვეყანაში რუსული მანერებით მართვის მექანიზმები აამოქმედა. 

7 დეკემბერს ღამით „ტვ პირველის“ ჟურნალისტებს, მაკა ჩიხლაძესა და გიორგი შეწირულს, ბესიკის ქუჩაზე დაესხნენ თავს. ტელევიზიის თანამშრომლებს ტვინის შერყევა დაუდგინდათ. ისინი ინგოროყვას კლინიკაში არიან ჰოსპიტალიზებულები.

როგორც კლინიკის ექიმი ამბობს, მათ უკვე ჩაუტარდათ კვლევების ნაწილი და მკურნალობას ნევროლოგიურ დეპარტამენტში გააგრძელებენ:

„ჩაუტარდათ მაღალტექნოლოგიური კვლევები, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ყველა სპეციალისტმა გასინჯა. მსუბუქი ტვინის შერყევა აქვთ. კვლევები კვლავ მიმდინარეობს. დაზიანებები ძირითადად აქვთ თავის, სახის არეში. ჯერჯერობით მიმდინარეობს გამოკვლევები“, _ ამბობს კლინიკის ექიმი.

„ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს შავებში ჩაცმული უცნობი პირები 7 დეკემბერს, ღამით დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

თავდასხმა პირდაპირ ეთერში მოხდა. როგორც მაკა ჩიხლაძე ჰყვება, გადამღები ჯგუფი ბესიკის ქუჩაზე სამუშაოდ მას შემდეგ ავიდა, რაც მათ შეიტყვეს, რომ ამ ტერიტორიაზე უცნობი პირები ადამიანებს არ აძლევდნენ აქციაზე ჩასვლის საშუალებას. მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა. ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გამოეხმაურა ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, რომელმაც თქვა, რომ „99%-იანი შანსია, ეს იყოს მიზანმიმართული პროვოკაცია ჩამქრალი მუხტის ფონზე“.

რას უნდა ველოდოთ? რა პროცესებისა და გამოწვევების წინაშე ვართ? როგორი უნდა იყოს ქართველი ხალხის პასუხი? _ ამ და სხვა თემების შესახებ „ქრონიკა+“-მა ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ „ქართული ლეგიონის“ მეთაურ მამუკა მამულაშვილთან:

_ ბატონო მამუკა, პირველ რიგში, როგორ აფასებთ საქართველოში მიმდინარე პროცესებს? მოგეხსენებათ, უკვე მეორე კვირაა, მწვავე აქციები მიმდინარეობს, მოქალაქეები ქუჩებში არიან გამოსულები და ე. წ. ხელისუფლების ანტიევროპულ გადაწყვეტილებას გმობენ.

_ ჩემი გადმოსახედიდან მოხდა ერთი რამ: როგორც ადრე ვიწინასწარმეტყველე, ეს იყო არჩევნების ფალსიფიკაცია, საქართველოს მთავრობამ, უფრო სწორედ, რუსეთის მთავრობამ შეგვიძლია უკვე პირდაპირ დავარქვათ, მოახდინა ხელისუფლების უზურპირება, გააყალბა არჩევნები, მოიპარა ჩვენი ხმები და საქართველოს საზოგადოება გამოვიდა ქუჩაში. ასეთი რეაქცია, როდესაც გართმევენ სამშობლოს, ბუნებრივია იმ დროს, როდესაც მიმდინარეობს საქართველოს რუსიფიკაცია. ქართველმა ხალხმა გასცა სათანადო პასუხი ბიძინა ივანიშვილსა და მის გუნდს, რომელსაც უნდა ააცილოს საქართველო დემოკრატიის გზას და უნდა ჰყავდეს ისევ რუსეთის მონობაში. ეს არის კრემლის დირექტივა, ივანიშვილი არ არის პოლიტიკოსი, რომელიც თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, ის იღებს დირექტივებს კრემლიდან და ასრულებს მას. ის არის რუსი ოლიგარქი და არა ქართველი ოლიგარქი. ეს არის უბრალოდ რუსი ოლიგარქი, რომელიც ცდილობს საქართველოს რუსიფიკაციას. რა არის, იცით? ამდენი წლის მერე, ამდენი ძალისხმევის მერე, რატომ ვერ მიხვდა რუსეთი, რომ საქართველოს რუსიფიკაცია ვერ მოხდება? მოკლედ, დროა, რომ მიხვდეს ე. წ. მთავრობა, რომ უნდა დანიშნოს ხელახალი არჩევნები, ფალსიფიკაციის გარეშე, რა თქმა უნდა. ტოტალური ფალსიფიკაციის პირობებში მოსახლოება ვერ შეძლებს იმის არჩევას, რაც უნდა _ ესაა დამოუკიდებლობა, ესაა პროდემოკრატიული გზა. ამდენად დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს საზოგადოება მშვიდობიანად იბრძოლებს, ძალადობა უნდა მხოლოდ ივანიშვილს.

_ ჩვენ ვხედავთ უდიდეს სისასტიკეს ე. წ. ძალოვნებისგან, იგივე „ტიტუშკებისგან“, რომლებსაც „ომონსაც“ კი უძახიან უკვე საქართველოში. ისინი სასტიკად არბევენ მოქალაქეებს, მომიტინგეებს, ჟურნალისტებს. აგინებენ მათ უშვერი სიტყვებით, სცემენ და არ ინდობენ. კამერების წინაც კი მსგავსი პროცესები საქართველოს მგონი, ნაკლებად ახსოვს. ამაზე როგორი უნდა იყოს საზოგადოების რეაქცია და პასუხი?

_ ეს არის გამძლეობა, ამტანობა. ან გაიმარჯვებს ქართველი ერი, ან _ რუსეთი. უნდა ავიტანოთ ეს შეურაცხყოფა კიდევ ერთხელ იმისთვის, რომ საქართველო განთავისუფლდეს. არ უნდა წამოვეგოთ პროვოკაციებს, რომელსაც გვთავაზობს რუსეთის ფედერაცია და მათი წარმომადგენელი _ საქართველოს ხელისუფლება. მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია დღეს საქართველოს დესტაბილიზაცია, სამოქალაქო ომი ან ნებისმიერი დაპირისპირება. ესაა რუსეთში დაწერილი სცენარი. დღეს ქართველმა უნდა გაიგოს, რომ რამდენჯერაც მოხდა საქართველოში დაპირისპირება, კომუნიზმის მერე თუ კომუნიზმამდე, იყო რუსეთის მიერ ინსპირირებული. გამორიცხეთ ყველანაირი სისხლისღვრა და პროვოკაცია. იდექით იქ, სადაც უნდა იდგეთ. ესაა ჩემი რჩევა საქართველოსადმი. რაც მეტხანს იდგებით, მით მეტად გაუცრუვდება რუსეთს იმედი ივანიშვილში, მით მალე გავა რუსეთი საქართველოდან. არ წამოეგოთ პროვოკაციებს, არ წამოეგოთ სისხლისღვრას, ეს არის რუსეთის ინტერესი.

_ თქვენ, როგორც მებრძოლი და მეომარი, როგორ აფასებთ ამ ადამიანების ქმედებებს, რომლებიც ქართველებზე ასე სასტიკად ძალადობენ? რა კატეგორიაა ეს ხალხი? რა ადამიანობაა ზოგადად მათი ეს ქცევები? 

_ ესენი არ წარმოადგენენ საქართველოს საზოგადოებას, მარბიელები არიან იგივე, რასაც წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილი. კარგად უნდა იცოდნენ, რომ ეს არის დასჯადი, რასაც ისინი სჩადიან დღეს. გაიხსენეთ ჩემი სიტყვა, სულ მალე დაისჯებიან ესენი საქართველოს კანონმდებლობით. უნდა გაითვალისწინონ ის, რასაც აკეთებენ დღეს. პირველ რიგში არის სამშობლოს ღალატი, რასაც აკეთებენ და მეორე რიგში ძალადობა უიარაღო ქართველების მიმართ. ეს ადამიანები ვერ იქნებიან საქართველოს საზოგადოების წარმომადგელები, ისევე როგორც ვერ იქნება ვერასდროს საქართველოს მოქალაქე ბიძინა ივანიშვილი და ვერ იქნება საქართველოს საზოგადოების რომელიმე ფენის წარმომადგენელი, ის არის რუსული საზოგადოების წარმომადგენელი.

_ პრეზიდენტის როლსა და ჩართულობაზე რას იტყოდით? რამდენად ეფექტიანად გადმოერთო ქართველი ხალხის მხარეს? ვიცით და გვახსოვს მისი ადრინდელი პოზიციებიც.

_ არ მჯერა ადამიანის, რომელმაც არ გაათავისუფლა  პოლიტპატიმრები. მან უნდა მოიპოვოს ქართველი მებრძოლების ნდობის მანდატი, უნდა შეიწყალოს პოლიტპატიმრები. აქ არაა მიხეილ სააკაშვილზე ლაპარაკი და ნუ გვაწერენ წარამარა, რომ მარტო მიხეილ სააკაშვილის გა,თავისუფლებას ვითხოვთ, ათასობით პოლიტპატიმარია, თუნდაც ახლა ტყვედ აყვანილი ახალგაზრდობა. ზურაბიშვილს შეუძლია გადადგას ეს ნაბიჯი და ახალგაზრდობა იხსნას, მანამდე მე ვერ ვიტყვი, რომ ის არის ლეგიტიმური ქართველი ხალხის თვალში. სალომე ზურაბიშვილი, თუ არ მეშლება, 12 წელი იყო ივანიშვილის გუნდის წევრი და წარმომადგენელი, პრეზიდენტიც გახდა ამ გუნდის ძალისხმევით, ისე რომ, ლეგიტიმაცია ჩვენს თვალში ამ ადამიანს ვერ ექნება.

_ დასავლეთის ჩართულობაზე გკითხავთ, მათი როლი რამდენად გარდამტეხი და მნიშნველოვანი იქნება? მაგალითისთვის, ჩვენ ვნახეთ უკრაინის პრეზიდენტის სანქციების გადაწყვეტილება. ვიცით ისიც, რომ ბალტიისპირეთისა და დასავლეთის ქვეყნები ერთგვარად უკრაინის მაგალითს ბაძავენ ხოლმე. სანქციების ეფექტზე რას იტყოდით, ზოგადად?

_ რა არის იცით?! _ დასავლეთი ყოველთვის აგვიანებს, დასავლეთი აგვიანებს იარაღის მიწოდებას უკრანიისთვის და ათასობით უკრაინელი კვდება ამის გამო. დასავლეთი ძალიან ბევრს გვპირდება და ძალიან გვიან ასრულებს. მე გამიკვირდა, როდესაც საუბარი იყო, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე. დასავლეთმა საქართველოს მოსახლეობას კი არ უნდა შეუქმნას პრობლემები, არამედ ივანიშვილს, მის გარემოცვას, ოჯახის წევრებს, გუნდის წევრებს და პოლიტიკურ მიმართულებას და ინდივიდუალური სანქციები დაუწესოს. ვიზალიბერალიზაციის გაუქმება ივანიშვილს გულზე არ მოხვდება, ჩვეულებრივი ქართველი ვეღარ ჩავა ევროპაში და ვეღარ ნახავს, როგორც ბიძინა ამბობდა, რა კარგად ცხოვრობენ და კმაყოფილი იქნება იმით, როგორც თვითონ ცხოვრობს. დასავლეთი უნდა იყოს ბევრად უფრო ჩართული, ბევრად უფრო უნდოდეთ დემოკრატიის გამტკიცება და არ უნდა იყვნენ თვითკონცენტრირებულები ყოველთვის და მარტო საკუთარ თავს არ უნდა აქცევდნენ ყურადღებას, როგორც ეს მოხდა 2008 წელს, როდესაც ერთ-ერთ ყველაზე დიდ არმიას დაუპირისპირდა საქართველო და მაინც საქართველოს დასდეს ბრალი, ყოველ შემთხვევაში, ეცადა ბევრი ევროპის ქვეყანა, რომ საქართველოსთვის დაედოთ ბრალი, რომ საქართველომ დაიწყო ომი. ეს იგივე რიტორიკაა, რასაც ივანიშვილი ამბობს და სხვათა შორის, ზურაბიშვილმაც გაიმეორა ეს რიტორიკა. ესაა რუსული რიტორიკა და ამიტომ ვერ ვენდობი ადამიანს, რომელიც რუსული რიტორიკით ცდილობს საქართველოს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი იყოს. ისე რომ, დასავლეთს ბევრი პრობლემა აქვს, დასავლეთს მორალური პრობლემა აქვს პირველ რიგში, რადგან მეგობარს როდესაც რაღაცას ჰპირდები, აუცილებლად უნდა შეუსრულო დაპირება. ამ შემთხვევაში უკრაინასაც ვგულისხმობ და საქართველოსაც. დასავლეთმა პრობლემა უნდა შეუქმნას, ვისაც საჭიროა.

