მარკუს ავრელიუსის რჩევა ქართველებს | გიორგი ლებანიძე

2 weeks ago 7

ავტორი: გიორგი ლებანიძე, ფილოსოფიის პროფესორი (მისისიპის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აშშ)

რომის ყველაზე დიდი იმპერატორი მარკუს ავრელიუსი გვირჩევს:

„იყავი კლდე, რომელსაც ზღვის ტალღები ეხეთქება, უდრეკად დგას და მის ირგვლივ აღელვებული ზღვა მშვიდდება. ნუ იტყვი ‘მე უბედური ვარ რადგან ეს დამემართა.’ პირიქით მე ბედნიერი ვარ, რადგან განსაცდელს გლოვის გარეშე ვიტან, არც აწმყოს ვაძლევ უფლებას რომ შემაძრწუნოს და არც მომავლს – შემაშინოს. რაც არ უნდა შეგემთხვეს, ეს ვერანაირად ვერ შეგიშლის ხელს, იყო სამართლიანი, გულკეთილი, უბიწო, ბრძენი, მტკიცე, მართალი, თავმოყვარე და თავისუფალი, ვერ შეგიშლის ხელს იყო ჭეშმარიტი ადამიანი. გახსოვდეს თუ არასასურველი ბედი გეწვია, უთხარი საკუთარ თავს: ეს არ არის უბედურება, ეს არის ამ გასაჭირის ღირსეულად დაძლევის შანსი.“

ეს რჩევა ხშირად უნდა წავიკითხოთ და მუდმივად გვახსოვდეს ამ დღეებში, როდესაც ქვეყნის გარუსებისა და დიქტატურულ ჭაობში ჩაძირვის წინააღმდეგ ვიბრძვით. სტოიკური ეთიკა, რომლის ერთ-ერთი საუკეთესო განსახიერებას მარკუს ავრელიუსი წარმოადგენს, გვასწავლის რომ ერთადერთი ჭეშმარიტი უბედურება არის უღირსი საქციელი და ერთადერთი ჭეშმარიტი ბედნიერება არის ღირსების შენარჩუნება და კულტივირება. ანუ არ უნდა გვეშინოდეს არც რამის დაკარგვის, არც ტკივილის, არც ავადმყოფობის, არც დასახიჩრების, არც დევნის, და არც სიკვდილის. ვერცერთი ეს განსაცდელი ვერ გავნებს თუ არ გაიძულა უღირსი საქციელის ჩადენა. ერთადერთი უბედურება რაც შეიძლება დაგემართოს, არის უღირსად ანუ უსამართლოდ, მხდალად, უტვინოდ და გაუწონასწორებლად/სასოწარკვეთილად მოქცევა.

ამდენად, ყოველი ქართველის ჭეშმარიტი განსაცდელი დღეს არის არა ის რომ ფეხქვეშ გვითელავენ ქვეყანას, ღირსებას, და თავმოყვარეობას, არამედ იმისი შესაძლებლობა რომ ჩვენ ამას უბრძოლველად შევეგუოთ.

ივანიშვილი გვეუბნება რომ თქვენ, ქართველები ჩემი ყურმოჭრილი მონების გარდა არაფერს წარმოადგენთ. მე არ მაინტერესებს თქვენი აზრი, თქვენი ნება. მე ვიღებ გადაწყვეტილებას და თქვენ უნდა თავი დაღუნოთ და გამომყვეთ ცხვრებივით. ზოგს შეგაშინებთ, ზოგს გიყიდით, ზოგს დაგიჭერთ, ზოგს ტვინის ჩარეცხვით თავგზას აგიბნევთ და ამ ქვეყნის ბედს განვსაზღვრავ მხოლოდ მე. მე ჯერ სახეში შეგაფურთხებთ, მერე სულში ჩაგაფურთხებთ და თქვენ ამის გამო მადლობას გადამიხდით. ახლა ჩვენზეა დამოკიდებული დავეთანხმებით მას თუ არა. მის გონებაში ამ ვნებების არსებობას ჩვენ ვერაფერს ვერ ვუშველით, მაგრამ შეგვიძლია ვუშველოთ საკუთარ თავს და მის უღირსობას ღირსეული და გაბედული საქციელით ვუპასუხოთ. ამავდროულად, ყველა იმ ძალოვანს და საჯარო მოხელეს ვინც შიშის ანდა თავგზააბნეულობის გამო ემორჩილება რეჟიმს, უნდა ესმოდეს რომ მათ შეიძლება შეინარჩუნონ სამსახური და ხელფასი, მაგრამ ისინი ანადგურებენ თავიანთ თავში ყველაზე ღირებულს – ადამიანის ღირსებას. და ბოლოს კიდევ ერთი რჩევა სტოიცისტებისგან:

„წყალდიდობა ერთს წაგვართმევს, ცეცხლი მეორეს. ასეთია ადამიანთა ხვედრი, რომლებსაც ჩვენ ვერ შევცვლით და ჩვენზე არაა დამოკიდებული. ჩვენზეა დამოკიდებული ჩვენი ღირსეული და კეთილშობილური საქციელით ჩვენი სულის გაკეთილშობილება და ჭეშმარიტი ადამიანად ჩამოყალიბება. ასეთი სული ღირსეულად და გაბედულად უმკლავდება ყველაფერს, რასაც ბედი არგუნებს და ამით საკუთარი ნება შესაბამობაში მოჰყავს კოსმიურ წესრიგთან.“(სენეკა)

სრულად წაკითხვა