23 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოქალაქეები 5 000 ლარით დააჯარიმეს თითქოსდა არასწორი პარკირების გამო, თუმცა ზოგიერთი ამბობს, რომ მათ ავტომობილები საერთოდ არ ყავთ. ჯარიმის მოცულობა იგივეა, რაც პროტესტის დროს გზების გადაკეტვისთვის.
ცოტა ხნის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „ტექნიკური ხარვეზი“ დაფიქსირდა და დასძინა, რომ შესაბამისი სამსახური მუშაობს პრობლემის მოსაგვარებლად. მისივე თქმით, სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე საჯარიმო ქვითრები გამოქვეყნდა ავტომატურად, ვიდეოჯარიმის პრინციპით.
„8 მარტს დავჯარიმდი მანქანის არასწორი გაჩერებისთვის, 5000 ლარით“, – წერს სოციალურ ქესელში ქეთუნა ქერაშვილი, საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ირაკლი ქერაშვილის და, და დასძენს: „არ მყავს მანქანა“.
„აი ასე, ერთი შეტყობინებით ადამიანიდან სატრანსპორტო საშუალებად გადამაკვალიფიცირა ქართულმა ოცნებამ“, – წერს ივა პეზუაშვილი, რომელსაც ჯარიმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-5 ნაწილით შეუფარდეს, რაც შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ წესების დარღვევას ეხება.
„ჩემმა ტრანსპორტმა, რომელიც არასდროს მყოლია, დაარღვია შეკრებისა და მანიფესტაციის წესი“, – წერს დათო სიმონია. „საპატრულოს ქოლ-ცენტრში მითხრეს, შეტყობინების პირველ წინადადებას ყურადღება არ მიაქციო, რუსთაველის გადაკეტვისთვის დაგაჯარიმესო“.
შეტყობინებები არ შეიცავს მანქანის სანომრე ნიშნებს, მაგრამ შეიცავს ჯარიმის ქვითრის ნომერს.
სამართლის ექსპერტი ნიკა სიმონიშვილი ვარაუდობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები „ამდენი ჯარიმის ჩაბარებას ვერ აუდიოდნენ და გაიმარტივეს საქმე“. მისი თქმით, „აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ გამოქვეყნება ისე დაიწყეს, ფოსტით ჩაბარება არც კი უცდიათ, რაც ფორმალურად კანონის დარღვევაა“.
მიმდინარე საპროტესტო აქციების დაწყებიდან, უკვე მეხუთე თვეა, ასობით დემონსტრანტი – და რამდენიმე ჟურნალისტი – გზების სავარაუდო გადაკეტვისთვის დააჯარიმეს. უფლებადამცველები თვლიან, რომ მმართველი პარტია მაღალ ჯარიმებს, რომლებიც ორჯერ აღემატება საშუალო თვიურ შემოსავალს საქართველოში, განსხვავებული აზრისა და წინააღმდეგობის ჩასახშობად იყენებს.
ასევე წაიკითხეთ:
- 19/03/2025 – საია: აქციის მონაწილეებისთვის დაკისრებული ჯარიმები შეკრებისა თავისუფლების უფლების მძიმე დარღვევაა
This post is also available in: English (ინგლისური)