_ „ოცნების“ მთავრობა დიდ იმედებს ამყარებს ტრამპზე. დღეს ჩვენ ვნახეთ ტრამპის, ზელენსკის, მაკრონის შეხვედრა პარიზში. თქვენ როგორ ფიქრობთ, ტრამპის ეფექტი უკრაინასა და საქართველოსთან მიმართებითც როგორი იქნება?

_ რატომღაც, პრორუსული პოლიტიკოსები ძალიან ელოდებიან ტრამპის ინაუგურაციას, მე არ ვიცი, რისი იმედი აქვთ. ტრამპის გარდა არსებობს 300 მილიონზე მეტი ამომრჩეველი, რომელიც აკონტროლებს თავის პრეზიდენტს, განსხვავებით საქართველოს მოსახლოებისგან. ძალიან დიდი ზემოქმედება აქვს ამომრჩეველს თავის დაქირავებულ მუშაკზე, როგორიც არის პრეზიდენტი ან რომელიმე სხვა პოლიტიკოსი. შემიძლია გითხრათ, რომ ამერიკის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს უკრიანას და უკრიანის დახმარებას. არ ვიცი, რატომაა რუსეთი ასეთი აღელვებული. ვერ გეტყვით ტრამპის პოლიტიკას, ტრამპი არის არაპროგნოზირებადი, აქედან გამომდინარე, ვერ მივხვდებით მის მიმართულებას, სანამ არ გახდება პრეზიდენტი ინაუგურაციის შემდეგ. ამიტომ არ ვიცი, რატომ და რა უხარიათ რუსებს. შევხედოთ, როცა ოფიციალურად გახდება, ამის შემდეგ გაირკვევა მისი პოზიცია თუნდაც საქართველოს ან უკრაინის მიმართ.

_ მსოფლიოში, ზოგადად, რთული პროცესები მიმდინარეობს, ახლა ეპიცენტრია სირიაც, სადაც დიქტატორ ასადის რეჟიმს ანადგურებენ. იქ რეჟიმის მარცხი რუსეთის მარცხიცაა, თქვენ რას ფიქრობთ?

_ მგონია, რომ ეს არის რუსეთის პოზიციების შესუსტება მსოფლიოს მასშტაბით და ეს არის ძალიან პოზიტიური, რადგან რუსეთი კარგავს ძალაუფლებას, რუსეთი კარგავს გავლენას და ეს ხდება თვალსაჩინო მთელი მსოფლიოსთვის.

_ უკრაინის ფრონტის ხაზზე გადმოვერთოთ, რა ვითარებაა საომარ ხაზზე?

