მაუწყებლობის შესახებ კანონში შემზღუდველი ცვლილებები ონლაინ მედიასაც შეეხება

3 hours ago 1

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შემზღუდველი ცვლილებები ონლაინ მედიასაც შეეხება, განაცხადა 17 მარტს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ. „ქართული ოცნების“ პარლამენტმა ცვლილებები პირველი მოსმენით 4 მარტს მიიღო.

გორდულაძემ განაცხადა, რომ „გამომდინარე იქიდან, რომ იხვეწება და ვითარდება ტექნოლოგიები და ინფორმაციის გავრცელების სხვადასხვა საშუალებებით ხდება ინფორმაციის გავრცელება, ამ ყველაფერზე საკანონმდებლო ცვლილებებიც უნდა არსებობდეს“.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ, წარმოდგენილ კანონპროექტში განიმარტება, თუ რა არის ინტერნეტ მომსახურება და ინტერნეტ მომსახურების ცნების განმარტებისას გამოყენებული იქნება დეფინიცია, რომლის მიხედვითაც, „ინტერნეტ მომსახურების მიმწოდებლის მიერ მასობრივი ინფორმაციის საქართველოს სახელმწიფო ენაზე ინტერნეტ საშუალების განკუთვნილ ინტერნეტდომეინის ანდა ინტერნეტჰოსტინგის საშუალებით, ასევე თავის აპლიკაციაში ან მესამე პირის ინფორმაციის გაზიარების პლატფორმაზე, მათ შორის, სოციალურ ქსელში, ინფორმაციის განთავსება – ეს იქნება ინტერნეტ მედია მომსახურების განმარტება“. მისივე თქმით, ინტერნეტ მედია მომსახურების მიმწოდებლად ჩაითვლება მაუწყებელი ან სხვა პირი, რომელიც მასობრივი ინფორმაციის საქართველოს სახელმწიფო ენაზე განსახორციელებლად ერთპიროვნულად ფლობს ან სხვასთან ერთად იყენებს ინტერნეტდომეინს და ინტერნეტჰოსტინგს.

საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც „ქართული ოცნების“ მტკიცებით, ბრიტანული კანონმდებლობის მოდელით არის შემუშავებული, მედიისთვის უცხოური დაფინანსების აკრძალვას და სამაუწყებლო კონტენტზე სახელმწიფო კონტროლის გაზრდას ისახავს მიზნად. ადგილობრივმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა გააფრთხილეს, რომ ცვლილებები გაანადგურებს საქართველოს კრიტიკულ მედიას და ჩაახშობს განსახვავებულ აზრს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა