მარსიაკში ჯაზის ორი საუკუნოვანი ლეგენდის პატივსაცემად

3 hours ago 3

ჯაზის სამყაროში 2026 წელი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, აღინიშნება ორი უდიდესი მუსიკოსის, მაილს დევისისა და ჯონ კოლტრეინის დაბადებიდან 100 წლისთავი. ამ ღირსშესანიშნავ თარიღს განსაკუთრებული პროგრამით ეხმიანება საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯაზფესტივალი,JAZZ IN MARCIAC, სადაც მაყურებელმა მოისმინა ორ გამორჩეულ კონცერტი, რომლებიც ამ ორი გიგანტის შემოქმედებით მემკვიდრეობას მიეძღვნა.

კონცერტის პირველ ნაწილში მსმენელის წინაშე წარსდგა ჯეიმს კარტერი (James Carter) პროექტით “TRANE : A CENTENNIAL SUPREME”.

JAMES CARTER

ეს არის ამერიკელი საქსოფონისტის მიერ შექმნილი სპეციალური საკონცერტო პროგრამა, რომელიც მიეძღვნა ჯაზის ერთ-ერთი უდიდესი ფიგურის, ჯონ კოლტრეინის (John Coltrane)-ის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს.

პროექტის მთავარი იდეა არ არის მხოლოდ კოლტრეინის ცნობილი კომპოზიციების შესრულება. ჯეიმს კარტერის თქმით, მისი მიზანია მსმენელმა იგრძნოს ის შემოქმედებითი, სულიერი და ინტელექტუალური ძალა, რომელმაც კოლტრეინის მუსიკა წარმოშვა.

კარტერი ცნობილია იმით, რომ თავისუფლად უკრავს ტენორ, სოპრანო, ალტო, ბარიტონ და ბას-საქსოფონებზე. სწორედ ამიტომ, ამ პროექტშიც იგი არ ცდილობს კოლტრეინის სტილის პირდაპირ კოპირებას, პირიქით, იგი იყენებს საკუთარ ფართო მუსიკალურ ენას.

კოლტრეინის დაბადებიდან 100 წელი მთელი ჯაზური სამყაროსთვის განსაკუთრებული მოვლენაა. ჯეიმს კარტერის პროგრამა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ცოცხალ მუსიკალურ პატივისცემად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან კარტერი თავადაც თანამედროვე ჯაზის ერთ-ერთი ყველაზე ვირტუოზი და ექსპერიმენტული საქსოფონისტია.

სწორედ ამიტომ პროექტის სახელწოდება “TRANE: A CENTENNIAL SUPREME” სიმბოლურია: სიტყვა “Trane” კოლტრეინის მეტსახელია, ხოლო “Centennial Supreme” აშკარად მიანიშნებს მის შედევრზე “A Love Supreme” და ამავდროულად აღნიშნავს მისი დაბადებიდან ასი წლის იუბილეს.

ამ პროექრში კარტერთან ერთად მონაწილეობდნე: სტივ ტურე – ტრომბონი (Steve Turre), ჯერარდ გიბსი – ფორტეპიანო (Gerard Gibbs), ჰილიარ გრინი – კონტრებასი (Hilliard Greene), ალექს უაიტი – დრამი (Alex White).

მეორე ნაწილში კი სცენა დაიკავა მარკუს მილერმა (Marcus Miller) პროექტით „We Want Miles!“ („ჩვენ გვინდა მაილსი!“).

მარკუს მილერი მარსიაკის ფესტივალის (Jazz in Marciac) ერთ-ერთი ყველაზე ხშირი და საყვარელი სტუმარია. იგი ფესტივალზე არაერთხელ გამოსულა და მისი კონცერტები თითქმის ყოველთვის გამორჩეული მოვლენაა. ბოლოს მარსიაკში ის 2022 წლელს გამოვიდა.