_ რთული ვითარებაა, რადგან ველოდებით ისევ შეიარაღებას, იმას, რასაც ჩვენი პარტნიორები შეგვპირდნენ და გვპირდებიან, მეოთხე წლის ომის პირობებში. ახლა არჩევნები ჩატარდა შტატებში და ველოდებით ამერიკის პოზიციას, გაგრძელდება ასეთი ნელ-თბილი მომარაგება უკრიანის თუ მაგასაც შეწყვეტს ამერიკა? ყოველ შემთხვევაში, ევროპის იმედიც გვაქვს, რადგან დინამიკამ გვანახა, რომ როდესაც შეერთებული შტატები ნაკლებად ეხმარება უკრაინას, ევროპა უფრო აქტიურდება. ვნახოთ, რა მოხდება, ველოდებით ტრამპის ინაუგურაციას. ვითარება ფრონტზე არის ისეთი, რომ ვიმყოფებით აქტიურ თავდაცვის პოზიციებში. არის მონაკვეთები, სადაც ძალიან ცდილობენ რუსები აღმოსავლეთის ფრონტზე წინ წამოწევას, სტრატეგიული სიმაღლეების აღებას, მაგრამ ვერ იწევენ, არის ყოველდღიური შეხლა-შემოხლა რთულ პირობებში.

_ ჩრდილოეთ კორეელ სამხედროებზე თავიდან ბევრი ინფორმაცია მოდიოდა, ახლა აღარ ახსენებენ. ფრონტის ხაზზე მათი გამოყრით (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშნვენლობით) რუსეთმა რამე სახის ხეირი მიიღო?

_ ჩრდ. კორეის არაორგანიზებული საჯარისო ფორმირებებია, რომლებსაც არასდროს ჰქონიათ საბრძოლო გამოცდილება, არ მიუღიათ მონაწილეობა არცერთ კონფლიქტში, მათი ოჯახის წევრები არიან ტყვეები საკუთარ ქვეყანაში. როგორც ვიცი, ტყვეობის შემთხვევაში მათ ოჯახებს ემუქრებათ საფრთხე, სერიოზულ სამხედრო ძალას არ წარმოადგენენ. ბევრი მათგანიც უკვე განადგურებულია.

_ ამ მძიმე პერიოდების განმავლობაში როგორია ზოგადი მოტივაცია, თუნდაც თქვენს გუნდში, „ქართულ ლეგიონში“?

_ „ქართული ლეგიონი“ არის ყველაზე დიდი უცხოური ფორმირება უკრაინის ჯარში. 6 დეკემბერს კიევმა დააჯილდოვა „ქართული ლეგიონი“ სახელმწიო ჯილდოებით. კიევის მერმა დააგვაჯილდოვა ჰოსტომელში ჩატარებული ოპერაციისთვის, რადგან ჩვენ ვიყავით პირველები, რომლებიც რუსეთის ჯარს დავხვდით ჰოსტომელის აეროპორტში და კიევისა და კიევის რეგიონის დაცვისთვის სახელმწიფო ჯილდოები გადმოგვეცა. კიევის მერმა კლიჩკომ ჯილდოები გადმოგვცა შემდეგ მებრძოლებს: ვანო ხახვიაშვილი, ლევან ფიფია, მამუკა მამულაშვილი, ერეკლე ამირანაშვილი, რატი კაკაურიძე, ჯონი ფოილარაშვილი და გიორგი თარაშვილი. ესენი იყვნენ მებრძოლები, რომლებიც ჰოსტომელში პირველები უტვნენ, როდესაც რუსები შემოვიდნენ. კიევის მერმა ასე წაგვახალისა და დაგვაფასა, ასე ვთქვათ. მოტივაციას რომ დავუბრუნდეთ, მოტივაცია საკამოდ მაღალია, უბრალოდ, ველოდებით გადაწყვეტილებას გლობალურად, რასაც მიიღებს ტრამპი. აქედან გამომდინარე გვეცოდინება მომავალი საბრძოლო სტრატეგია.  

The post მამუკა მამულაშვილი: „გავა რუსეთი საქართველოდან, არ წამოეგოთ პროვოკაციებს, სისხლისღვრას, ეს არის რუსეთის ინტერესი“ appeared first on QronikaPlus.

სრულად წაკითხვა