5
მარაბდაში მომხდარი სასტიკი მკვლელობა – კიდევ ერთ ბრალდებულს 20-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
პროკურატურის ინფორმაციით, რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად, ანგარებით და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 20 მაისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდაში, ბრალდებულმა ორ თანამზრახველთან, მათ შორის ერთ არასრულწლოვანთან ერთად ავტომანქანის დაუფლების მიზნით, ტაქსის მძღოლს თავის არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს და ე.წ. „ტროსით“ დაახრჩვეს.
კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირიხლოს ტერიტორიაზე გადაიტანეს და დამარხეს, შემდეგ მოკლულის ავტომობილს დაეუფლნენ.
სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“, „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი, ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით და ანგარებით) და სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, – ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ორი ბრალდებული, მათ შორის არასრულწლოვანი სასამართლომ უკვე ცნო დამნაშავედ და ერთს 20 წლით, ხოლო არასრულწლოვანს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.