Marcus Miller – « We Want Miles ! »

წელს კი სპეციალურად მაილს დევისის (Miles davis) დაბადებიდან 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად ის ბრუნდება მარსიაკში სრულიად განსხვავებული პროგრამით „ჩვენ გვინდა მაილსი!“

ამ განსაკუთრებული შემთხვევისთვის გენიალურმა ბასისტმა, რომელიც მაილს დევისის თანამოაზრე და ჯგუფის წევრი იყო 1980-იანი წლების დასაწყისში, კვლავ შეკრიბა იმ ისტორიული შემადგენლობის მუსიკოსები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მაილს დევისის მოულოდნელ დაბრუნებაში 1981 წელს.

ბილ ევანსი (Bill Evans) – საქსოფონზე, მაიკ შტერნი (Mike Stern) – გიტარაზე და მინო სინელუ (Mino Cinelu)- პერკუსიაზე. მათ შეუერთდნენ ახალი თაობის მუსიკოსები რასელ განი (Russell Gunn) – საყვირზე, ბრეტ უილიამსი (Brett Williams) – კლავიშებზე და ანვარ მარშალი (Anwar Marshall) – დასარტყამ ინსტრუმენტებზე, რამაც პროექტს არა მხოლოდ ნოსტალგიური, არამედ თანამედროვე ჟღერადობაც მისცა. მათ მაილს დევისის მრავალფეროვანი შემოქმედება საკუთარი ხედვით თავიდან გააცოცხლეს და ახლებურად წარმოაჩინეს. ამიტომ, დღეს, როგორც არასდროს, შეგვიძლია ვთქვათ: „ჩვენ გვინდა მაილსი!“ და ვის შეუძლია ამის უკეთ განხორციელება, თუ არა მარკუს მილერს?

პროგრამა არ ყოფილა უბრალოდ ძველი ნაწარმოებების შესრულება. მილერის იდეა იყო მაილს დევისის მუსიკის ხელახლა გააზრება, სხვადასხვა პერიოდის კომპოზიციების გაერთიანება იმ ექსპერიმენტული სულისკვეთებით, რომელიც თავად მაილსს ახასიათებდა. თავად მარკუს მილერს უთქვამს, რომ მიზანი იყო არა წარსულის გამეორება, არამედ იმის წარმოდგენა, თუ სად წავიდოდა მაილსის მუსიკა დღეს.


)

პროექტში „ჩვენ გვინდა მაილსი!“ გაჟრერდა როგორც 1981 წელს იაპონიაში ჩაწერილი ლეგენდარული ცოცხალი კონცერტის ჩანაწერიდან შერჩეულ კომპოზიციები, ასევე მაილს დევისის კლასიკურ ნაწარმოებები1950-60-იანი წლების რეპერტუარიდან მის გვიანდელ პერიოდამდე.

ამით მარკუს მილერმა პატივი მიაგო მაილს დევისის მთელ მუსიკალურ მემკვიდრეობას, მუსიკოსს, რომელმაც თანამედროვე ჯაზის ისტორიაში გადამწყვეტი როლი ითამაშა და რომლის გავლენაც მუსიკაზე დღემდე ღრმად იგრძნობა.

სწორედ ამიტომ  მსმენელისთვის ეს არ ყოფილა ნოსტალგიური რიმეიქი, ეს იყო იმ ეპოქის ხელახალი გააზრება, იმ ადამიანების მიერ, რომლებმაც ის ისტორია თავად შექმნეს.

ორი კონცერტი, ორი დიდი თანამედროვე მუსიკოსი და ორი ჯაზის უკვდავი ლეგენდა, მარსიაკი ამ ზაფხულს კიდევ ერთხელ გადაიქცა ადგილად, სადაც ჯაზის ისტორია და აწმყო ერთ სცენაზე შეხვდა. ეს იყო არა მხოლოდ საიუბილეო აღნიშვნა, არამედ მუსიკალური დიალოგი ეპოქებს შორის, სადაც მაილს დევისისა და ჯონ კოლტრეინის მემკვიდრეობა ახალი ინტერპრეტაციებით განაგრძობს ცხოვრებას.

ავტორი: Gia Gogatishvili

JAZZ IN MARCIAC

გია გოგატიშვილის მასალებს გაეცნობით აქ

სრულად წაკითხვა